ახალი ამბები

პრეზიდენტი: სწავლებები საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზანს უფრო ხელშესახებს გახდის

24 მაისი, 2015 • 938
პრეზიდენტი: სწავლებები საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზანს უფრო ხელშესახებს გახდის

„ეს სწავლებები წინ წაწევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და იმ მიზანს, რომელიც ჩვენმა ხალხმა თავისი გადაწყვეტილებით მიიღო. იმ მიზანს, რომელიც მთავრდება საქართველოს ნატოში გაწევრიანებით და უფრო რეალურს, უფრო ხელშესახებს გახდის,”– განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც სწავლებაში იყო ჩართული. მან განსაკუთრებით აღნიშნა იმ ადამიანების დამსახურება, ვინც სწავლებას რეალურად ახორციელებს.

 

“ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალებით. იმ გამბედაობით, რითაც იცნობენ ქართველ ჯარისკაცებს ამერიკელი თუ ნატოს სხვა ქვეყნების ჯარისკაცები და ამ სიამაყით პოლიტიკოსები, დიპლომატები მსოფლიოში დავდივართ. ქართველები ვამაყობთ ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმით, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ დღეების განმავლობაში და ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცების პიროვნული თვისებებით,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ქართულ–ამერიკული სამხედრო სწავლების დასრულების ცერემონია. ფოტო –პრეზიდენტის Facebook გვერდიდან. 24.05.2015
ქართულ–ამერიკული სამხედრო სწავლების დასრულების ცერემონია. ფოტო –პრეზიდენტის Facebook გვერდიდან. 24.05.2015

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა 5 ქართველი და 5 ამერიკელი ჯარისკაცი სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული ვერცხლის მედალიონებით დააჯილდოვა.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ღირსეული პარტნიორი” საქართველოში პირველად ჩატარდა და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავდა მიზნად. სწავლებაში მონაწილეობას დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იღებდა.

ქართულ–ამერიკული სამხედრო სწავლების დასრულების ცერემონია. ფოტო –პრეზიდენტის Facebook გვერდიდან. 24.05.2015
ქართულ–ამერიკული სამხედრო სწავლების დასრულების ცერემონია. ფოტო –პრეზიდენტის Facebook გვერდიდან. 24.05.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი