კომენტარი

მალხაზ სონღულაშვილი მოხეს მეჩეთის მოვლენებზე: ეს დამღუპველია!

23 ოქტომბერი, 2014 • 1016
მალხაზ სონღულაშვილი მოხეს მეჩეთის მოვლენებზე: ეს დამღუპველია!

მოხეს ამბით გრძელდება ჩვენს ქვეყანაში მუსლიმთა უფლებების დარღვევა. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ჩვენს მუსლიმ დებსა და ძმებს ამცირებენ, მათ სიწმიდეებს ხელყოფენ და მათ მიმართ რელიგიურ შუღლს აღვივებენ.

 

თავზარდამცემი ის არის, რომ ყოველივე ამას ისინი აკეთებენ, ვისაც ჩვენს ქვეყანაზე და მისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ავალია ზრუნვა და ამაში ჯამაგირებს იღებენ!

 

ჩემთვის პატივია პირადად ვიცნობდე სამცხე ჯავახეთის მუფტს, მამუკა ვაშაყმაძეს და ჭელის მეჩეთის წინამძღოლს, ჯამბულ აბულაძეს. ისინი არიან შესანიშნავი ადამიანები, რომელთაც კარგად ესმით ღმერთისა და მოყვასის სიყვარულის მნიშვნელობა. გული ტკივილით მეკუმშება, როცა მესმის, როგორ უსულგულობას იჩენენ მათ მიმართ ისინი, ვინც, წესით, მათ რჩევასა და მოთხოვნას ყურს უნდა უგდებდნენ. ჩვენ გაგვიმართლა, რომ როგორც ეს ადამიანები, ისე მთელი მათი მრევვლი ამდენი ხანია მოთმინებით ელის, როდის აგვეხილება დავსილი თვალები და დავინახავთ, რომ ჩვენი მუსლიმი თემის საქართველოსთვის საფრთხე კი არ არის, არამედ საგანძური, რომელსაც ვერ ვაფასებთ და ვერ ვუფრთხილდებით.

 

რატომ არ ვაძლევთ ჩვენს მუსლიმებს უფლებას, რომ თავიანთი სიწმინდეები დაიბრუნონ? უმრავლესობის რელიგიას ასე მოვექცეოდით? ასე აბუჩად აიგდებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები უმრავლესობის რელიგიის წარმომადგენლებს?

 

ჩვენს ქვეყანაში, ჩვენივე სიბრიყვით, უკვე კარგა ხანია ვამკვიდრებთ უმცირესობის და სუსტის ჩაგვრის კულტურას: ხან ოსები დავჩაგრეთ, ხან აზერბაიჯანელები, ხან იეღოველები, ხან სხვა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები… სუსტის დევნა პირველ რიგში ძლიერს ანადგურებს და ადამიანობისგან ძარცვავს.

 

ჩვენს მიერ არჩეულ ხელისუფლებას მივმართავ, რომ ხელი აიღოს მოხეს მეჩეთის  განადგურების გეგმაზე (კორექტულობისთვის დემონტაჟს რომ ეძახიან) და გაათავისუფლოს ის ადამიანები, ვინც თავიანთი რელიგიური სიწმიდეების დაცვის გამო ყავს დაპატიმრებული.

 

ჩემს მუსლიმ დებსა და ძმებს კი ვთხოვ, გვაპატიონ ის უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ  მათ წინააღმდეგ.  ვთხოვ ჩემს ძმებს ,მამუკა ვაშაყმაძესა და ჯამბულ აბულაძეს, ასევე მათ შესანიშნავ მრევლს, მე მაპატიონ, ყოველივე ის დამცირება და შეურცხყოფა, რასაც ისინი განიცდიან ახლა. მინდა დავიჯერო, რომ ამ ქვეყანაში სამართალი ოდესმე შეჭამს პურს.

 

მალხაზ სონღულაშვილი
მალხაზ სონღულაშვილი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი