ახალი ამბებიკინო

კინოცენტრის ახალი ხელმძღვანელი კონკურსით შეირჩევა

25 თებერვალი, 2013 • 1999
კინოცენტრის ახალი ხელმძღვანელი კონკურსით შეირჩევა

თამარ ტატიშვილი კონკურსში მონაწილეობას აღარ მიიღებს და მუშაობას გააგრძელებს ევროპის საბჭოს კინოს მხარდაჭერის ფონდ “ევრიმაჟში”, როგორც საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

 

მოქმედი კანონმდებლობით ეროვნული კინოცენტრის დირექტორს თანამდებობაზე 3 წლის ვადით ნიშნავს კულტურის მინისტრი.

 

თამარ ტატიშვილი
თამარ ტატიშვილი

დღეს კულტურის სამინისტროში ამ საკითხებზე გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც ეროვნული კინოცენტრის დირექტორის სამწლიანი საქმიანობა შეჯამდა დადებითად.

 

ბოლო 3 წლის განმავლობაში ეროვნული კინოცენტრის პრიორიტეტები იყო:

 

– კოპროდუქციების წარმოება: რომელთაგან არაერთი წარმატებული პროექტი უკვე შეიქმნა. ნაწილი ასეთი პროექტების  წარმოების პროცესშია და 2013/2014 წლებში დასრულდება. მაგალითად, თეონა გრენადეს ფრანგულ-ქართული პროექტი „ძმა“, ბენ ჰოპკინსის ინგლისურ -ქართულ-გერმანულ-რუსული პროექტი “ეპიკი“, ზაზა ურუშაძის ესტონურ-ქართული პროექტი „მანდარინები“, თინათინ ყაჯრიშვილის ფრანგულ-ქართული პროექტი „პატარძლები“ და სხვა. 

 

– კინოგანათლების ხელშეწყობა: რობერტ ბოშის ფონდის კოპროდუქციის პრიზის სექციასთან თანამშრომლობა – შესაბამისად, საქართველოში 2 სპეციალური „პროექტების ბაზრობის“ ორგანიზება. საგანმანათლებლო პლატფორმასთან  „იავე“ თანამშრომლობით სპეციალურად ქართველი კინომოღვაწეებისათვის უორქშოფების და ტრეინინგების ჩატარება. 

 

– საერთაშორისო კინოფესტივალებზე საქართველოს და ქართული კინოს პრომოუშენი (კანის, ბერლინის, ლოკარნოს, სარაევოს, ვისბადენი და მრავალი სხვა).

 

– უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვა საქართველოში ქართული და უცხოური პროექტების საწარმოებლად. 

 

„2010-2013 წლები ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო – მუდმივად ვგძნობდი სექტორის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერას და ვხედავდი, როგორ იზრდებოდა საქართველოს მიმართ ინტერესი უცხოეთში. საქართველოში კინომობილიზაციის შესახებ დღეს ყველამ იცის. დარწმუნებული ვარ, რომ 2013 – 2014 წლებში, გასულ პერიოდში ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პროექტების ეკრანზე გამოსვლით კიდევ უფრო წინ წავა ეს პროცესი. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს და ყველა ინდივიდს და ორგანიზაციას, რომელიც მონდომებით თანამშრომლობდა ჩემთან. იმედს ვიტოვებ, რომ ნებისმიერი მომავალი ხელმძღვანელი შეინარჩუნებს არსებულ სტრატეგიას და მხოლოდ გააუმჯობესებს კინოცენტრის საქმიანობას,“ – განაცხადა თამარ ტატიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი