ახალი ამბები

ჭიკაიძე ბარბარე რაფალიანცის საქმეზე კითხვას არ პასუხობს

25 ივლისი, 2014 • • 944
ჭიკაიძე ბარბარე რაფალიანცის საქმეზე კითხვას არ პასუხობს

“ვერ გაგიშვებთ აქედან ისე, რომ არ გკითხოთ გახმაურებულ საქმეებზე. მე არ მინდა ქვეყანაში ბარბარე რაფალიანცის საქმე იყოს გაუხსნელი, შესაძლოა რთული საქმეა, მაგრამ უნდა გაიხსნას, იმიტომ რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია საქმის გახსნა, არ შეიძლება ბავშვებს ქვევრებში ახრჩობდნენ და მერე ჩვენ ვერ ვარკვევდეთ სად, როგორ და რატომ მოხდა ასეთი დანაშაული,” – მიმართა ჭიკაიძეს მიროტაძემ.

 

მიროტაძის შემდეგ კითხვა ჭიკაიძეს ათამდე დეპუტატმა დაუსვა. მინისტრმა ყველა მათგანს უპასუხა, მაგრამ ბარბარე რაფალიანცზე კითხვა უპასუხოდ დატოვა. როგორც მიროტაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, 6 საათზე, როცა მთავრობის განახლებული შემადგენლობა საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდება, ის ჭიკაიძეს ამ თემას შეახსენებს:

 

“არ უპასუხია კითხვაზე, დრო აღარ იყო რომ განმეორებით მეკითხა, რადგან უმცირესობასთან იწყებოდა შეხვედრა, თუმცა მე ამ კითხვას აუცილებლად შევახსენებ.”

 

10 თვის ბარბარე რაფალიანცი ოჯახის წევრებმა 2012 წლის 30 სექტემბერს იპოვეს ქვევრში დამხრჩვალი. იმავე ღამით გურჯაანის მაშინდელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა მისი ოპონენტი, გურჯანიის ამჟამინდელი მაჟორიტარი “ნაციონალებიდან” გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა ბავშვის პოლიტიკური ნიშნით მკვლელობაში, რაც მაშინვე უარყო ღვინიაშვილმა.

 

შსს-ს ამ დრომდე არ გამოუძიებია 10 თვის ჩვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საქმე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი