ეკონომიკა

თბილისის ბიუჯეტი 44 მილიონ 700 000 ლარით იზრდება

22 ივნისი, 2015 • • 1217
თბილისის ბიუჯეტი 44 მილიონ 700 000 ლარით  იზრდება

თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ თბილისის ბიუჯეტი 44 მლნ  700 ათასი ლარით იზრდება:


” დაახლოებით 45 მილიონი ლარი ემატება თბილისის ბიუჯეტს. 14 მილიონი ლარი, ეს არის სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი. აქედან 10 მილიონი არის მთავრობის ფონდიდან შემოსული ფული, ხოლო 2 მლნ 400 ათასი ლარი არის პროგრამებიდან და პროექტებიდან გადმოტანილი თანხა. ბიუჯეტში დაახლოებით 1,5 მლნ არის ნებაყოფილობითი ტრანსფერი, საზოგადოების შემოწირულობები. 200 ათასი ლარი თბილისის ბიუჯეტში შემოვა პრეზიდენტის ფონდიდან. 250 ათასი გამოიყოფა მთავრობის ფონდიდან, რომელიც სტიქიით შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახების დახმარებისთვის არის განკუთვნილი.”


ამის გარდა, ბიუჯეტში მომხდარი ცვლილებებით, 13 მლნ ლარი, ეს თანხა არის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვს განკუთვნილი ფული:


“ეს თანხა მთვრობის ფონდიდან გამოიყოფა. ასევე დამატებით არის 18 მილიონი, რომელსაც ვიღებთ სესხის სახით. ეს არის სესხი, რომელსაც ვიღებთ განვითარების ფონდიდან და მიმართული არის ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის, გზები, სხვადასხვა სახის  პროექტები.”


“ნეტგაზეთის” კითხვას, კონკრეტულად რას აკლდება ფული და რომელი პროექტი აღარ განხორციელდება? ჯაბა სამუშია ასე პასუხობს:


“ყველა პროექტი განხორციელდება, ხდება ეკონომიების მაქსიმალური გადანაწილება და ამ თანხების გამოყენება. ის, რომ რაიმე პროექტი შეწყდება, ამაზე საუბარი არ არის.”


სამუშიას თქმით, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვა დეტალურად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოხდება.  


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტი 44 მილიონ 700 000 ლარით იზრდება და მისი მოცულობა 912 მილიონი ლარით განისაზღვრება.


აბესაძის ინფორმაციით, შიდა გადანაწილების გათვალისწინებებით, თბილისის ბიუჯეტში 50 მილიონ ლარზე მეტი ცვლილება შედის.

 

დეპუტატმა 18-მილიონიანი სესხის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კეთილმოწყობის სამსახურის მიერ თანხების გონივრულად ხარჯვის შემთხვევაში, ამ სესხის აღების აუცილებლობა არ იქნებოდა:


,,საგზაო მიმართულებებით თბილისის მერიას 65-მილიონიანი ბიუჯეტი უკვე ჰქონდა. ეჭვს ბადებს თანხების ისეთი პროგრამებისთვის მოკლება, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის, იქნება ეს ბინათმესაკუთრებათა ამხანაგობებისა თუ გამწვანების პროგრამები’’,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.


ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ წევრის თამაზ შოშიაშვილის განცხადებით კი, სასურველია, რომ სტიქიური უბედურების ლიკვიდაციისთვის საჭირო თანხების ნაწილი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების ხარჯებისთვის გათვალისწინებული 88 მილიონი ლარიდან გამოიყოს.

 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისის’’ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ და ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრმა თამაზ შოშიაშვილმა საკრებულოში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 35 ხმით 8 -ის წინააღმდეგ, 2014 წლის 20 დეკემბერს დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი  მიიღო. დედაქალაქის ბიუჯეტი 803 მილიონ 742 ათას 300 ლარით განისაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი