ახალი ამბები

ურთიერთგაგების მემორანდუმი მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის

5 მარტი, 2015 • 975
ურთიერთგაგების მემორანდუმი მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის

მემორანდუმს თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, გიორგი ციკოლიამ და  IFC-ის წარმომადგენელმა საქართველოში, თეა გიგიბერიამ მოაწერეს ხელი.

 

მემორანდუმის თანახმად,  IFC, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებში თიბისი ბანკის „ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი უფასო საგანმანათლებლო ვებ-პორტალის (tbcbusiness.ge) ხელმისაწვდომობას.  

 

tbcbusiness.ge-ს ფარგლებში, სპეციალურად მიკრო და მცირე მეწარმეებისათვის შექმნილია აპლიკაცია -„თიბისი ბიზნეს აკადემია“, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება  საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის და დამწყებ ბიზნესმენებს მისცემს საშუალებას, საქმიანობის წამოწყებისა და განვითარებისთვის აუცილებელი ცოდნა  ვირტუალურ რეჟიმში  შეიძინონ: მოისმინონ ლექციები, გაეცნონ მასალებს ბიზნესის მართვის, ფინანსების საფუძვლებისა და ზოგადი მენეჯმენტის შესახებ; ისწავლონ ბიზნესგეგმის შემუშავება და რეალურად მოემზადონ ბიზნესის დასაწყებად. გარდა ამისა, „თიბისი ბიზნეს აკადემია“  აძლევს აპლიკანტებს საშუალებას, სპეციალური ტესტების საშუალებით შეამოწმონ მიღებული ცოდნა და მიიღონ სერტიფიკატი.  

 

საგანმანათლებლო ბიზნეს-ვებპორტალი (tbcbusiness.ge) IFC- ის ინოვაციას წარმოადგენს და IBM-თან თანამშრომლობით შეიქმნა.  მასში თავმოყრილია ყველა ის საბაზისო ინსტრუმენტი და საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მეწარმეებს ბიზნესის უფრო ეფექტურად მართვაში, კონკურენტუნარიანობისა და მომგებიანობის ამაღლებაში ეხმარება.

 

ამ პორტალის ამოქმედება საქართველოში IFC-ის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ევროპისა და ცენტრალურ აზიაში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. IFC-ის და თიბისი ბანკის ერთობლივი  პროექტი 2013 წლიდან ამოქმედდა  და შვეიცარიის ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

სამმხრივი თანამშრომლობა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროექტის –  მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის   ფარგლებში შედგება: რეგიონებში მცხოვრები პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან ახალი ბიზნესის წამოწყებით,  ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით  „მეწარმეობის განვითარების სააგენტოსგან“  ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი