ახალი ამბები

ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის დეტალებს თვითმხილველი აღწერს

31 მარტი, 2014 • • 1015
ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის დეტალებს თვითმხილველი აღწერს

“ღამის სამი საათიდან ოთხის ნახევრამდე იქნებოდა. ახალი დაწოლილი ვიყავი და ოდნავ ჩათვლემილი… მეგონა, მესიზმრებოდა – კაცის ხრიალი, მოგუდული ხმით ყვირილი – “მიშველეთ” და გინების, ფურთხებისა და კიდევ რაღაც ხელსაწყოების ხმა. არ მახსოვს, რამდენ ხანს მეგონა სიზმარი. როცა მივხდი, რომ ეს ხმები ეზოდან ისმოდა და ვიღაცას კლავდნენ, ფანჯრისკენ გავიქეცი. კორპუსის წინ მდგარ მანქანაში ვიღაცას ტენიდნენ ან, პირიქით, მანქანიდან გადმოთრევას ცდილობდნენ. ალბათ, პირველი, რადგან ის უძალიანდებოდა, როგორც შეეძლო. პირზე ხელს აფარებდნენ და სახეში ურტყამდნენ. ხელებში რაღაც ელექტროხელსაწყოები ეჭირათ, რომლებიც ცისფრად ანათებდნენ და რაღაც ხმებს გამოსცემდნენ. ყველას შავი ტანსაცმელი ეცვა და სახეებზეც ასეთი ქსოვილები ჰქონდათ აფარებული. ყვირილის გარდა რა შემეძლო. “ახლავე გაუშვით ხელი…, ახლავე! თორემ პოლიციაში დავრეკავ!” – ავყვირდი. რამდენიმე მანქანაში ჩაჯდა. ყვირილი გავაგრძელე და, რადგან სამზარეულოს ფანჯრასთან ვიყავი, იქვე მდგარი კარტოფილის პარკიდან დიდი კარტოფილებიც ამოვიღე, რომ, თუ არ გაუშვებდნენ, მანქანისთვის დამეყარა. მაგრამ ნელ-ნელა გაუშვეს.


ჩემს ყვირილზე სხვა ფანჯრებშიც აანთეს შუქი და სხვებიც ახმაურდნენ. მანქანა ჯერ ნელა წავიდა… ნაცემი მიწიდან წამოდგა და ფანჯრისკენ ამოიხედა: ნუგზარ წიკლაური ვარ! დარეკეთ პოილიციაში… მანქანა სწრაფად გავიდა ეზოდან. “ბატონო ნუგზარ, სახლში ადით!” – გადავძახე და ეზოში ჩასვლაც ვცადე, მაგრამ დედაჩემი აყვირდა… მეტი არაფერი ვიცი. მთელი ღამე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები იდგნენ კორპუსის წინ. პოლიციაშიც, ალბათ, თავად ნაცემმა წიკლაურმა დარეკა. თვითონ თუ აქვს, ალბათ, ისევ ილუზია მხსნელი პოლიციის შესახებ”, – წერს ლია ტოკლიკიშვილი.


შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრს, ნუგზარ წიკლაურს 31 მარტს, გამთენიისას, 3:00 საათზე დაესხნენ თავს და სცემეს. მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი