14.11.2013

რას სთავაზობს ყოფილ პატიმრებს რესოციალიზაცია–რეაბილიტაციის პროგრამა

იუსტიციის სამინისტრომ ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია–რეაბილიტაციის პროგრამის ერთი წლის შედეგები შეაჯამა. პროგრამა გასულ წელს, ამნისტიის შემდეგ ამოქმედდა და როგორც სამინისტროში აცხადებენ წარმატებით ხორციელდება.

პროგრამას, რომელიც ფარგლებშიც ყოფილ პატიმრებს ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას, სამედიცინო და იურიდიულ დახმარებას სთავაზობს დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი ახორციელებს. პროგრამაში ჩართული არიან სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და სასწავლო დაწესებულებები.



პროგრამით ერთი წლის მანძილზე 800–მდე პატიმარმა ისარგებლა, მათ შორის 60–მდე პატიმარი დასაქმდა. პროგრამაში ჩართული ყოფილი პატიმრები დღევანდელ პრეზენტაციასაც ესწრებოდნენ:



“ყველა პატიმარს, ვინც გათავისუფლებას ელოდებოდა მოუვიდა ცირკულარული წერილი იუსტიციის სამინისტროდან, ეწერა, რომ ჩვენს გვერდით არიან, როცა გამოვალთ მარტო არ ვიქნებით და ა.შ. თავიდან არ ვიცოდი რა იქნებოდა, გამოვედი თუ არა მესამე დღეს მივედი იუსტიციის სამინისტოში, მომისმინეს, გაიგეს ჩემი პრობლემები, პირველ რიგში გამიკეთეს სამედიცინო გამოკვლევა, ყველანაირი რაც მჭირდებოდა, გამომიყვეს უფასო იურისტი, რომელიც აწარმოებს ჩემს საქმეს. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს თქვენთვის, ამ თანადგომამ მიმახვედრა, რომ მე კიდევ საჭირო ვარ, ავდექი და ერთიანი სამაგისტრო გამოცდები ჩავაბარე, 100%–იანი გრანტი ავიღე და დღეს აგრარულ უნივერსიტეტში ვსწავლობ”, – აცხადებს ყოფილი პატიმარი გაგა ჩიხორია, მან საპატიმრო დაწესებულებაში 2 წელი, 11 თვე და 9 დღე გაატარა.




იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით პროგრამის განხორციელებას ორი მიზანი აქვს:



“ჩვენ ორი მიზანი გვაქვს, რომ ყოფილი პატიმრები არასოდეს აღარ შებრუნდნენ ციხეში და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი არის, რომ საზოგადოება იყოს დაცული განმეორებითი დანაშაულისგან. როდესაც ყოფილი პატიმარი ხდება საზოგადოების წევრი ისე, როგორც თავიდან და მას ხელს უწყობს სახელმწიფო შანსი არის რომ ყოფილი პატიმარი აღარასოდეს აღარ გაიხედავს ციხისკენ და ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი”, – აცხადებს თეა წულუკიანი.



პრეზენტაციას ესწრებოდა ახლად არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც:

 

“მე მინდა საგანგებო მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტისთვის. ეს არის პროექტი, როდესაც სახელმწიფო ზრუნავს იმ ადამიანებზე, ვინც მოხდა პენიტენციურ სისტემაში. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ამ ადამიანებზე ზრუნვა, ეს არის საზოგადოებაზე ზრუნვა. როდესაც ადამიანის რესოციალიზაცია ხდება, ხდება რეციდივის შესაძლებლობის კლება და ხდება კონკრეტულად ამ ადამიანების ოჯახებზე ზრუნვა და ძალიან მისასალმებელია, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება ჩვენი მთავრობის მიერ’, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.



დღევანდელ პრეზენტაციაზე ვიდეორგოლის პრეზენტაციაც მოეწყო, რომელზეც ყოფილი პატიმრის ცხოვრებაა ასახული. ვიდეო მაყურებელს მოვლენათა განვითარების ორი სცენარიდან ერთ–ერთის არჩევის საშუალებას აძლევს, ერთ შემთხვევაში პატიმარი ისევ ციხეში ბრუნდება, მეორე სცენარის მიხედვით კი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ხდება. ვიდეო ინტერნეტში უახლოეს დღეებში განთავსდება.