კომენტარი

მალხაზ სონღულაშვილი: ქალების მიმართ ძალადობა უნდა შეწყდეს

20 ოქტომბერი, 2014 • 2400
მალხაზ სონღულაშვილი: ქალების მიმართ ძალადობა უნდა შეწყდეს

საზოგადოების ევოლუციამ, განმანათლებლობისა და რაციონალიზმის ხანამ, XIX – XX საუკუნეების ისტორიულმა პროცესებმა იქამდე მიიყვანეს ჩვენი ცივილიზაცია, რომ სუსტზე მზრუნველობა და დაჩაგრულის გამოსარჩლება საყოველთაო ადამიანურ სათნოებად აქცია.

 

სადღეისოდ ნორმალური ცივილიზებული საზოგადოების სიჯანსაღის საზომი ის არის, თუ როგორ ექცევა იგი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად წარმომადგენლებს. შესაბამისად, ჩამოყალიბდა პარადიგმა, რომლის მიხედვითაც ძლიერი ის კი არ არის, ვინც სუსტს ჩაგრავს, არამედ ის, ვინც სუსტს ესარჩლება და ზრუნავს მასზე. ცხადია, ეს უზარმაზარი გამარჯვებაა ნეანდერტალურ იმპულსებზე, რომლის მიხედვითაც ძლიერი სუსტს ჩაგრავს.

 

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ჩვენს ერს შესაძლებლობა მოგვეცა, რომ აგვეშენებინა თვისობრივად განსხვავებული საზოგადოება. სამწუხაროდ, რელიგიურმა ეთნონაციონაიზმმა ხელიდან გამოგვგლიჯა ეს შესაძლებლობა.

 

ჯერ ოსებს დავერიეთ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მერე აზერბაიჯანელბს. დღესაც თვალიდან არ გადამდის 90-იანი წლებში ნანახი სოფლები, საიდანაც ეთნიკურად არაქართველები გაასახლეს. აპოკალიპტური სანახავი იყო საცოდავად მიტოვებული სოფლები, რომლებშიც კატები და ძაღლებიღა იყვენ დარჩენილი. მაშინ უმეტესობა ჩუმად ვიყავით, რადგან გულის სიღრმეში თანავურძნობდით უსამართლობას.

 

მოგვიანებით დაიწყო რელიგიური უმცირესობების დევნა, ჯერ იეღოველებს დავერიეთ და რაკი მათ სარწმუნოებას ჩვენთვის გაუმართლებლად ვთვლიდით, რა აღარ დავაბრალეთ  და რა არ დავმართეთ. მერე ბაპტისტების, ევანგელისტების ჯერი მოდგა, მათაც დავუწვით ბიბლიები, სახარებები; დავურბიეთ და დავუწვით სალოცავები. მაშინაც უმეტესობა ჩუმად ვიყავით და სუსტის გამოსარჩლებაზე თავს არ ვიწუხებდით.

 

მერე ესეც არ ვიკმარეთ, ახლა სომხები და კათოლიკეები დავჩაგრეთ იმით, რომ მათი კუთვნილი სალოცავები ან მივითვისეთ, ანდა, სომხების შემთხვევაში, ისეთ დღეში დავტოვეთ, რომ ერთმანეთის მიყოლებით მარტო თბილისში ჩვენ თვალწინ სამი ტაძარი ჩამოინგრა უპატრონობით. არც ამ შემთხვევაში არ გამოვიჩინეთ გულისხმიერება, ჩუმად ყოფნა ვამჯობინეთ.

 

თანდათანობით, რაკი სუსტის ჩაგვრაში გავიწაფეთ, ახლა ქართველ მუსლიმებზე გავიწიეთ. დავამცირეთ – ვაიძულეთ, რომ სოციალური და პოლიტიკური პრომოციის მიზნით ბევრ მათგანს შეეცვალა თავისი სარწმუნოება; სიწმიდეები შევულახეთ – მინარეთი მოვუჭერით ჭელაში, ვცადეთ ლოცვა აგვეკრძალა მათთვის ნიგვზიანში, სამთაწყაროში, წინწყაროში; ღორის თავი ავუჭედეთ დაწესებულების კარზე, სადაც ქართველ მუსლიმ ბავშვს  ღმერთისა და მოყვასის სიყვარული უნდა ესწავლა! ჩვენ ვდევნით ჩვენს ღვიძლ დებსა და ძმებს, აჭარლებს, იმის გამო, ღმერთი უყვართ და სურთ მას ემსახურონ. არადა ჩვენი და მათი ღმერთი ერთია. საერთოდაც, ღმერთი ერთის მეტი არ არის. ბოლოს, ამ ორი დღის წინათ მოხისში ჩვენი საწყალი და უსამართლოდ ჩაგრული მესხების ნაამაგარი მეჩეთის გასანადგურებლად აღვმართეთ ხელი. ახლაც ჩუმად ვართ უმეტესობა. ეტყობა, რაღაცნაირად გვესაბუნება კიდეც, როცა მუსლიმების დევნის ამბავი გვესმის და მშვიდად ვუყურებთ ამას.

 

თანდათანობით სუსტის დევნაში ისე გავიწაფეთ, ჩვენს შორისვე დევერიეთ სექსუალურ უმცირესობას. 17 მაისი აპოგეა იყო ნამდვილი მოწყვლადი ადამიანის დევნის საქმეში. მთელ მსოფლიოში გავითქვით ამით სახელი. მაშინაც ჩუმად ყოფნა ვამჯობინეთ უმრავლესობამ. მაშინაც გულით მოძალადის მხარეზე დევდექით და მოვიწონეთ მისი საქციელი.

 

ახლა, როგორც ჩანს, ჯერი ქალებზე მიდგა. ახლა რას ვიზამთ? რა თქმა უნდა, ქალები უმცირესობაში არ არიან რიცხობრივად, სამაგიეროდ მათ “სუსტი სქესის” წარმომადგენლებად მივიჩნევთ და გვგონია, რომ მათზე ძალადობა გაგვივა. ჩვენთის მთავარია ძლიერს არ დავუპირისპირდეთ, თორემ სუსტის ჩაგვრაზე უარს როგორ ვიტყვით! ჩვენ აქ ერთ რამე მწარედ გვეშლება: ქალი არ არის სუსტი. ჩვენი ქალების მხრებზე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა. მათი შრომა და ჯაფა ასაზრდოებს ურიცხვ ადამიანს. მათი ინტელექტუალური და შემოქმედებითი ძალა ამყარებს და აწონასწორებს ჩვენი საზოგადოებრივ ცხოვრებას.

 

მიუხედავად ამისა,“ქმარმა ცოლი მოკლა,” გვესმის და ვფიქრობთ, “ქალის ბრალი იქნებოდა!” ანდა “კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამს.” ასეთი  დამოკიდებულება ჩვენი აზროვნების სიმახინჯეზე მეტყველებს. აზროვნების სიკეთე კი ის არის, რომ მისი შეცვლა შესაძლებელია, ვიდრე ადამიანი ცოცხალია. რელიგიურ ენაზე ამას მონანიება ქვია (ბერძნ. ‘მეტანოია’ ანუ ‘აზრის შეცვლა’). ჩვენ გვჭირდება აზრის შეცვლა ბევრ რამეზე, მაგრამ განსაკუთრებით იმათზე, ვინც ჩვენთან შედარებით სუსტია, იმათზე, ვინც ჩვენგან განსხვავებულია ეთნიკურად, რასობრივად, ლინგვისტურად, რელიგიურად, გენდერულად და სხვა მხრივ.

 

ვინ იცის, იქნებ ახლა მაინც გატყდეს ნავსი და დავინახოთ, რომ ქალებზე და იმათზე ძალადობა, ვინც მოწყვლადია, ათახსირებს და გულაღმა სცემს ნებისმიერ საზოგადოებას. იქნება ახლა მაინც დავინახოთ, რომ ჩვენ ყველანი თანასწორებადა ვართ შექმნილი და ერთმანეთის პატივისცემა და მოფრთხილება გვმართებს. ჩვენ სხვადასხვანაირად ვფიქრობთ, სხვადასხვანარად ვიქცევით სხვადასხვა სიტუაცეიბში და ეს დანაშაული არ არის. ჩვენ გვეშლება, შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ჩვენ ხელვყოთ ვინმეს სიცოცხლე.

 

დრო მოვიდა, რომ ყველანი გამოვესარჩლოთ ძალადობს მსხვერპლ ქალებს: ჩვენს ეკლესიებში, მეჩეთებში, სინაგოგებში, ისევე, როგორც საერო დაწესებულებებში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც არა აქვს მნიშვნელობა შენ რელიგიური ხარ თუ არარელიგიური. აქ საქმე ადამიანის ღირსებას ეხება. ქალების მიმართ ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი
მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი