ახალი ამბები

ღარიბაშვილი: სააკაშვილი აღელვებული ჩანდა და გამახსენდა ომის კადრები

15 აგვისტო, 2014 • • 1493
ღარიბაშვილი: სააკაშვილი აღელვებული ჩანდა და გამახსენდა ომის კადრები

“მიხეილ სააკაშვილი აღელვებული ჩანდა და მე გამახსენდა ომის კადრები. ეს იყო ერთგვარი გამეორება იმ კადრებისა, რაც ჩვენ ვიხილეთ. რაც შეეხება მის განცახდებას, მე არ ვიცი, რამდენად სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო. თუ რომელიმე ქვეაყანაში სახელმწიფოს მეთაურს მიაჩნია, რომ  ეს არის ნორმალური, მაშინ ჩვენ დემოკარტიაზე არ უნდა გვქონდეს საუბარი. ეს არის ტიპური დიქტატორის განცხადებები, რომ როგორ შეიძლება მასაჟისტის და მილიონობით გაწეული ხარჯები იყოს ნორმად აღქმული და მიჩნეული. ეს არის გამორიცხული.”

 

ღარიბაშვილის განცახადებით, საქართველოში განუკითხაობის ეპოქა დასრულდა:  

 

“მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, საქართველოში დასრულდა განუკითხაობის და დაუსჯელობის ეპოქა. ყველას მოეთხოვება სათანადო პასუხი და ყველა მოქალაქე იქნება თანასწორი კანონის წინაშე. ეს იქნება პრემიერ–მინისტრი, პრეზიდენტი თუ პარლამენტის თავმჯდომარე თუ ნებისმიერი სხვა მოხელე.”    

 

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ “რუსთვი2” –ის ეთერით მასზე შიდა ძებნის გამოცხადებას და გრიფით საიდუმლო ხარჯების საკითხს გამოეხმაურა. 

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ხარჯების ნაწილი 2009 წელს დასავლელი მეგობრების რეკომენდაციით გახდა საიდუმლო, რადგან პუტინი და მედვედევი მისი განადგურებით იმუქრებოდნენ:

 

“გაიგო საქართველოს საზოგადოებამ, რომ თირკმლისთვის ვიღებ რაღაც ტაბლეტებს და პროსტატისთვის, ამით მოგეშვათ? პრეზიდენტიც ადამიანია და ხანდახან პროსტატაც ტკივა. მოეშვა ივანიშვილს, ეს რომ გამოაქვეყნა? 2008 წელს პუტინმა თქვა საჯაროდ, რომ სააკაშვილს გავანადგურებ, მედვედევმაც გაიმეორა. ნებისმიერი დაცვის სამსახური ამას გაასაიდუმლოებდა, ჩვენი დასავლელი მეგობრების რეკომენდაციაც ეს იყო. პრაქტიკულად არსად მყოლია ზედმეტი დაცვა, მე რაც არ უნდა დამაშინონ, ჩვეულებრივად გადავაადგილდები, რადგან თავისუფალი ადამაინი ვარ. “

 

სააკაშვილი ბრალდებას გასახდომ პროცედურებზე და ბოტოქსზე თანხების ხარჯვის შესახებ სრულ სიცრუეს უწოდებს:

 

“ცხრა წელიწადში  საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნო, დაესწრო ორმოცდაათზე მეტ სამიტს, მიიღო მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ლიდერი საქართველოში, შვიდი პიჯაკი დაჯდა ეს და ამაზე აგებს ივანიშვილი ყველაფერს? ჩემს ოჯახს შემოსავალი არ აქვს, მე არ შემეძლო ყიდვა შესაბამისი პიჯაკის. “

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ხარჯებისთვის, რომელსაც გრიფი საიდუმლო ედო, ბრალი წარედგინა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და სდსს-ს ყოფილ ხელმძღვანელს თემურ ჯანაშიას

 

“პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე გამოტანილი იქნა დადგენილებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს.

 

2014 წლის 14 აგვისტოს პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილზე შიდა ძებნა გამოცხადდა. 

 

პროკურატურამ ამის თაობაზე დადგენილება მოამზადა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გადაეცა. სააკაშვილს ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას დააკავებენ.

 

მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის აქციის დაშლისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, რის საფუძველზეც  მასზე ძებნა გამოცხადდა. 

 

“გამოაცხადეს შიდა და არა გარე, იმიტომ, რომ მთავარია, ქვეყანაში არ ჩამოვიდე,”- ასე გამოეხმაურა სააკაშილი მისთვის ბრალის წარდგენას “რუსთავი 2–ის” ეთერში საუბრისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი