ახალი ამბები

უსუფაშვილი: ჩვენს პოლიტიკურ კურსში ეჭვს გამოუსწორებელი სკეპტიკოსიც კი ვერ შეიტანს

7 ოქტომბერი, 2013 • 1475
უსუფაშვილი: ჩვენს პოლიტიკურ კურსში ეჭვს გამოუსწორებელი სკეპტიკოსიც კი ვერ შეიტანს

კონფერენციაზე განსახილველ საკითხთა შორის არის საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონებთან შესაბამისობა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის  შესახებ, ასევე, ასოცირების ხელშეკრულება და პარლამენტის როლი ევროკავშირთან დაახლოების საკითხებში.

 

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და ლიტვის რესპუბლიკის სეიმის სპიკერმა ლორეტა დრაუჟიმიენეს გახსნეს.

 

“ვილნიუსის სამიტი, რომელიც მალე შედგება, ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა, რისთვისაც ემზადება საქართველო- როგორც ხელისუფლება, ასევე, საზოგადოება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროინტეგრაციისადმი ქართველი ხალხის ურყევი და მკაფიო მხარდაჭერა არსებობს, რაც დასტურდება ბოლო კვლევებითაც. უკვე ორი ათწლეულია ამას საქართველოს მოსახლეობის 80%–მდე უჭერს მხარს. სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება არ და ვერ ცვლის ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებას. ამ მიმართლებით მნიშვნელოვანი იყო ის პროცესი, რომელიც დაიწყო 2009 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სახით, რომელმაც კიდევ უფრო გააღრმავა ევროპასთან ურთიერთობა და ჩვენ ვილნიუსიდან ამ პროცესში სერიოზულ წინსვლას ველით”, – განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში და მანამდეც, საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში ბევრი კითხვა ისმებოდა იმის შესახებ, თუ რა მოხდებოდა ქვეყნის ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ხომ არ გამოიწვევდა ეს პროცესი პოლიტიკური კურსის შეცვლასაც. მისივე თქმით, დღეს, ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მსლფიოში არ დარჩა ყველაზე გამოუსწორებელი სკეპტიკოსიც კი, რომელიც ახალი ხელისუფლების არჩევანში ეჭვს შეიტანს:

“ჩვენ გვინდა მეტი დემოკრატია, მეტი განვითარება და არ ვთვლით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებამ რაიმე მიზეზის გამო უნდა მოიცადოს, როგორც ამას უწინ თვლიდნენ. სწორედ დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოა ერთადერთი შესაძლო საქართველო, რომელსაც ევროპა ბოლომდე გაუღებს კარს. გვინდა დავეყრდნოთ იმ მიღწევებს, რაც წინა ხელისუფლების პირობებში ჰქონდა ჩვენს ქვეყანას და მივიღოთ კონკრეტული შედეგები. დღევანდელი კონფერენცია სწორედ ამ საკითხს ეხება, ვინაიდან პარლამენტი თავის გაზრდილ და მნიშვნელოვან როლს აცნობიერებს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი