ახალი ამბები

აქცია ID ბარათის ალტერნატივის მოთხოვნით [ფოტო/ვიდეო]

29 სექტემბერი, 2013 • • 5284
აქცია ID ბარათის ალტერნატივის მოთხოვნით [ფოტო/ვიდეო]

აქციის ორგანიზატორი “მართლმადიდებელთა კრებულია”, რომლის ხელმძღვანელმა ზაზა ნანობაშვილმა  ID ბარათების აკრძალვის მოთხოვნით აქცია იუსტიციის სამინისტროსთან 20 აპრილსაც გამართა. 

 

ნანობაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს და ბარათის აღება ნებაყოფლობითი არ იქნება, აქციები მასშტაბურ სახეს მიიღებს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება. დღესვე აქციის მონაწილეები აგროვებდნენ ხელმოწერებს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის და საპატრიარქოს სახელზე შეიტანენ. 

 

აქციის მონაწილეემა მიმართვის ტექსტიც შეიმუშავეს იუსტიციის მინისტრის,  თეა წულუკიანის სახელზე.  დღევანდელ აქციაზე იყვნენ სასულიერო პირებიც.  

 

აქციის მონაწილეები  ID ბარათებს ორი მიზეზით აპროტესტებენ: აცხადებენ, რომ  ID ბარათები ინსტრუმენტია გლობალური მმართველობისათვის, მონაწილეები ასევე მიიჩნევენ, რომ  ID ბარათში ეშმაკის ნიშანია. აქციაზე იყო ტრანსპარანტებიც, მაგალითად, ” ID ბარათის აღებას სივდილი მირჩევნია”

 

ID ბარათების ალტერნატივის მოთხოვნით აქცია 20 აპრილს იუსტიციის სამინისტროსთან გაიმართა,  20 აპრილსვე იუსტიციის სამინისტროს Youtube-ის  ოფიციალურ არხზე აიტვირთა ვიდეო, რომელიც თითქმის 6 წუთს გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში მაყურებელს უხსნიან, რას წარმოადგენს ID ბარათი და რა უპირატესობა აქვს მას.

 

“პირადობის ახალი მოწმობა, ე.წ. აიდი ბარათი, საქართველოს მოქალაქის დოკუმენტია და პირის ვინაობას ადასტურებს. მასზე დატანილია სახელი, გვარი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, პირადი ნომერი, ფოტო, ბარათის გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა და ხელმოწერა. ეს ინფორმაციები, რასაც თვალით ვხედავთ – და მეტი არაფერი სხვა – ინახება ე.წ. ჩიპზეც, რომელიც პირადობის მოწმობის მახსოვრობის ბარათია და იცავს მას გაყალბებისგან.

 

ცრუა მოსაზრება იმის შესახებ, რომ აიდი ბარათი ანტიქრისტეს ბეჭედია, ან რომ მასზე არის მხეცის ნიშანი. ეს რომ ასე არაა, ამას წმინდა სინოდის გასული წლის დადგენილებაც ადასტურებს. მართლაც, სამოქალაქო რეესტრმა იკისრა და შეასრულა ვალდებულება, რომ არც ერთ გაცემულ აიდი ბარათზე მიწყობილად სამი ექვსიანი არსად ფიგურირებს და არც მომავალში იქნება”– ნათქვამია ვიდეოში. 

 

იუსტიციის სამინისტრომ  ID ბარათების გაცემა საქართველოში 2011 წლის 1 აგვისტოს დაიწყო, რის შემდეგაც,  სამინისტროს მონაცემით, ბარათი ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ აიღო. ID ბარათების შემოღებას დღემდე ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლების ნაწილი, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა ამ თემაზე 2012 წლის ივნისში განცხადება გაავრცელა და მრევლს უთხრა, რომ ამ ბარათით სარგებლობა შეუძლიათ.

 

“სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათების ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. თუმცა, ვინაიდან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვა საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებული იყოს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები,”- განაცხადა საპატრიარქომ.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი