ახალი ამბები

რუსეთი ნატოს ავღანეთიდან გამოსვლის სტრატეგიას უწუნებს

19 აპრილი, 2012 • • 1316
რუსეთი ნატოს ავღანეთიდან გამოსვლის სტრატეგიას უწუნებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მკაცრად გააკრიტიკა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გეგმა, გაიყვანოს საკუთარი სამხედრო კონტინგენტი ავღანეთიდან 2014 წლისთვის და აღნიშნა, რომ კოალიციის ჯარები უნდა დარჩნენ ამ ქვეყანაში, სანამ ავღანეთის სამთავრობო ძალებს არ შეეძლებათ უსაფრთხოების საკუთარი ძალებით უზრუნველყოფა.

აღნიშნული განცხადება ლავროვმა ნატო–რუსეთის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

“სანამ ავღანეთს არ შეეძლება უზრუნველყოს უსაფრთხოება ქვეყანაში, კოალიციის ჯარების გაყვანის ხელოვნური ვადები არასწორია”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გეგმავს, რომ 2014 წლისთვის ავღანეთის სამხედროებმა გადაიბარონ თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლის პასუხისმგებლობა.

როგორც ალიანსის ლიდერები აცხადებენ, რომ ავღანეთის ძალები სწრაფად განიცდიან პროგრესსა და გაუმჯობესებას და ისინი შეძლებენ წინააღმდეგობა გაუწიონ თალიბანის პარტიზანულ დანაყოფებს 2014 წლის შემდგომ, როდესაც კოალიციის ჯარები დატოვებენ ავღანეთს. თუმცა, რუსეთის მოსაზრებით, ამ დროითვის ავღანელი სამხედროები არ იქნებიან მზად, დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ ამბოხებულებს.

ნატოს გენერალური მდივანი გამოეხმაურა ლავროვის კრიტიკას და განაცხადა, რომ ავღანეთის ხელისუფლება შეთანხმებულია კოალიციის სამხედროების გაყვანის განრიგზე. მან ასევე მოუწოდა რუსეთს, ჩინეთსა და სხვა ნატოს არაწევრ ქვეყნებს, რათა ნატოს მისიის დასრულების შემდეგ, დაეხმარონ ავღანეთის შეიარაღებული ძალებს.

თუმცა ნატო–რუსეთის კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს ახალი გეგმა, რომელიც ალიანსს აძლევს ახალ ლოჯისტიკურ შესაძლებლობას, რუსეთის ტერიტორიით უზრუნველყოს სამხედრო ტვირთების ავღანეთში გადატანა და პირიქით. ნატოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს აღნიშნული სატრანზიტო გზის გამოყენებას ტვირთების გადასატანად, იმ ფონზე, როდესაც პაკისტანმა უარი თქვა ქვეყნის ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენებაზე (აღნიშნული გადაწყვეტილება პაკისტანმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო, როდესაც საზღვართან ალიანსის საჰაერო ძალებმა 24 პაკისტანელი სამხედრო მოკლეს).

“ჩვენ ველით, რომ გავაფართოვოთ სატრანზიტო შესაძლებლობები ავღანეთისკენ, რომელიც რუსული მხარის მიერ არის შემოთავაზებული. ჩვენ ვაფასებთ რუსეთის წვლილს, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო ინტერესებსა და ხელს უწყობს საერთო უსაფრთხოებას”, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ნატო–რუსეთის კომისიის სხდომაზე ასევე იყო საკითხები, რომლებიც მხარეებს შორის შეუთანხმებლობის საგანია. ეს საკითხებია ევროპაში ანტისარაკეტო სისტემების განლაგება და საქართველო.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო–რუსეთის კომისია იმისთვის არსებობს, რომ ნებისმიერ დროს გაგრძელდეს ყველა საკითხის განხილვა.

“ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ რუსეთი და ჩვენ ყველა საკითხზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ აშკარაა ისიც, რომ ჩვენ პასუხისმგებლობით ვართ განმსჭვალულნი, ნებისმიერ დროს განვაგრძოთ ყველა საკითხის განხილვა, რადგან ნატო–რუსეთის საბჭო ამისთვის არსებობს და მას შეუზღუდავი პოტენციალი აქვს”, – აღნიშნა რასმუსენმა.

ცალკეულ პოზიციებში განსხვავებების მიუხედავად, რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნ,ა ითანამშრომლოს ალიანსთან და აღკვეთოს სომალის სანაპიროებთან მეკობრეობა, აწარმოოს ანტიტერორისტული მოქმედებები.

დღეს დასრულდა ნატოს ორდღიანი მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს. ეს სხდომა ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე ერთი თვით ადრე გაიმართა.


ამავე თემაზე: 

რუსეთი შეშფოთებულია საქართველოს ნატოში შესაძლო ინტეგრაციით

მასალების გადაბეჭდვის წესი