ეკონომიკა

“მეგაფონის” მაგისტრალი საქართველომდე

7 აპრილი, 2015 • • 1639
“მეგაფონის” მაგისტრალი საქართველომდე

დამაკავშირებელი მაგისტრალური ხაზის სიგრძე 37 კილომეტრია, ხოლო მისი გამტარიანობა 100 გბ-მდე. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს კომპანია სილქნეტი, რომელიც ნეტგაზეთთან განმარტავს:

 

“2014 წელს კომპანია სილქნეტმა დაასრულა ზემო ლარსი-ყაზბეგის მარშრუტზე მის საკუთრებაში არსებული სპილენძის ხაზის მოდერნიზაცია და ის ოპტიკური არხით ჩაანაცვლა. მოდერნიზაციის შედეგად, მაგისტრალური ხაზის გამტარუნარიანობა 100გბ-მდე გაიზარდა და შესაძლებელი გახდა მისი გამოყენება ინტერნეტ-ტრანზიტისთვის.

 

ზემო ლარსი-ყაზბეგის მაგისტრალური ხაზის დანიშნულება რუსეთს, ევროპასა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის ყველა ტიპის სატელეკომუნიკაციო ტრაფიკის გატარებაა.


სატრანზიტო ხაზის გარდა, ზემო ლარსი-ყაზბეგის მაგისტრალი ახალ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობასაც აჩენს. ეს პროექტი ქართველ ოპერატორებს სწრაფი წვდომის საშუალებას აძლევს როგორც რუსეთის ინტერნეტ-რესურსებთან, ასევე ევროპის ოპერატორებთან და კონტენტ-პროვაიდერებთან. სილქნეტს მსგავსი ტიპის თანამშრომლობა აქვს თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და რეგიონის სხვა ქვეყნების წამყვან სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან.


საქართველოს, მისი მდებარეობიდან გამომდინარე, აქვს რეგიონის ქვეყნების, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის ფუნქცია. სილქნეტი წარმოადგენს ლიდერ კომპანიას ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და მისი სტრატეგიაა, შეასრულოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია რეგიონის სატელეკომუნიკაციო სივრცეში”, – აცხადებენ სილქნეტში.

 

მეგაფონი 2009 წელს საქართველოს კომუნიკაციების ერონულმა კომისიამ 1 მილიონი ლარით დააჯარიმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონო საკომუნიკაციო საქმიანობის ბრალდებით. www.comnews.ru-ს ინფორმაციით, დღეისათვის მეგაფონი საქართველოს ტერიტორიაზე არ ოპერირებს, თუმცა მისი შვილობილი კომპანიები “აქვაფონ-GSM” [აფხაზეთში] და “ოსტელკომი” [სამხრეთ ოსეთში] მუშაობენ.


სილქნეტში კი აცხადებენ, რომ მეგაფონთან მათი თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია ვინაიდან მეგაფონი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შემოდის.

 

“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ პროექტის ფარგლებში რუსული ოპერატორი არც ერთი სანტიმეტრით არ გადმოსულა საქართველოს ტერიტორიაზე. მაგისტრალის მშენებლობას და საკომუნიკაციო მომსახურებას საქართველოში კომპანია სილქნეტი აწარმოებს”, – განმარტავენ სილქნეტში.


მეგაფონის წარმომადგენლების განცხადებებიდან კი ჩანს, რომ საქართველოს ბაზარი მათ მხოლოდ სატრანზიტო კუთხით არ აინტერესებთ და მომავალში შესაძლოა, საუბარი იყოს სამომხმარებლო პოტენციალის ათვისებაზეც.

 

“კარგი იდეების არსებობისა და მისი ჭკვიანურად რეალიზაციის შემთხვევაში [საქართველოში] ახალი მოთამაშისათვის შესაძლებლობები და პერსპექტივები არსებობს”, – აცხადებს კომპანიის მენეჯერი ოქსანა მაგულია და ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ტიპის ბიზნესსაქმიანობის გამოცდილება კომპანიას უკვე აქვს აზერბაიჯანში.

 

ამასთან, მეგაფონის მენეჯერის განმარტებით, მაგისტრალური ხაზის პროექტის ფარგლებში კომპანიას საქართველოსგან რაიმე სახის ბარიერები არ შექმნია. კომპანია პროექტში ჩადებული ინვესტიციის ოდენობას არ აკონკრეტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი