ხელოვნება

სამხატვრო აკადემიის PR: ყველას ეკლესიაში უნდოდა წასვლა და არჩევნები 9:00 სთ-ზე ჩატარდა

14 ოქტომბერი, 2014 • 1790
სამხატვრო აკადემიის PR: ყველას ეკლესიაში უნდოდა წასვლა და არჩევნები 9:00 სთ-ზე ჩატარდა

როგორც “ნეტგაზეთს” სამხატვრო აკადემიის პრესსამსახურში განუცხადეს, არჩევნები დღეს, დილის 9 საათზე მშვიდ ვითარებაში ჩატარდა:

 

“9 საათზე ჩატარდა სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნები იმიტომ, რომ დღეს სვეტიცხოვლობაა და ყველას ეკლესიაში წასვლა უნდოდა,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” სამხატვრო აკადემიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია პავლიაშვილმა.

 

ამ დროისთვის აკადემიასთან სტუდენტები არიან შეკრებილი, რომლებიც რექტორის არჩევის წესს აპროტესტებენ. მათი თქმით, არჩევნები დღეს, 11:00 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა მოულოდნელად 9:00 საათზე გაიმართა.

 

სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნების გასაპროტესტებლად სექტემბერსა და ოქტომბერში აკადემიის სტუდენტთა ნაწილმა კულტურის სამინისტროს წინ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა. ისინი კულტურის მინისტრის ბრაძანებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც სამხატვრო აკადემიის რექტორის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის აკადემიური თანამდებობა უკავია. სტუდენტები ამბობდნენ, რომ ამ ბრძანებით მცირდება იმ ადამიანების წრე, ვისაც რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია, რაც მათ არადემოკრატიულ პროცესად მიაჩნიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი