ახალი ამბები

მეჭიაური: პრინციპი, რომ ზედამხედველობის სამსახური უნდა გამოვიდეს ეროვნული ბანკიდან, დაცული იქნება

4 ივნისი, 2015 • • 1220
მეჭიაური: პრინციპი, რომ ზედამხედველობის სამსახური უნდა გამოვიდეს ეროვნული ბანკიდან, დაცული იქნება

შეხვედრა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის, გიორგი გახარიას შუამდგომლობით იმართება:

 

“მხარეებს შორის მორიგების რესურსი არსებობს. ეს შეხვედრა ტარდება ჩვენი თხოვნით და მინდა მადლობა გადავუხადო ორივე მხარეს. მიზანი არის სწორედ ის, რომ მივაღწიოთ კომპრომისს. ბიზნესის მხრიდან ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო ფორმატზე და ჩვენ შევეცადეთ შეგვეცვალა ამ საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობის ფორმა, რომ ბიზნესის და კონკრეტულად საბანკო სექტორის ჩართულობა პროცესში იყოს მაქსიმალური”, – განაცხადა გიორგი გახარიამ შეხვედრის დაწყებამდე.

 

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თავად ემხრობა თუ არა საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გატანის ინიციატივას, გახარიამ უპასუხა: “ჩემი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ საბანკო სექტორი ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული. იმდენად სპეციფიური და ტექნიკურად რთული თემაა, რომ დღეს დავჯდებით და დავილაპარაკებთ. იმედი მაქვს, რომ პრინციპულად აღარ დაისმება საკითხი – უნდა გაკეთდეს ეს თუ არა. ჩემთვის ის მოდელია მისაღები, სადაც კომერციული საბანკო სექტორი თავს იგრძნობს კომფორტულად”.

 

პარლამენტის საფინანსო -აბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა, რომელიც სადავო საკანონმდებლო ცვლილების ავტორია, შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა:

“ამ შეხვედრის მიზანია ის, რომ კიდევ ერთხელ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი ბიზნესთან. შეხვედრა შედგა ბიზნესომბუდსმენის თხოვნით კანონპროექტის პირველ მოსმენამდე. მე მზად ვარ ყველაფერში დავეთანხმო ბიზნესს, თუმცა პრინციპი, რომ ზედამხედველობის სამსახური უნდა გამოვიდეს ეროვნული ბანკიდან, იქნება დაცული”.

 

„ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი ითვალისწინებს ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამიჯვნას, რასაც საბანკო სექტორის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი