სამართალი

‘ქართული ოცნების’ წევრს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

4 სექტემბერი, 2012 • • 1426
‘ქართული ოცნების’ წევრს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს შინაგან საქემთა სამინსიტროს ცნობით, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა ბექა ჯიქიძემ 2012 წლის 1 სექტემბერს ექვს  პირთან ერთად დანის მუქარით მოქალაქე მიშა ქოჩლიშვილს  ფულადი თანხა გასტაცა.  გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ძარცვას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბექა ჯიქიძეს 5–დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პოლიციამ უკვე გაავრცელა ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილი ადამიანი ყვება, თუ როგორ გაძარცვეს ქართული ოცნების მაისურიანმა ადამიანებმა.

 

სამართალდამცავთა ქმედებას უკანონოს უწოდებს “ქართული ოცნების” ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძე. მისი თქმით, ბექა ჯიქიძე ოჯახის წევრებთან ერთად აქტიურად არის ჩართული “ქართული ოცნების” საქმიანობაში და შესაბამისად, მისი დაკავებაც ამ მიზეზით მოხდა. 

 

თედო კობახიძის თქმით, შსს–ს მიერ წარმოდგენილი ბრალდების მასალები ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის ჩვენებას, რომელიც აცხადებს, რომ ის ბექა ჯიქიძემ გაძარცვა.

 

“საქმეში სხვა მტკიცებულება იმისა, რომ ბექა ჯიქიძემ დანაშაული ჩაიდინა, არ დევს. ის დანაშაულს არ აღაირებს”, – განუცხადა თედო კობახიძემ “ნეტგაზეთს”.

 

 ბექა ჯიქიძის ადვოკატი და “ქართული ოცნების” ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი ვარლამ ხათრიძე ამბობს, სამართალდამცავებმა დაკავებიდან მალევე, სანამ ჯიქიძესთან ადვოკატები შევიდოდნენ, მას იძულებით ჩამოართვეს აღიარებითი ჩვენება.

 

“ის წერილობითი ჩვენება, რომელიც მას წარუდგინეს და რომელზეც ხელი ძალით მოაწერინეს, მას არც კი წაუკითხავს. ამის შემდეგ ის გაიყავნეს სხვა ოთახში, სადაც უთხრეს, რომ კამერის წინ უნდა ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც მას პოლიციელები ეტყოდნენ. როგორც ბექა ჯიქიძემ მითხრა, მისი ჩვენება ორჯერ ჩაიწერეს, რადგან როცა ის სამართალდამცავთა ვერსიას იმეორებდა, ეშლებოდა დეტალები. ჯერჯერობით, ეს აღიარებითი ჩვენებები გამოქვეყნებული არ არის”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ჯიქიძის ადვოკატმა ვარლამ ხათრიძემ. მისივე თქმით, სამართალდამცავები დაკითხვისას “ქართული ოცნების” წევრს აგინებდნენ, სახეში რამდენჯერმე დაარტყეს ხელი, თმაში ქაჩავდნენ, უყვიროდნენ და ფეხზე ფეხს ურტყამდნენ. 

 

ადვოკატის თქმით, ბექა ჯიქიძის მონაყოლის საფუძველზე “ქართულმა ოცნებამ” უკვე მიმართა გენერალურ პროკურატურას და საქართველოს სახალხო დამცველს. ისინი ფატქზე სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ.

 

ვარლამ ხათრიძე ასევე ამბობს, რომ მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯიქიძეს წინასწარი პატიმრობა უკანონოდ შეუფარდა, რადგან მას ამის სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი