ახალი ამბები

ქუთაისის ყოფილ ვიცე-მერსა და მერიას შორის სასამართლო დავა დასრულდა

13 სექტემბერი, 2013 • • 1390
ქუთაისის ყოფილ ვიცე-მერსა და მერიას შორის სასამართლო დავა დასრულდა

ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე ამბობს, რომ სასამართლომ მისი სარჩელი უნდა დააკმაყოფილოს. ძოწენიძის მტკიცებით, მისი მხრიდან სამსახურებრივი უფელბამოსილების დარღვევას ადგილი არ ჰქონია:

 

“მე მგონი, ჩვენი სამივე მოთხოვნა დაკმაყოფილდება, იმდენად სუსტი იყო მერიის მხარის არგუმენტები. პრინციპში, თავიდანვე სუსტი იყო, იმიტომ, რომ არანაირი სერიოზული გადაცდომა, მით უმეტეს, დავალების შეუსრულებლობა, მე არ მქონია. იმას, რასაც მე მედავებიან, სინამდვილეში სრულიად არ იყო ჩემი კომპეტენცია.”

 

ანალოგიური მოლოდინი აქვს ძოწენიძის ადვოკატს, თეონა ზაქარაშვილს:

 

“პროცესი ძალიან კარგად წავიდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიკვლია ყველა მტკიცებულება და შეაფასა ძირითადი მასალები, რაც იყო წარმოდგენილი. ჩვენც გამოვთქვით ჩვენი პოზიციები და იმედი გვაქვს, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფიდლება. უნდა დაკმაყოფიდლეს, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან არანაირ დარღვევას არ აქვს ადგილი”, – განაცხადა ზაქარაშვილმა.

 

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივ საკითხთა განყოფილების უფროსი ირაკლი გიორგაძე ამბობს, თუ გადაწვეტილება სამართლებრივად გაუმართავი იქნება, გაასაჩვირებენ:

 

“სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. წინასწარ ვერ გეტყვით ვერაფერს. თუკი ჩავთვლით, რომ გადაწყვეტილება არ არის სამართლებრივად გამართული, ვინც წააგებს, ის მხარე ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.”

 

მისივე განმარტებით, ქუთაისის მეორე ყოფილი ვიცე-მერის, კოტე რატიანის საქმე ჯერ არ გაუსაჩივრებიათ, რადგან სასამართლოს მათთვის დასაბუთებული გადაწყვეტილება არ გადაუცია:

 

“სასამართლოს ჩვენთვის გადაწყვეტილება არ გადმოუცია, შესაბამისად, ვერც ვერანაირ გადაწყვეტილებას მივიღებდით გასაჩივრების ან არგასაჩივრების საკითხზე.”

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2 სექტემბრის  გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მერის, დიმიტრი კოპალიანის ბრძანება ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებლის, კოტე რატიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. რატიანი აღდგენილი იქნა ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე და ქუთაისის მერიას დაეკისრა მოსარჩელეს სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის  სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ამირან ძოწენიძის გათავისუფლების ბრძანება
ამირან ძოწენიძის გათავისუფლების ბრძანება

მასალების გადაბეჭდვის წესი