ხელოვნება

ქუჩაში გაცოცხლებული ისტორიები

26 აგვისტო, 2013 • 3306
ქუჩაში გაცოცხლებული ისტორიები

 

23 აგვისტოს ხულოს ქუჩაზე გაზეთი „ბათუმელები“, ტრადიციულად, ამბებს აგროვებდა. ოღონდ არა გაზეთში დასაბეჭდად, არამედ ადამიანების მეხსიერებაში გადასატანად. „ბათუმელები“  იმ პროექტის ნაწილი გახდა, რომელიც უკვე მეორე წელია ბათუმში ხორციელდება. „ბათუმის ეზოს ამბების“ ფარგლებში ხულოს, გორგასლისა და გამსახურდიას ქუჩები სამი დღით საგამოფენო სივრცედ იქცა. ქართველი და უცხოელი არტისტები ნამუშევრებს ქმნიდნენ, რაც შემდეგ საჯარო სივრცეში გამოიტანეს და იქ მისული მნახველი თავიანთი ხელოვნების თანამონაწილე გახადეს.

 

 

ფანჯრებჩაცვენილი, იატაკ და სახურავმორყეული, თითქმის დანგრეული სახლის მეორე სართულიდან გოგონა მთელი საღამო ადევნებდა თვალს ამბებს, რომელიც მისი სახლის ეზოში ხდებოდა. იქვე, ეზოში სარწეველა სკამში მჯდომი ეზოს კიდევ ერთი ბინადარი, ასევე მთელი საღამო აკვირდებოდა მომსვლელთ. სიმშვიდე, რომელსაც ეს ადამიანები გადმოსცემდნენ, გადამდებია. მათი შემხედვარე, აღარ გეშინია, უფრო მეტიც, აღარ გიკვირს, რომ სახლი, რომლის ფეხზე დგომაც წარმოუდგენელი გგონია, მაინც ცოცხალია.

 

„ბათუმში, ხულოს ქუჩის რვა ნომერში ანგელოზი ცხოვრობს, რომელ ანგელოზსაც უჭირავს ეს სახლი.  პირველად როცა ამ ეზოში შემოვედი, მივხვდი, რომ გრავიტაციის კანონები აღარ მუშაობს. ანგელოზი სწორედ აქ ცხოვრობს“ , –  ამბობს დენის გოლობინი, რომელმაც ხულოს ქუჩაზე ავარიული სახლის ეზოში რკინის ანგელოზის კონსტრუქცია დადგა.

 

იმავე სახლს ბოძი პროექტის დირექტორმა ლევან ხუჯაძემ შეუდგა და სხვადასხვა ჟანრის წიგნებით აშენებული ბოძი, ეზოს ამბების ერთ-ერთ ნამუშევრად აქცია.

 

„მას შემდეგ რაც ეს ეზო ვნახე, მომივიდა იდეა, რომ გამეკეთებინა ერთი ნამუშევარი. ეს არის ჩამონგრეული შენობა, ანუ ჩემი თეორიით ეს არის სახელმწიფო და ეს წიგნები ბოძია, განათლება, რომელიც ბიჯგად უდგას და აკავებს ჩამონგრევისგან,“  –  ამბობს ლევანი.

 

ყველა ეზო ქუჩაში გადის. ხულოს რვა ნომრის ეზოსაც გასასვლელი ქუჩაში აქვს და ქუჩა იმ დღეს გაზეთმა „ბათუმელებმა“ აავსო ამბებით. გაზეთის სამწლიანი რუბრიკა „ძველი ბათუმი“, „ბათუმელების“ ფურცლებიდან ქუჩაში გამოვიდა ახალი მკითხველის საპოვნელად.

 

„ბათუმელები“ არის ამ პროექტის პარტნიორი, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ჩვენ გვევალებოდა ხულოს ქუჩის გამრავალფეროვნება. ძველი ბათუმის ისტორიები, რომელიც  სამი წელია იბეჭდება გაზეთ „ბათუმელებში“ ნანა კვაჭაძისა და შოთა გუჯაბიძის ავტორობით, ამოვბეჭდეთ  და გამოვფინეთ. ასევე ხუთი გამომცემლობის წიგნები გამოვიტანეთ განსაკუთრებული ფასდაკლებით. ასევე სუპერმარკეტ „სმარტის“, მეღვინეობა „ხარებას” და  ბათუმის ლუდის ქარხანა მოვიწვიეთ იმისათვის, რომ ცოტა უფრო სახალისო ყოფილიყო დღევანდელი დღე მათი საშუალებით,“  –  თქვა გაზეთ „ბათუმელების” მენეჯერმა მზია ამაღლობელმა ღონისძიების ბოლოს.

 

 

საჯარო ხელოვნების კიდევ ერთი ნიმუში, სურვილების ოთახიც ხულოს ქუჩაზე იყო.

„ეს სურვილების ოთახია. მიუხედავად იმ ყელაფრისა, რაც ირგვლივაა, ეს არის ადგილი, სადაც მაინც სრულდება სურვილები,“ – ამბობს გოჩა ჟღენტი, ნამუშევრის ავტორი.

 

მთელი საღამოს განმავლობაში ადამიანები შედიოდნენ პატარა, ლურსმნებით შემოჭედილ ყუთში, იღებდნენ კალამს და თავიანთ სურვილებს ყუთშივე დამონტაჟებულ საფოსტო ყუთში აგდებდნენ, სურვილების შესრულების იმედით.

 

ეზოდან ქუჩაში და ქუჩიდან ეზოში –  ეს კანონზომიერებასავითაა. ხულოს ქუჩაზე მდებარე ძველი აბანო სამი დღით საგამოფენო სივრცედ იქცა. სადაც რვა არტისტმა თავიანთი სხვადასხვა ნამუშევრი წარმოადგინეს. მათ შორის იყო „ცრურწმენების მუზეუმი“, ანუ მოჩვენება მუზეუმი.

 

აბანო, სხეულის განწმენდის, უარყოფითი ენერგიის მოშორების სარიტუალო სივრცე ცრურწმენებისა და ძველი ხალხური ნიშნების გახსენებისა და გააზრების აჩრდილ მუზეუმად, ერთგვარ არქივად ტრანსფორმირდა.

 

„ამ ისტორიებსა და ცრურწმენებს ათი დღე ვაგროვებდით ადგილობრივ მოსახლეობაში.  ეს არის მუზეუმი აჩრდილი, რომელიც ბათუმის ეზოს ისტორიების ფარგლებში გავაკეთეთ ძველი აბანოს სივრცეში. მოგეხსენებათ, აბანოში ჯინები და ავსულები ცხოვრობენ. მით უმეტეს მიტოვებულ აბანოებში,“   –  ამბობს „ცრურწმენების მუზეუმის“ ერთ-ერთი ავტორი, მარიამ ნატროშვილი.

 

„ბათუმის ეზოს ამბები“ დამთავრდა ერთი წლით. ეზოები თავიანთი ამბების მოყოლას და დამახსოვრებას კი მთელი წელი გააგრძელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი