საზოგადოება

შვილად აყვანის წესი იცვლება

23 სექტემბერი, 2014 • • 4336
შვილად აყვანის წესი იცვლება

მთავრობა “შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანად ცვლილებების პაკეტს ამზადებს.

 

ერთ-ერთი ცვლილება, რომელმაც მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, პოტენციურ მშვილებელთა რაოდენობა და, შესაბამისად, მოცდის პერიოდი უნდა შეამციროს, ასაკობრივი რეგულაციებია, რაც აქამდე კანონით მოთხოვნილი არ ყოფილა.

 

კერძოდ, თუ არსებულ კანონში მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები [გამონაკლის შემთხვევებში სასამართლოს შეუძლია ეს ასაკობრივი სხვაობა შეცვალოს], ახალი რეგულაციით, დაწესდება ზედა ზღვარიც – სხვაობა მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის არ უნდა აღემატებოდეს 50 წელს.

 

“მე უკვე მესმის, რომ ზოგიერთი ამ ცვლილებას დისკრიმინაციულად მიიჩნევს, თუმცა შემიძლია ავხსნა, რატომ არის ეს სამართლიანი. როდესაც მშობელი 50 წლის ან უფრო დიდ ასაკში ჩვილს იშვილებს, შესაძლოა, ეს ბავშვი უკვე 5 წლის ასაკში მისი მომვლელი გახდეს. რომელი უფრო დიდი დისკრიმინაციაა? ვფიქრობ, ბავშვი ამ რისკისგან დაცული უნდა იყოს,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, დიმიტრი ხუნდაძე. მისივე თქმით, კანონი გამონაკლისს დაუშვებს იმ შემთხვევაში, თუ ორიდან ერთ-ერთი მშობელი 50 წელს მიღწეული არ იქნება.

 

გარდა ამისა, ახალი კანონით ასაკობრივი ბარიერი მოხსნილი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მშვილებელი ბავშვის დედინაცვალი, მამინაცვალი ან ნათესავი იქნება.

 

წინასწარი გათვლებით, აღნიშნულმა შეზღუდვამ იმ პოტენციურ მშვილებელთა რაოდენობაც უნდა შეამციროს, ვინც უკვე ოფიციალურ ბაზაშია დარეგისტრირებული და თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდება.

 

ოფიციალური მონაცემებით, გასაშვილებელ ბავშვთა რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ბავშვის აყვანის მსურველებს წლების განმავლობაში [დაახლოებით, 10-12 წელი] უწევთ მოცდა.

 

ამჟამად ბაზაში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური მონაცემით, გასაშვილებელთა და მშვილებელთა შორის უდიდესი დისბალანსია – ბავშვის შვილად აყვანის 2986 მსურველი ირიცხება, გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობა კი 180-ია. მათგან 114 შშმ ბავშვია, რომელთა შვილად აყვანა საქართველოში, როგორც ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები ამბობენ, არ სურთ.

 

“ეს ცალკე დიდი პრობლემაა. ვფიქრობთ იმაზეც, რომ გარკვეული წამახალისებელი ფაქტორები არსებობდეს და სტიმული მივცეთ ოჯახებს, რომ შშმ ბავშვები იშვილონ. წელს მხოლოდ ერთი შშმ ბავშვი გავაშვილეთ, ისიც საზღვარგარეთ,”- ამბობს დიმიტრი ხუნდაძე, ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი.

 

ე.წ. ჯანმრთელი 64 ბავშვიდან კი გასაშვილებელი ჩვილის სტატუსი მხოლოდ 3 ბავშვს აქვს. ბავშვების გარკვეულ ნაწილს არ უნდა, რომ იშვილონ [კანონის შესაბამისად, 10 წლის ზევით ბავშვების ინტერესი უნდა გაითვალისწინონ], ნაწილი კი ასაკით 14 წელს ზევითაა, რაც მშვილებლებისთვის, როგორც ოფიციალური წყაროები აცხადებენ, ასევე, პრობლემაა. შესაბამისად, 2014 წელს სახელმწიფომ მხოლოდ 16 ბავშვი გააშვილა.

 

“ამ ბაზაში არის ოჯახი, რომელიც 16 წლის წინ დარეგისტრირდა და ამ დრომდე ელოდება თავის რიგს,”- ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სააგენტოს უფროსი, გაიოზ თალაკვაძე ნეტგაზეთთან საუბარში.

 

იმ შემთხვევაში, თუ ახალი რეგულაციები ამავე წელს შევა ძალაში, ეს ოჯახი შესაძლოა ბაზიდან ამოირიცხოს.

 

“64 წლის არიან. თუკი მოთხოვნას შეცვლიან და ჩვილის მაგივრად 14 წლის ბავშვის აყვანაზე იქნებიან თანახმა, ამ წელს შანსი ისევ ექნებათ. თუმცა ამ დროისთვის ისინი ამ მოთხოვნას არ ცვლიან,”- ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

 

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც აღნიშნულ კანონში შევა, შვილად აყვანის პირდპირი წესის გაუქმებაა.

 

კანონის ახლანდელი ვერსიით, იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვის ბიოლოგიური მშობელი და მშვილებელი სააგენტოს ერთობლივად მიმართავენ, ყოველგვარი შეზღუდვისა და რიგის გარეშე ხდება ბავშვის გაშვილება. ეს კი, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი, გაიოზ თალაკვაძე ამბობს, გარკვეულ კორუფციულ რისკებს ქმნის.

 

“მაგალითად, თუ მშვილებელს აქვს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომ ესა თუ ის ბიოლოგიური ოჯახი აშვილებს ბავშვს, არსებობს დიდი რისკი, რომ ამ ოჯახს დაუკავშირდეს, გარკვეული თანხა შეთავაზოს, ერთობლივი განაცხადი დაწერონ და რიგის გარეშე იშვილოს. ახალ რეგულაციებში ეს წესი აღარ იარსებებს,”- ამბობს თაკლვაძე.

ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს დროში უნდა გადაუგზავნონ. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, დეტალებზე შეჯერება საკომიტეტო მოსმენებზე მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი