ახალი ამბები

ივანიშვილი: “უპირობოდ ვგმობ ძალადობას”

9 თებერვალი, 2013 • 986
ივანიშვილი: “უპირობოდ ვგმობ ძალადობას”

„პირველ რიგში მინდა უპირობოდ და ცალსახად დავგმო ძალადობის ის ფაქტები, რომლებსაც გუშინ ადგილი ჰქონდა საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე.  სამოქალაქო პროტესტის გამოხატვა, რაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, უნდა იყოს მხოლოდ არა ძალადობრივი და მხოლოდ კანონის ფარგლებში. შინაგან საქმეთა მინისტრი ჩემი დავალებით ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მოძალადეთა და ძალადობის ინსპირატორთა გამოსავლენად და დასასჯელად. მიმდინარეობს პოლიციის მოქმედებების ანალიზიც, იმისათვის, რომ დაიხვეწოს მსგავს სიტუაციებში მისაღები ზომები.

 

 

უკეთესი იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტს გაეთვალისწინებინა უმრავლესობის წინადადება და ყოველწლიური მიმართვა გაეკეთებინა პარლამენტის შენობაში ორიოდე კვირის შემდეგ. მიუხედავად ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტის გამოსვლაში რამოდენიმე საყურადღებო მომენტი შევნიშნე. ეს განცხადებები ადრე რომ გაკეთებულიყო, ზოგ გართულებას თავიდან ავიცილებდით. კერძოდ, პრეზიდენტმა ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა იმ შეცდომებისთვის, რაც წლების განმავლობაში დაუშვა მან და მისმა მთავრობამ. პრეზიდენტმა აღიარა ისიც, რომ გასულ საპარლამენტო არჩევნებში ხალხმა სამართლიანად ჩამოართვა მათ ძალაუფლება და ხალხის ნდობის დასაბრუნებლად, პირველ რიგში, საჭიროა წარსულის პრობლემების გაანალიზება და სწორი დასკვნების გაკეთება.

 

 

ახლა საჭიროა სიტყვიდან საქმეზე გადასვლა, რათა გაჩნდეს ნდობა მისი ამ და სხვა სიტყვებისადმიც. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მხარი დაუჭიროს იმ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც პარლამენტის მონაწილეობის გარეშე ახალი მთავრობის შექმნა შეუძლებელი გახდება. შესაბამისად, ველით ამ განცხადების დადასტურებას საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან, რის შემდეგაც პარლამენტი უმოკლეს ხანში კენჭს უყრიდა ამ კანონპროექტს.

 

 

პრეზიდენტმა ისაუბრა სხვა კონსტიტუციურ საკითხებზეც, რომლებიც განსახილველი კანონპროექტის საგანი არ არის და რომლებზეც მას ჩვენგან განსხვავებული მოსაზრებები აქვს. ჩვენ მზად ვართ ზემოთ ნახსენები კანონპროექტის მიღების შემდეგ მისი მოსაზრებები ყურადღებით მოვისმინოთ და სათანადო კანონპროექტების განხილვის პროცესში საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით შევაჯეროთ პოზიციები.

 

 

საკონსტიტუციო დონეზე ყველა საკითხის გადაწყვეტამდე კარგი იქნება, თუ პარლამენტში მალე დასრულდება ინტერფრაქციული შეთანხმების გაფორმება ქვეყნის საგარო პოლიტიკის პრიორიტეტების თაობაზე. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ დოკუმენტზე ფართო პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა ხელს შეუწყობდა მთავრობის მცდელობებს ევროპული და ევროატლამნტიკური ინტეგრაციის დაჩქარების, ოკუპირეული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკის შეუქცევადობისა და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული  ურთიერთობის აღდგენის დაწყების მიმართულებით.

 

 

მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ მზად ვარ პრეზიდენტთან და მის პოლიტიკურ გუნდთან ურთიერთობისთვის კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის პრინციპების განუხრელი დაცვით. ძალადობრივი დანაშაულის პატიების უფლება ჩემთვის არავის მოუცია. ყველა სხვა საკითხზე მზად ვარ გონივრული კომპრომისებისთვის ჩვენი საერთო სამშობლოს საკეთილდღეოდ.“ 

მასალების გადაბეჭდვის წესი