ახალი ამბები

შსს თანამდებობის პირის მეგობრის მოთხოვნის საფუძველზე პოლიციელის დასჯას უარყოფს

10 აგვისტო, 2014 • • 1227
შსს თანამდებობის პირის მეგობრის მოთხოვნის საფუძველზე პოლიციელის დასჯას უარყოფს

ნინო ტლაშაძესთან ნეტგაზეთი ჯერჯერობით დაკავშირებას ვერ ახერხებს, ამიტომ უცვლელად გთავაზობთ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ მის სტატუსს:


„დღეს ჩემს ქმარს, რომელიც საპატრულო პოლიციაში მუშაობს, გამოუცხადეს სასტიკი საყვედური. “გადაცდომის” ფაქტი მოხდა 2014 წლის 19 ივნისს. იმ დღეს სოსო დამატებითში, ღამის საათებში მეტეხის ხიდთან გადაკეტვაზე იდგა; ასრულებდა სამსახურებრივ მოალეობას. ამ დროს გააჩერა BMW – ს მარკის მანქანა, რომლის მძღოლი გადაკეტილ ქუჩაზე ცდილობდა მანქანით შესვლას. მოქალაქემ (გვარი და სახელი არ წერია ბრძანებაში) მიმართა პატრულ ინსპექტორს აგდებული ტონით: “ეეე ბიჭო რატო არ შეიძლება” და სოსომ უპასუხა: “მოქალაქე გაფილტრეთ სიტყვები და დაემორჩილეთ ბრძანებასო”.

ეს “საუბარი” სოსომ დააფიქსირა ახსნა-განმარტებით ბარათშიც. მოგვიანებით აღნიშნული მოქალაქე აღმოჩნდა შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ჭოხონელიძის მეგობარი, რომელიც იმავე სუფრასთან ქეიფობდა შარდენის ქუჩაზე სადაც გაჩერებული ავტომანქანის მძღოლი. ჭოხონელიძემ რამდენიმე დღის შემდეგ დაიბარა პატრულ ინსპეტქორი სამინისტროში და მოსთხოვა ახსნა-განმარტება. შედეგად შსს-ს მაღალჩინოსანმა პატრულ ინსპექტორი დასაჯა იმისათვის რომ მან მოქალაქეს აკრძალულ ადგილას მანქანით შესვლის უფლება არ მისცა – ანუ დაიცვა წესრიგი.

 

მაგრამ ამ ქვეყანაში ხომ, ვინც არ უნდა იყოს მთავრობაში კანონი მეგობრობის, ნათესაობის, ნათელ-მირონობის წინაშე უძულურია. მაღალჩინოსნების მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს ყველა კანონის დარღვევის უფლება აქვთ – უბრალო მოკვდავები კი ამას უნდა დაემორჩილონ. საინტერესოა იმ “სასტიკი საყვედურის” ბრძანებაში ბატონმა ჭოხონელიძემ რატომ არ დაწერა რა მიზეზით მოხდა კამათი პატრულ ინსპექტორსა და მოქალაქეს შორის? ან იმას ხომ არ დაწერდა რომ ის მოქალაქე მისი მეგობარი და თანამესუფრე იყო! ეს საქართველოა! აქ ჩინოვნიკებს ცა ქუდად არ ყოფნით და დედამიწა ქალამნად! მას შეუძლია ტყუილიც კი დაწეროს ბრძანებაში – იოსებ აბულაძეს ხელმძღვანელობა უარყოფითად ახასიათებსო!! უარყოფითად ახასიათებენ თანამშრომელს რომელსაც 8 წლის მანძილზე საყვედური არ მიუღია; რომლის სახელზეც ყველაზე მეტი დანაშაულის აღკვეთის საქმე წერია, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის მანძილზე!”,– წერს ტლაშაძე.

 

ნეტგაზეთმა ინფორმაციის გადამოწმება სცადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველოს დისციპლინური დევნის პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილესთან, ერეკლე ჭოხონელიძესთან. მან განგვიცხადა რომ პრესცენტრს უნდა მივმართოთ და ტელეფონი გამორთო. შს სამინისტროს პრესცენტრში ნინო ტლაშაძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ასეთ ფაქტს არ ადასტურებენ:

 

„არ ვადასტურებთ იმ ფაქტს, რაც არის შს სამინისტროს მაღალჩინოსანზე ამ სტატუსში. რაც შეეხება საპატრულო პოლიციელის თანამშრომელს, მან საყვედური მიიღო გენერალური ინსპექციისგან მოქალაქესთან უხეში მოქცევის გამო, რადგან თვითონ ამ მოქალაქემ მიმართა გენერალურ ინსპექციას. გენინსპექცია მსგავს რამეზე რეაგირებას ყოველთვის ახდენს“.

 

კითხვაზე, თუ შეუძლაით დააკონკრეტონ, პატრულის მხრიდან რა სახის უხეშობას ჰქონდა ადგილი, პრესცენტრში ამბობენ: „უხეშობა ის არის, რაც კანონით არის განსაზღვრული“.

 

სამინისტროს პრესცენტში სტატუსში მოცემულ ინფორმაციას უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ „პირი, რომელსაც პატრულის თანამშრომელი ეუხეშა, არ არის ჭოხონელიძის ნათესავი“.


საგამოძიებო უწყებაში “ნეტგაზეთს” დამატებით შეკითხვებზე პასუხი არ გასცეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი