ახალი ამბები

საზღვაო აკადემიის ახალი რექტორის ფასი

12 მაისი, 2011 • 2765
საზღვაო აკადემიის ახალი რექტორის ფასი

ბათუმის ბულვარის შესასვლელთან ბინის დასაქირავებლად 4595 ლარი ყოველთვიურად, 5 ათას ლარზე მეტი ყოველთვიური შემოსავლების სახით, ახალი ავტომანქანა – ეს ხარჯები ბათუმის საზღვაო აკადემიას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც რექტორად ნიკოლოზ წიკლაური მოიწვიეს თბილისიდან. 2010 წლის სექტემბერში ნიკოლოზ წიკლაური რექტორის თანამდებობაზე ლევან ვარშალომიძემ იმ მიზნით წარადგინა, რომ საზღვაო აკადემია ამ კატეგორიის სასწავლებლების მსოფლიო ათეულში უნდა ჩაწერილიყო.

 

აკადემიის თანამშრომლები

 

წიკლაური
წიკლაური

2010 წლის სექტემბერში, ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის თანამდებობიდან ნადიმ ვარშანიძის გათავისუფლების შემდეგ, რექტორად ნიკოლოზ წიკლაური დაინიშნა. ახალი რექტორის აკადემიაში მისვლას ახლდა ხმაური _ მან 65 ადამიანი სამსახურიდან დაითხოვა და 20 ახალი კადრიც დანიშნა.

ნიკოლოზ წიკლაური ამბობს, რომ კადრები ახლობლობის ნიშნით არ შეურჩევია.

შესაბამისად, იგი უარყოფს აკადემიაში მისი მოსვლის შემდეგ შიდასტრუქტურის განვითარების ხელმძღვანელად დანიშნულ გია წიკლაურთან ნათესაობას: “ნათესავები არ ვართ, მხოლოდ სამი-ოთხი წლის ნაცნობობა გვაკავშირებს”.

ახალდანიშნულთა შორის თბილისიდან მოწვეული კიდევ რამდენიმე კადრია, მაგალითად, რექტორის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ეკატერინე სირაძე და ბიბლიოთეკარი მაია დონაძე. აკადემიიდან მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, მათ და კიდევ ორ ადამიანს, რექტორის შემდეგ, ყველაზე მაღალი ხელფასი _ 2000 ლარი აქვთ (დანარჩენი თანამშრომლების ხელფასი  მაქსიმუმ 1000 ლარია). გარდა ამისა, სასწავლებლის ბიუჯეტიდან 21 000 ლარია გამოყოფილი ორი ადამიანის ბათუმში ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით.

 

საზღვაო აკადემიის რექტორი

 

ნიკოლოზ წიკლაურის აზრით, “კომფორტი მუშაობის ხარისხს განსაზღვრავს”. შესაბამისად, აკადემიის განვითარებაზე ზრუნვა ნიკოლოზ წიკლაურმა პირადი კაბინეტის განახლებით დაიწყო _ თავდაპირველად ავეჯი გამოცვალა კაბინეტში, მერე ერთ–ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ავტომობილი იყიდა 48 000 ლარად.

პირველ სამ თვეში აკადემიის ბიუჯეტიდან რექტორისთვის სასტუმროს დაქირავებაზე 22 ათასი ლარი, ანუ დღეში 245 ლარი დაიხარჯა. წიკლაური ბათუმში თავდაპირველად სასტუმრო “შერატონში” დაბინავდა, იქიდან სასტუმრო “სანაპიროში” გადაინაცვლა, შემდეგ კი _ “ინტურისტში”. ამ სამ თვეში აკადემიამ ნიკოლოზ წიკლაურს სხვადასხვა ხარჯისთვის კიდევ 9 ათასი ლარი მისცა.

2011 წლის 31 მარტს აკადემიამ ბათუმში რექტორისთვის მოქალაქე ანზორ ხარაზის (მინდობილი პირი ინგა თავართქილაძე) ბინა იქირავა შემდეგ მისამართზე: კ.გამსახურდიას ქ. 6, ბინა 17. რექტორისთვის 308,70 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სახლი აკადემიამ თვეში 4595 ლარად დაიქირავა (წლის ბოლომდე 41 355 ლარი).

კითხვაზე, რამდენად გონივრულია ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნის ბიუჯეტიდან ამ ოდენობის თანხის ხარჯვა ერთი საჯარო პირის კეთილდღეობაზე? _ აჭარის განათლების მინისტრი გია აბულაძე პასუხობს: “ბიუჯეტს ამტკიცებს აკადემიური საბჭო. თუ ამის საშუალება მისცეს, რამდენად ბევრია ან ნაკლებია, არ შემიძლია ამის შეფასება”.

ნიკოლოზ წიკლაურს მიაჩნია, რომ ამ აკადემიის რექტორობა მისთვის არ არის ნაბიჯი კარიერაში და არც ფინანსური დაინტერესება: “იქ, სადაც მანამდე ვმუშაობდი, გაცილებით მეტი მქონდა ხელფასი _ 5 000 ლარი. ახლა კი 2 000 ლარი მაქვს, მაგრამ ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს, რასაც ვგეგმავთ, თუ გამოვიდა, ეს იქნება მოვლენა, რომელიც ისტორიაში ჩაიწერება. მე ვგულისხმობ სასწავლებლის ტექნიკურ აღჭურვას, ახალი კორპუსის მშენებლობას, ელექტრონული ბიბლიოთეკის გაკეთებას და მთლიანობაში სწავლების დონის ამაღლებას”.

ნიკოლოზ წიკლაურის მიერ დასახელებულ ციფრებს არ ენდობა აკადემიის თანამშრომლების ერთი ჯგუფი. მათი ინფორმაციით, რექტორი აკადემიაში ყოველთვიურად 10 ათას ლარს იღებს. აკადემიიდან გამოთხოვილ ოფიციალურ მონაცემებს კი არც რექტორის ნათქვამი ემთხვევა და არც მისი თანამშრომლების. ამ დოკუმენტების მიხედვით, ნიკოლოზ წიკლაურის სახელფასო ანაზღაურება (დარიცხული თანხა) 2900 ლარია. რექტორი კიდევ ერთ ამდენს ყოველთვიურად პრემიის სახით რომ იღებს, აკადემიის ვებგვერდზე განთავსებული აკადემიური საბჭოს 24 მარტის (#5) გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომელსაც ხელს თვითონ აწერს. “საზღვაო აკადემიის რექტორს, ნიკოლოზ წიკლაურს, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გაეცეს პრემია ხელფასის 100%-ის ოდენობით”, _ ბრძანებს ნიკოლოზ წიკლაური, რაც იმას ნიშნავს, რომ წიკლაურის შემოსავალი არის არა 2000 ლარი ყოველთვიურად, როგორც რექტორი ამბობს, არამედ – 5800 ლარი.

ნიკოლოზ წიკლაურის თქმით, ბათუმში გადმოსვლამდე  მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, შემდეგ კი დირექტორად კერძო სამშენებლო კომპანია “იბერია კონსტრაქშენ”-ში, რომელიც, ძირითადად, ვერტიკალურ განაშენიანებაზეა ორიენტირებული. რექტორი აკადემიაში პოლიტიკური ნიშნით მის დანიშვნას გამორიცხავს და ამბობს, რომ აკადემიურ საბჭოს შესთავაზა საკუთარი კანდიდატურა და ისინიც დათანხმდნენ.

საზღვაო აკადემიის ერთ-ერთი თანამშრომელი კი დარწმუნებულია, რომ წიკლაურს არანაირი განათლება არ აქვს მიღებული, მით უფრო საზღვაო სფეროში. “შედით და ნახეთ, ვებგვერდზე ყოფილი რექტორების ცვ-ც კი დევს, მაგისი კი– არა. რატომ?” _ მბობს თანამშრომელი ანონიმურობის პირობის დაცვით.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, რომელიც წიკლაურის დანიშვნის დღეს გავრცელდა ლევან ვარშალომიძეზე  დაყრდნობით, ნიკოლოზ წიკლაურს დამთავრებული აქვს “ტეხასის ინსტიტუტი, ოკეანის სამართლისა და პოლიტიკის როდოსის აკადემია საბერძნეთში, აშშ–ს საზღვაო სამართლის სკოლა…” თუმცა ამ მონაცემებს არ ემთხვევა ნიკოლოზ წიკლაურის “ბათუმელებისთვის” მიწოდებული მონაცემები:

“ჯავახიშვილის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დავამთავრე. 1998 წელს კი მაგისტრის ხარისხი მივიღე მალტაზე, საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტში, რაც უფლებას მაძლევს, ამ სფეროში ვიმუშაო”.

 

რა შეიცვალა ბათუმის საზღვაო  აკადემიაში

 

ნიკოლოზ წიკლაური თანამდებობაზე მას შემდეგ დანიშნეს, რაც ევროკომისიამ ქართველი მეზღვაურების არაკვალიფიციურობაზე დასკვნები კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტი სკანდალში გაეხვია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ ვარშანიძის ჩანაცვლება წიკლაურით აჭარის ტელევიზიის ეთერში 2010 წელს ასე ახსნა: “ჯერჯერობით პრობლემები ბევრია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი რექტორი ერთიანი ძალისხმევით აჭარის მთავრობას, საქართველოს განათლების სამინისტროს მხარში ამოუდგება იმით, რომ მართლაც მივაღწიოთ ამ დონეს, დავიბრუნოთ ჩვენი ძველი სიმბოლო _ ბათუმის საზღვაო ქალაქის სასწავლებლის ცენტრი. აქ არ არის მარტო ქართველებზე განსაზღვრული, მართლაც შეიძლება რეგიონული გახდეს… ტრადიციები გრძელდება, ბევრი ოჯახია აჭარაში, ბათუმში, სადაც ბაბუა, მამა, შვილიშვილი და შვილთაშვილი აგრძელებს მას”.

2011 წლის მონაცემებით, საზღვაო აკადემიაში 1400 სტუდენტი სწავლობს ბაკალავრისა და მაგისტრატურის ჩათვლით. მომავალი წლიდან კი ხუთასი სტუდენტით ნაკლები ეყოლება, რადგან უქმდება ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი: “წელს მიღება აღარ გვაქვს ამ ფაკულტეტზე, სტუდენტები კი გადანაწილდებიან სხვა სასწავლებლებში”.

პროფესორ ემზარ კახიძის განცხადებით, ამ ფაკულტეტის გაუქმება “შესაძლებელია პრეზიდენტის საოჯახო ბიზნესს უკავშირდებოდეს, რადგან იმ სპეციალობების გაუქმებაზე დაიწყო საუბარი, რომლებზეც გიული ალასანიას მიერ დაარსებულ საქართველოს უნივერსიტეტში სტუდენტების სიმცირეა. აბიტურიენტების ნაკადს ალბათ იქეთკენ გადაქაჩავენ”.

რაც შეეხება სწავლების მეთოდოლოგიას, რექტორი თავდაპირველად აცხადებდა, რომ ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს უნდა ემუშავა, “როცა ჩამოვყალიბდებით, გაგაცნობთ”. ამ განცხადებიდან ოთხი თვის შემდეგ კი იგი ამბობს: “გვაქვს კავშირი სხვადასხვა ევროპულ სასწავლებელთან და ვუყურებთ, რა ფორმატი შეიძლება გამოგვადგეს”.

ემზარ კახიძის (იგი არის აკადემიის ერთადერთი თანამშრომელი, ვინც საჯარო კომენტარზე დაგვთანხმდა) დაკვირვებით კი, გერმანული სისტემა, რომლითაც წლების წინ მუშაობდნენ, სპონტანურად გააუქმეს და ანგლოსაქსურ მეთოდოლოგიაზე გადავიდნენ, რომელიც ძირითადად სტუდენტისა და მასწავლებლის აქტივობებს ეფუძნება: “რადგან ჩვენთან აქტივობები არც ლექტორებს უყვართ და არც სტუდენტებს, ეს მეთოდი არ ამართლებს. ჯერჯერობით სრული კოლაფსია”.

ნიკოლოზ წიკლაურის შეფასებით კი, მის სტუდენტებს თვითდაჯერებულობა აკლიათ: “თუ არ შეიცვალნენ, თვითპრეზენტაციას ვერასოდეს გააკეთებენ”.

რექტორი, რომელიც სტუდენტების კომპლექსებისგან გათავისუფლებაზე საუბრობს, მათ სათვალთვალო კამერებით აკონტროლებს დერეფნებსა თუ აუდიტორიებში. სტუდენტებმა იციან, რომ არსებობს აუდიოკონტროლიც. რექტორის განცხადებით, აუდიტორიებში ვიდეოთვალის დამონტაჟება მხოლოდ მისთვის არის დისკომფორტი, ვისაც პრობლემები აქვს: “გინახავთ სადმე, რომ ლექციის განმავლობაში ლექტორი სკამზე გაუნძრევლად იჯდეს? ან თავისი საქმით იყოს დაკავებული და სტუდენტები მიშვებული ჰყავდეს? უკვე ასე აღარ მოხდება. კამერები იმიტომ დგას, რომ ლექციაზე ინტერაქტივი არსებობდეს და სასწავლო პროცესი გაკონტროლდეს”.

წელს საზღვაო აკადემიას აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოეყო.

 

ქართველი მეზღვაურები საერთაშორისო ბაზარზე

 

ქართველი მეზღვაურები საერთაშორისო ბაზარზე იაფი მუშახელია. მათთან ხელშეკრულებას თითქმის არც ერთი სოლიდური კომპანია არ აფორმებს, შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან, ძირითადად თურქულ გემებზე ხელშეკრულების გარეშე იმუშაონ. წელს ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ბათუმელი მეზღვაურები კუთვნილი ანაზღაურების გარეშე დაბრუნდნენ ოჯახებში. დაფიქსირდა საზარელი ფაქტიც _ 4 თვეზე მეტია, 16 ქართველი მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობაში იმყოფება.

 

პრეისტორია

 

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული კრიტიკული დასკვნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი 2010 წელს იმ ადამიანების დასჯას გეგმავდა, “ვინც აკადემიას და საზღვაო სფეროს სამსახურებრივი გულგრილობის გამო ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა”. ამ განცხადებიდან ერთი წლის შემდეგ საზღვაო სფეროზე მიყენებული “დიდი დარტყმის გამო” არავინ დასჯილა. ამ უწყების საქმიანობის შესახებ ევროკომისიამ უარყოფითი დასკვნები 2010 წელს მეორედ გამოაქვეყნა, პირველად კი _ 2006-2007 წლებში. მაშინ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი, დავით ბარამიძე იყო, რომელიც საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძის ძმაა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დავით ტყეშელაშვილი მუშაობდა, საგარეო საქმეთა მინისტრად კი _ გელა ბეჟუაშვილი, ანუ ის ადამიანები, რომლებიც დღემდე პრეზიდენტის ნდომით სარგებლობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი