ახალი ამბები

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა პროკურატურის რეფორმირებაზე იმუშავებს

18 დეკემბერი, 2014 • • 970
ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა პროკურატურის რეფორმირებაზე იმუშავებს

“კიდევ ერთი დანაპირები, რაც მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, იყო პროკურატურის რეფორმა. მე ამ საკითხზე უკვე მქონდა პირველადი განხილვები ქალბატონ თეასთან, ასევე, პროკურატურასთან, ზოგადად, მთავრობის წევრებთან მე მქონდა მსჯელობა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ პროკურატურის ორგანოები დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმად ჩამოყალიბდეს, გაძლიერდეს, მაგრამ ამავე დროს ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცებას საქართველოში. პროკურატურა არის სისხლის მართლმსაჯულებაში მონაწილე ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო და ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, მნიშვნელოვანი არის, რომ არ დარჩეს არც ერთი უწყება, რომელსაც არ შეეხება ჩვენი რეფორმატორული კურსი და რომელიც ჩვენი მმართველობის პირობებში არ გახდება უკეთესი, ვიდრე ახლა. საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობაც სწორედ ამას გულისხმობს, სწორედ ამისკენ მივისწრაფით ჩვენ ყველანი ერთად.

 

შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ როგორც ერთ-ერთ წინა სხდომაზე გავეცი დავალება უსაფრთხოების სამსახურებთან, რეფორმასთან დაკავშირებით, ასევე, მე მინდა დღეს გავცეთ ინსტრუქცია, რომ დაიწყოს პროკურატურის ორგანოების ინსტიტუციურ რეფორმაზე მსჯელობა და ეს მსჯელობა წარიმართოს თუნდაც ევროკავშირთან თანამშრომლობით დაფუძნებულ სისხლის სამართლის უწყებათაშორის საბჭოში, რომლის შემადგენლობაშიც წლის დასაწყისში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შევლენ ძალოვანი სამინისტროები, სტრუქტურები, პროკურატურა, ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა, საერთაშირისო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

მან თხოვნით მიმართა თეა წულუკიანს, რომ შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს აღნიშნულ რეფორმაზე და იმაზე, თუ რომელი მოდელს აირჩევს საქართველო: “ეს უნდა გვაჩვენოს მუშაობის პროცესმა, გამოიკვეთება სხვადასხვა აზრი და დღეს კონკრეტულ მოდელებზე საუბარი იქნებოდა ჯერ ნაადრევი. რაც მთავარია, უნდა ჩამოყალიბდეს ინსტიტუციურად დაბალანსებული მოდელი. საუბარია იმაზე, რომ პროკურორი კიდევ უფრო დამოუკიდებელი გახდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ანგარიშვალდებულების საკითხი იყოს მკაფიოდ განსაზღვრული”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ წინა მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს რეფორმირების დავალება გასცა იმ კუთხით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს უშიშროების სამსახურები. ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭომ დაიწყო შსს-დან უსაფრთხოეის სამსახურრების გამოყოფაზე მუშაობა. მისივე თქმით, იქნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული იქნება არსამთავრობო ორგანიზაციები, ქართველი და უცხოეული ექსპერტები და ყველა, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი