ახალი ამბები

ხარატიშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოდის

15 აგვისტო, 2013 • 1554
ხარატიშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოდის

ზურაბ ხარატიშვილი     ფოტო: რადიო თავისუფლება
ზურაბ ხარატიშვილი ფოტო: რადიო თავისუფლება

ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, რომ აპირებს  ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას და ითანამშრომლებს არარადიკალურ ძალებთან. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.

 

“საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობამ მომცა შესაძლებლობა, დამენახა ცუდი და კარგი მიმდინარე პოლიტიკურ ცხოვრებაში. რა არის გასაუმჯობესებელი და რაზეა უარი სათქმელი.

 

ქვეყნის შენება იწყება ყველა ჩვენგანის გულსა და გონებაში, იმ ქრისტიანული ღირებულებების საფუძველზე, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში  გაითავისეს და მოგვიტანეს.  “სიყვარულს უშენებია”- ეს არის მარადიული კონცეფცია, რომელიც საუკუნეებიდან მოდის და მომავლის გზას გვიჩვენებს. ამიტომაც გადავწვიტე, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მივმართო ურთერთობის აღდგენისა და კონსოლიდაციისკენ და ჩვენი ძალისხმევა სრულად მოვახმაროთ ქვეყნის შენებას და კონსოლიდაციას. აქტიურ პოლიტიკაში ჩართვით, მე ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვიღებ ქვეყნის მომავალზე, რომ მთელი ენერგია მოვახმარო ქართული საზოგადოების განვითარებას”, – განაცხადა ხარატიშვილმა, რომელმაც მანამდე საზოგადოების პოლარიზაციაზე ისაუბრა.

 

“დღეს ქართული საზოგადოება პოლიტიზებულია. პოლიტიკაში დომინირებს სიძულვილის ენა. ყველა ვიღაცის წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაშია ჩაბმული და მოწინააღმდეგის განკითხავს. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მთელი საქართველო სასამართლოდ გადაიქცა. ასე არ შეიძლება გაგრძელდეს. ამგვარი დამოკიდებულება დაგვანგრევს ჩვენ ფიზიკურადაც და სულიერადაც”, – აღნიშნა მან.

“მე გამოვდივარ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივით და უახლოეს ხანში ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ იმ კონცეპტუალურ საკითხებს, რომლის ირგვლივაც გავმართავთ პოლიტიკურ კონსულტაციებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და პირებთან. ამ პრინციპებს საზოგადოებას 20 აგვისტოს წარვუდგენთ”.

 

მან მადლობა გადაუხადა ქვეყნის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს და განაცახადა, რომ მისი გადადგომა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან საარჩევნო ადმინისტრაციაში პრობლემას არ შექმნის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი