ახალი ამბები

დეპუტატის მიერ პრემიის აღება შესაძლოა საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს

29 ივლისი, 2014 • • 994
დეპუტატის მიერ პრემიის აღება შესაძლოა საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს

თინა ხიდაშელის ინიციატივა  “საჯარო სამსახურის შესახებ”, ასევე “საქართველოს პარლამენტის წევრის შესახებ” კანონში და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. 

 

კანონპროექტის თანახმად, დგინდება ნუსხა იმ სახელმწიფოებრივ–პოლიტიკური და სხვა თანამდებობების პირების, ვისთვისაც იკრძალება პრემიის მიღება. ამასთანავე, წესრიგდება სხვა მოხელეებისთვისაც გასაცემი პრემიების ზღვრული ოდენობა და ჯერადობა.  გარდა ამისა, დგინდება საჯარო მოხელეებისთვის ფულადი ჯილდოს ფარგლები.

 

ცვლილებების მიხედვით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 37–ე მუხლს ემატება ახალი პუნქტი,  რომლის თანახმად აკრძალულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის, ან ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებებიდან პრემიის, ფულადი ჯილდოს, ან სხვა ანაზღაურების მიღება ამ კანონის პირველი მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული, საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით გათვალისწინებული სახელმწიფო–პოლიტიკური თანამდებობების პირების მიერ, აგრეთვე აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების წევრების, თვითმმართველი ქალაქების მერების, გამგებლების, გუბერნატორების მიერ, საქართველოს კონსტიტუციის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციის შესაბამისად არჩეული, დანიშნული, ან დამტკიცებული თანამდებობის პირების მიერ. ამ პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირების ხელფასი განისაზღვრება ამ კანონის 37–ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, პრემიის გარეშე.

 

მოქმედი კანონის, 37–ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს  მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

 

ცვლილებები შედის 37–ე მუხლის მეორე პუნქტშიც. კერძოდ, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეზე, ზემოთ აღნიშნული ცვლილებებით გათვალისწინებული პირების გარდა, ზეგანაკვეთური მუშაობის, სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, არასამუშაო საათებში დიდი მოცულობის დავალების შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, ან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისთვის კვარტალში ერთხელ გასცეს პრემია პრემირებაზე წარმდგენი პირის მიერ სათანადო წერილობითი დასაბუთების საფუძველზე. მოხელის მიერ ერთჯერადად მიღებული პრემია არ უნდა აღემატებოდეს მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ორმაგ ოდენობას.

 

გარდა ამისა, კანონპროექტი შეეხება ერთდროული ფულადი ჯილდოს საკითხს. კერძოდ, წახალისების ეს ფორმა გამოიყენება კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ და მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოხელის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ორმაგ ოდენობას.

 

კანონპროექტი სახაზინო(საბიუჯეტო) დაწესებულებებს ავალდებულებს 2014 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის მიღება ამ კანონპროექტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

“პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის ხელფასი მოიცავს მხოლოდ კანონით დადგენილ თანამდებობრივ სარგოს, ასევე პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხას  და კანონით განსაზღვრულ დანამატებს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს პარლამენტის წევრის მიერ პრემიის აღების შესაძლებლობას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი