ახალი ამბები

პროკურატურა ”გლობალ ტვ”–ის ანტენების დაყადაღებას სასამართლოსგან ითხოვს

21 ივნისი, 2012 • • 1661
პროკურატურა ”გლობალ ტვ”–ის ანტენების დაყადაღებას სასამართლოსგან ითხოვს

გლობალ ტვ-ს ანტენები სოფლად
გლობალ ტვ-ს ანტენები სოფლად

”გლობალ  კონტაქტ  კონსალტინგისადმი” საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან კვლავ გრძელდება, ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების გადაცემა. საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, არსებობს საკმარისი საფუძველი, დაიწყოს გამოძიება. ამასთანავე, პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია, გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და გამოძიების დასრულებამდე  სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შპს „გლობალ  კონტაქტ  კონსალტინგის” მფლობელობაში არსებული დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების შესახებ,” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მთავარი პროკურატურის განმარტებით, აღნიშნული მიზნად ისახავს შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილებას, ასევე წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას.

 

შეგახსენებთ, რომ ”გლობალ ტვ”–ის ანტენების მოსახლეობისთვის 10-წლიანი განვადებით გადაცემის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი 126 მილიონამდე ლარით დააჯარიმა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს თანხა გაანახევრა. სასამართლოს შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო მიზნებისთვის მოსახლეობას ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” საშუალებით სატელიტური ანტენები, ფაქტიურად, უსასყიდლოდ გადასცა, რაც ”ქართული ოცნებისთვის” განხორციელებულ უკანონო შემოწირულობად მიიჩნია.  

მასალების გადაბეჭდვის წესი