კომენტარი

ორმაგი სიმრუდე

8 დეკემბერი, 2014 • 3081
ორმაგი სიმრუდე

 ყველა იცნობს შუხოვის ლითონის ჰიპერბოლურ ანძას, 1958 წლის იანის ქსენაკისის და ლე კორბუზიეს პროექტით აშენებულ განთქმულ ფილიპსის პავილიონს, ფელიქს კანდელას ჰიპერბოლური პარაბოლოიდებისგან შემდგარ ულამაზეს შენობებს, ეერო საარნინენის ჯ.ფ.კენედის აეროპორტს, ბაკმინსტერ ფულერის გეოდეზიურ გუმბათებს, იორნ უცონის სიდნეის ოპერის თეატრს, ცნობილი შვეიცარელი ინჟინრის ჰაინც იზლერის კონსტრუქციებს, ელადიო დიესტეს ავტობუსის გაჩერებებს, აღმოსავლეთ გერმანელი ინჟინრის ულრიხ მიუთერის ზღვისპირა პავილიონებს და ბევრ სხვა სახელგანთქმულ შენობას. 

ფანტაზია
ფანტაზია

 

ყველა ეს შენობა ერთი დიდი კონსტრუქციული „ოჯახის“ წევრია, რომელშიც ასევე ჩვენთვის საამაყო მეტრო ისანი (ავტორები გ.მოძმანაშვილი და ნ. ლომსაძე, 1971 წ.)  და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განაწილებული პავილიონების მთელი სერია შედის. გარსული გადახურვის თავისებურება იმაში გამოიხატება, რომ მისი სისქე მის სხვა განზომილებებთან შედარებით უმნიშვნელო სიდიდეს წარმოადგენს და ამიტომ არის შესაძლებელი საოცრად ელეგანტური, თხელკანიანი, რთული ფორმის კონსტრუქციების მშენებლობა. საქართველოში ასეთი კონსტრუქციების არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენთანაც იგივე დროს, იგივე პროცესებს ჰქონდა ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ რკინის ფარდის უკან ვცხოვრობდით.  

 

 

 

ჩვენი პავილიონების ავტორი, არქიტექტორი გიორგი ჩახავა იყო, მხატვრული გაფორმება კი ზურაბ ლეჟავას, ზურაბ კაპანაძეს და ნოდარ მალაზონიას ეკუთვნოდა. სამწუხაროდ, დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ბევრი პავილიონი დანგრეულია და ჩვენთვის უცნობია, რამდენი მათგანი გადაურჩა დროს. აჭარაშიც დაანგრიეს რამდენიმე და ამიტომაც არის, რომ ბათუმის ბულვარზე შემორჩენილი კაფე „ფანტაზია“ უკვე იშვიათ ეგზემპლარს წარმოადგენს, რომელიც აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. ამისათვის ბევრი მიზეზი არსებობს. 

 

 

 

გიორგი ჩახავა, როგორც არქიტექტორი და კონსტრუქტორი, მეოცე საუკუნის ქართული მშენებლობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამორჩეული წარმომადგენელია. მისი და ზურაბ ჯალაღანიას საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტრო (ახლა საქართველოს ბანკი) სწორედ ის იშვიათი შენობაა საქართველოდან, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს. ესე იგი, ბათუმის კაფე „ფანტაზია“ მსოფლიოში განთქმული თითქმის ერთადერთი ქართველი არქიტექტორის აშენებულია. კაფე „ფანტაზია“ მისი და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ერთობლივი ნამუშევარია. აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთი ტიპის შენობები ყველგან მსოფლიოში წმინდა საინჟნრო- არქიტექტურული კონსტრუქციებია ყოველგვარი მხატვრული გაფორმების გარეშე, ჩვენი მოზაიკიანი პავილიონები კი დღევანდელი გადასახედიდან უნიკალურ ისტორიულ საბუთს წარმოადგენენ, თუ გაგვახსენდება, თუ როგორი დატვირთვა ჰქონდა გვიანი საბჭოთა პერიოდის დროს არქიტექტურის მხატვრულ გაფორმებას. 

 

 

 

ჩვენი თხოვნა იქნება, ბათუმის მერიის წარმომადგენლები ნუ იტყვიან, რომ მათ ძალა შესწევთ, ეს შენობა დაანგრიონ და ახალი, ზუსტად ასეთი ააშენონ, იმიტომ, რომ არც თვითონ ისინი და არც მათი დაქირავებული მშენებლები არ არიან არც გიორგი ჩახავა და არც ზურაბ კაპანაძე. ორივე ავტორი, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის და მათ ვერავინ შეცვლის. 

 

ჩვენი თხოვნა იქნება, რომ ბათუმის და აჭარის მთავრობა კარგად დააკვირდეს და გააცნობიეროს, რის დანგრევას აპირებს და, რაც მთავარია, რა მიზნით. ვთხოვთ ქალაქ ბათუმს, კვალიფიციურ, დამოუკიდებელ ინჟინერს შეაფასებინონ ნაგებობის არსებული მდგომარეობა და დაუკვეთონ რესტავრაციის პროექტი. ამ კონსტრუქციის რესტავრაცია შესაძლებელია. არ არის აუცილებელი რესტავრირებული ადგილების ისევ მოზაიკით დაფარვა. გამოჩნდეს ძველ და ახალ გარესტავრირებულ მონაკვეთებს შორის განსხვავება, ეს ყოველთვის საიამაყის მომგვრელი იქნება მათთვის, ვინც ამ კონსტრუქციის გადარჩენაში მიიღებს მონაწილეობას.

 

 

 

ჩახავას პავილიონის მშენებლობა, აფხაზეთი და ფელიქს კანდელასჰიპერბოლური მშენებლობა, მექსიკა
ჩახავას პავილიონის მშენებლობა, აფხაზეთი და ფელიქს კანდელასჰიპერბოლური მშენებლობა, მექსიკა

 

ჩვენი თხოვნა იქნება ინვესტორის მიმართ, ისეთი პროექტი დაუკვეთოს თავის არჩეულ არქიტექტორებს, რომელიც ამ ნაგებობის შენარჩუნებას გაითვალისწინებს. პროფესიონალური თვალისთვის წარმოუდგენელია ამ ადგილას საცურაო აუზებისა და კაფეების დაგეგმარება ისე, რომ „ფანტაზიისთვის“ ადგილი ვერ გამოიძებნოს ან მისი საერთო კომპოზიციაში ჩართვა ვერ მოხერხდეს. 

ჩვენი თხოვნა იქნება, ინვესტორის გეგმები მოერგოს არსებულ სინამდვილეს, რომლის განუყოფელ ნაწილს კაფე „ფანტაზია“ წარმოადგენს. თუ შეიძლება, ნუ მოითხოვს ის, რომ მის გეგმებს მოერგოს ბათუმის ბულვარი, ქალაქი ბათუმი, აჭარა და მთელი დანარჩენი საქართველო.

 

ბათუმის მთავრობა კი დაგვეთანხმოს იმაში, რომ ერთი ინვესტორის ინტერესები ქვეყნის სამშენებლო კულტურის თუნდაც ასეთი პატარა და ჭრელი, მხიარული და უცნაური, მაგრამ უნიკალური ნიმუშის ხარჯზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. 

 

სიდნეის ოპერის თეატრს „აფერადებენ“  სურათების პროექციით; პალასტიურ ფორმებს უხდება სიჭრელე, კაფე „ფანტაზია“
სიდნეის ოპერის თეატრს „აფერადებენ“ სურათების პროექციით; პალასტიურ ფორმებს უხდება სიჭრელე, კაფე „ფანტაზია“

 

ქალაქმა პრინციპული პოზიცია უნდა დაიკავოს მემკვიდრეობის დასაცავად ნებისმიერ შემთხვევაში – არა აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა ის კულტურული მემკვდრეობის ძეგლთა სიაში. ის, რაც ბათუმმა უკვე დაკარგა კულტურის მემკვიდრეობის სახით, საკმარისზე მეტია ერთი პატარა ქალაქისათვის.

 

ჩვენი რჩევა იქნებოდა – გარესტავრირებული და ახალ გეგმაში ინტეგრირებული „ფანტაზიის“ წინ დაიდგას და საზეიმოდ გაიხსნას დაფა, რომელზედაც ეწერება – ამ შენობის ავტორი ის კაცია, რომელმაც საავტომობილო გზების სამინისტრო ააშენა და იქვე პატარა სურათი.

 

გადაარჩინეთ და გამოიყენეთ თქვენივე რეკლამისთვის – 

არ ინანებთ!

 

ფანტაზიის გარეშე ვერ გავფრინდებით!

 

მასალების გადაბეჭდვის წესი