ახალი ამბები

“მაესტრო”: გრიგორი ლეპსის დაცვამ ტელეკომპანიის რეპორტიორებს თავისუფლება აღუკვეთა

7 დეკემბერი, 2014 • 1397
“მაესტრო”: გრიგორი ლეპსის დაცვამ ტელეკომპანიის რეპორტიორებს თავისუფლება აღუკვეთა

ტელეკომპანია “მაესტროს” ინფორმაციით, მის ჟურნალისტ ნინი მეტრეველს გრიგორი ლეპსის დაცვის წევრებმა და პროდუსერმა თავისუფლება აღუკვეთეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

მაესტროს საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო ჟიჟილაშვილის განცხადებით, ჟურნალისტმა, რომელმაც თბილისში ჩამოსულ მომღერალთან ინტერვიუ აიღო, მას შეატყობინა, რომ ოთახში ჩაკეტეს და იქიდან არ უშვებდნენ – მოითხოვდნენ გადაღებული ინტერვიუს წაშლას.

“ტელეფონით ვესაუბრე ვინმე ქალბატონ ლელას, რომელიც ლეპსის პროდუსერია. ის იყო აღშფოთებული იმის გამო, რომ ჟურნალისტმა კითხვები დასვა და მან მე მითხრა, რომ სანამ ვინმე არ მოვაკითხავთ ჟურნალისტს, ის მანამდე არ გამოუშვებს მას ოთახიდან. ჟურნალისტს კომუნიკაციის საშუალება შეზღუდული არ აქვს. ტელეფონით ვესაუბრები. ის არის დაცვის გარემოცვაში და სთხოვენ, რომ მასალა წაშალოს”, – განაცხადა ჟიჟილაშვილმა.

მისივე თქმით, “მაესტრომ” სამართალდამცველებსაც მიმართა სიტუაციაში გასარკვევად. ჟიჟილაშვილის ინფორმაციით, ჟურნალისტმა ლეპსს სულ 3 შეკითხვა დაუსვა: 1. როგორ მოგწონთ თბილისი? 2. უქმნის თუ არა უხერხულობას ის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც მის ვიზიტს ახლავს თან და მესამეც მსგავსი შეკითხვა, რაზეც ლეპსმა უპასუხა, რომ არ უქმნის.

თვითონ ნინი მეტრეველის თქმით, იგი ერთი საათის და 15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა სპორტის სასახლეში. გრიგორი ლეპსი თბილისში კონცერტს გამართავს.

თავად კონცერტის ორგანიზატორის, “ტრიდა პრომოუშენის” წარმომადგენლის, ლელა ასლანიკაშვილის განცხადებით კი,  ტელეკომპანია “მაესტრომ” პროვოკაცია მოაწყო. იგი უარყოს, რომ ჟურნალისტი ოთახში ჰყავდათ ჩაკეტილი.

დაიწყო თუ არა მომხდარ ფაქტზე გამოძიება? ნეტგაზეთმა ამ შეკითხვით შსს-ს მიმართა, სადაც დაგვპირდნენ, რომ უახლოეს ხანში გვიპასუხებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი