ახალი ამბები

ლაბორატორია 1918 ძალადობის წინააღმდეგ აქციებს ანახლებს

3 ოქტომბერი, 2012 • • 1292
ლაბორატორია 1918 ძალადობის წინააღმდეგ აქციებს ანახლებს

სტუდენტური გაერთიანება ლაბორატორი 1918 დღეს გაზეთ “ასავალ-დასავალის” ნომერში  გამოქვეყნებულ მასალას გააპროტესტებს, რომელშიც მითითებულია იმ პირთა სია და სახლის მისამართები, რომლებიც  პატიმართა წამებაში  იღებდნენ მონაწილეობას. 

 

“მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნოს სიმშვიდე და ნუ ჩაიდენენ იგივე დანაშაულს, რასაც აქამდე ჩადიოდა ხელისუფლება. ნუ გექნებათ იმედი, რომ ოპოზიციური მედია თქვენი დასაყრდენი გახდება ახალი დანაშაულების გადასაფარად. სიძულვილის ენა, რომლითაც გამოირჩევა გაზეთი “ასავალ-(დ)ასავალი”, ახლა უკვე “გამარჯვებული ხალხის” მოტივირებას ახდენს და სთავაზობს გლდანის ციხის თანამშრომლების პირდაპირ სიას მისამართებით, რაც არის არათუ უბრალოდ დასაგმობი ფაქტი, არამედ დანაშაული და ბოროტება!”- აღნიშნულია ლაბორატორია 1918–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

სტუდენტური გაერთიანების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მათი მთავარი მოთხოვნა “სისტემა უნდა დაინგრეს” კვლავ მიუღწეველია. 

 

“ჩვენი პროტესტი არ ყოფილა პოლიტიკური მმართველობის ცვლილებისათვის, სისტემის ნგრევა ჯერ კიდევ მიუღწეველია და ახლა შეიძლება უფრო საშიშ ფაზაში აღმოჩნდეს აჟიტირებული საზოგადოების მხრიდან რევანშისტული მიდგომა ყოფილ მოძალადეებზე, ან უბრალოდ სისტემაში მომუშავე პირებზე.”

 

სტუდენტები საჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხსაც გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, ახალაიას პასუხისგებაში მიცემა ჯერ კიდევ შეუსრულებელია.

“თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რამე გვავიწყდება, ან ჩვენი გეგმები ხელისუფლებასთან ერთად შეიცვლება. ყველა, ვინც ჩუმადაა ძალადობის ფაქტებზე, თავად არის მონაწილე ძალადობის! ჩვენ გამარჯვებულები მხოლოდ მაშინ ვიქნებით, თუკი აღმოვფხვრით იმ ძალადობის ფაქტებს, რის წინააღმდეგაც გამოვიდა რამდენიმე ათასი სტუდენტი და არ დავუპირისპირებთ მათ ახალი ძალადობის ტალღას, რომელიც არაფრით არ განსხვავდება ძველისაგან”- ნათქვამია განცხადებაში. 

 

დღევანდელი აქცია “არა ძალადობას!” ჟვანიას მოედანზე 6 საათზე გაიმართება. 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი