ახალი ამბები

ჟენევის დისკუსიებზე ქართული მხარის ძირითადი თემა კვლავ დევნილთა დაბრუნება იქნება

8 დეკემბერი, 2014 • • 1125
ჟენევის დისკუსიებზე ქართული მხარის ძირითადი თემა კვლავ დევნილთა დაბრუნება იქნება

დისკუსიებზე ჰუმანიტარული საკითხებზე მომუშავე – მეორე სამუშაო ჯგუფს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი უხელმძღვანელებს.


ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე ცენტრალურ საკითხად კვლავ დევნილთა დაბრუნების თემას განიხილავენ.


“ჯგუფის სხდომაზე ქართული მხარე ასევე დააყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის გალისა და ახალგორის რაიონებში ადამიანის უფლებების შელახვის, გადაადგილების თავისუფლების, უკანონო დაკავებების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლეობის შეზღუდვის და შექმნილი კრიმინალურ მდგომარეობის საკითხებს.


ქართული მხარე ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დააყენებს ახალგორის გაზმომარაგების პრობლემას. მეორე სამუშაო ჯგუფში ქართული დელეგაციის წევრები, ასევე, გეგმავენ კულტურული მემკვიდრეობის საკითხების განხილვას. დისკუსიების 28-ე რაუნდზე დადგება რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის 24 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საკითხიც, რომელსაც ქართული მხარე ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. ქართული დელეგაცია მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს,”- წერია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატის განცხადებაში.


რაც შეეხება აფხაზეთის მხარეს, როგორც აფხაზეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, სოხუმი ჟენევის დისკუსიებზე სხვა საკითხებთან ერთად ევროკავშირის ქვეყნების მიერ აფხაზეთის მოსახლეობისთვის დისკრიმინაციულ სავიზო პოლიტიკაზე ისაუბრებს.


მასალების გადაბეჭდვის წესი