19.05.2012

დაუშვებენ თუ არა ევრო 2012-ზე მარიხუანას

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ ფეხბურთში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის განმავლობაში ქვეყანაში მსუბუქი ნარკოტიკი ლეგალიზებული იქნება.

ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, 19 მაისს, უკრაინულმა გამოცემა  "Украинские новости"-მ გაავრცელა. გამოცემა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინსიტროზე დაყრდნობით წერს, რომ ”ევრო 2012-სთვის” ქვეყანაში კანონმდებლობის შეცვლა არ იგეგმება და ნარკოტიკის ყველა მომხმარებელს ისევე დაიჭერენ, როგორც ეს ახლა ხდება.

უკრაინის შსს-მ ჟურნალისტებს მოუწოდა, მომავალ ჩემპიონატთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ხელს ნუ შეუწყობენ.

მარიხუანას დროებითი ლეგალიზების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ინტერნეტგამოცემებმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე გაავრცელეს.

”ევრო 2012”–ს მიმდინარე წელს პოლონეთი და უკრაინა ერთობლივად უმსაპინძლებენ. ჩემპიონატის პირველი მატჩი 8 ივნისს ვარშავაში დაიწყება, ფინალი კი კიევში 1 ივლისს დასრულდება.