ეკონომიკა

2011 წლის ბიუჯეტის ანალიზი

16 აგვისტო, 2011 • • 1199
2011 წლის ბიუჯეტის ანალიზი

გაზრდილ სახელმწიფო ვალებზე, საბიუჯეტო ხარჯებსა და გადასახადებზე, ასევე სხვადასხვა საბიუჯეტო პარამეტრზეა საუბარი  საქართველოს 2011 წლის ბიუჯეტის ანალიზში, რომელიც წარმოადგინა ეკონომის პრობლემების კვლევის ცენტრმა.

აღნიშნული ანალიზის მიხედვით, 2008 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა  საგარეო ფინანსური ვალდებულებები. ბიუჯეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო სწორედ ამ ვალდებულებების აღების შედეგად მიღებული ფინანსებია.  კვლევაში აღნიშნულია, რომ მთავრობის საგარეო ვალს მშპ-ის 50%-თვის ჯერ არ გადაუჭარბებია, თუმცა, საგარეო ვალის ზრდის ტემპი მაინც ”ნამდვილად მაღალი და საყურადღებოა.”

კვლევაში ასევე წერია, რომ ვალის ზრდა, ძირითადად, გამოწვეულია სხვადასხვა პროექტებისთვის მოზიდული საერთაშორისო, იაფი კრედიტით. კერძოდ: 100 მილიონი ლარი შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტისთვის, 90 მილიონი – აღმოსავლეთ დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალი(სვენეთი-რუისი), 65 მილიონი – სარფი-ჩოლოქის ალტერნატიული გზა, 55 მილიონი – აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-ქუთაისი-ზესტაფონის მონაკვეთი.

ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის ინფორმაციით, 2011 წელს საბიუჯეტო ხარჯები წინა წელთან შედარებით 5%-ით გაზრდილია, თუმცა, ინფლაციის დაგეგმილ მაჩვენებელზე დაბალი, რაც ორგანიზაციის მკვლევარებს აძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ”ხარჯების რეალური მაჩვენებლის ზრდას ადგილი არა აქვს.”

აღნიშნული კვლევითი ცენტრი საქართველოს 2011 წლის ბიუჯეტის ანალიზის შედეგად ასკვნის, რომ მცირდება თავდაცვის, დასვენების, კულტურის, რელიგიის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური საქმიანობის დაფინასება. რაც შეეხება დაფინასების გაზრდას, ეს ეხება გარემოს დაცვას, საბინაო-კომუნალურ მეურნეობას, სოციალურ დაცვას, ჯანმრთელობის დაცვასა და განათლებას.  აგრეთვე, მნიშვნელოვნად იზრდება საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების დაფინასება, რაც, კვლევითი ორგანიზაციის მიხედვით, ”წინააღმდეგობაში მოდის ”ქამრების შემოჭერის” პოლიტიკასთან.”

ჩამოტვირთეთ დოკუმენტი:

საქართელოს 2011 წლის ბიუჯეტის ანალიზი

მასალების გადაბეჭდვის წესი