ეკონომიკა

აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტი: საქართველოს მთვრობამ მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა განავითაროს

14 მაისი, 2013 • • 1919
აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტი: საქართველოს მთვრობამ მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა განავითაროს

“მცირე ბიზნესი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. 11 წელიწადში აშშ–ის ბიუჯეტმა მცირე ბიზნესის განვითარებიდან დამატებით 22 მილიონი დოლარი მიიღო. მცირე და საშუალო ბიზნესი ასაქმებს აშშ–ის მოსახლეობის 92 პროცენტს. მცირე ბიზნესი არის პასუხისმგებელი ქვეყნის მშპ–ს ზრდაზე. მცირე ბიზნესი ითვისებს ინოვაციებს, ქმნის ქსელს და ასაქმებს სულ უფრო მეტ ადამინს”, – ეს განცხადება ჯასტინა კოტკემ სასტუმრო “ბეტსში” გამართულ საქართველოსა და აშშ–ის კერძო სექტორებს შორის ბიზნესურთიერთობის კონფერენციის მიმდინარეობისას გააკეთა.

 

მისი თქმით, აშშ–ის მთავრობა დაინტერესებულია, ხელი შეუწყოს ექსპორტული ბიზნესის განვითარებას:

 

“ეს სეგმენტი ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. აშშ-ში ამ ტიპის ბიზნესი არის ერთ–ერთი გასაღები, რომლის მეშვეობითაც იზრდება ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკა. აშშ–ის ბიუჯეტმა მიიღო დამეტებით 500 მილიარდი ექსპორტიორი მცირე კომპანიების გასაღების ახალ ბაზრებზე გასვლის შედეგად. აშშ–ის ექსპორტის 97 პროცენტი მცირე ბიზნესზე მოდის. აშშ–ში არის სპეციალური ქსელი, რომელიც მცირე მეწარმეებს უწევს უფასო კონსულტაციას, გასცემს გრანტებს და კრედიტებს. ამ ქსელს ქვეყანაში 68 რეგიონული წარმომადგენლობა აქვს”.

 

ჯასტინა კოტკემ განაცხადა, რომ აშშ–ს აქვს ახალი სტრატეგია, რომლის მიზანიცაა წახალისდეს უცხოური ბიზნესი ქვეყნის გარეთ, რადგან მას წარმოების გასავითარებლად უჩნდება მოთხოვნა უცხოურ ნედლეულზე, ეს კი აშშ–დან ამ ქვეყნებში ექსპორტის მაჩვენებელს ზრდის.

 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი მატკავას განცხადებით, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სახელმწიფოს შეზღუდული რესურსები აქვს:

 

“ოთხი წელია ეკონომიკის სამინისტროში ვმუშაობ. ოთხჯერ ვცადეთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის გაკეთება, მაგრამ ჩაიშალა ეს მცდელობა. ხშირ შემთხვევაში ფული ნაწილდება სხვა მიმართულებით, რადგან ქვეყანაში ჩნდება სხვა უფრო მნიშვნელოვანი საჭიროებები. იმედი მაქვს, მეხუთე მცდელობა გაამართლებს. ჩვენი მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესმა აკეთოს საერთაშორისო ბიზენსი და მოხდეს მცირე ბიზნესის ინტერნაციონალიზაცია.”

 

აშშ–ის სელჩოს წარმომადგენელი, ოფიცერი ეკონომიკის საკითხებში ჯონ ეშვორსი, საქართველოში ბიზნესის დაბალ აქტივობას ქვეყანაში ინვესტიციების ნაკლებობას უკავშირებს:

 

“საქართველოსთან განსაკუთრებულ დისკუსიებს ვმართავთ პოლიტიკაზე. აშშ–მა სქართველოში უნდა მოახდინოს დემოკრატიის მხარდაჭერა, უნდა გაიზიაროს მთვრობის ხედვები და მიზნები. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პოლიტიკა  ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, რათა გაიზარდოს ინვესტიციები. პოლიტიკური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდროა. გვჭირდება ურთიეთობების გაზრდა ეკონომიკურ პოლიტიკაში.”

 

საქსტატის მონაცემებით, აშშ საქართველოს მეექვსე სავაჭრო პარტნიორია. 2013 წლის პირველ კვარტალში ამ ქვეყნიდან საქართველოში 53 670,9 აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო იმპორტმა 48 988,9 აშშ დოლარი შედგინა.

   

ჯონ ეშვორსის შეფასებით, საქართველოში კომერციული ბარიერები გამარტივებულია:

 

“საქართველოს ექსპორტს აშშ–ში აქვს პრივილეგიები. საქართველოში არის პრობლემები ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით. ეს არის პატარა ქვეყანა, რომელიც მდებარეობს აშშ–ისგან შორს და ამიტომ ინვესტიციების განხორციელებას მანძილი აფერხებს. საქართველოს მთავრობამ უნდა მოახდინოს საკუთრი მრეწველობის რეკლამირება. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აშშ–სა და საქართველოს შორის არის მნიშვნელოვანი და ამისკენ რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას.”

  

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი მატკავას შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის და ეკონომიკური ზრდის პოტენციალი უფრო დიდია, ვიდრე მიღწეული მაჩვენებლები:

 

“ყველაზე ამბიციური ამოცანა არის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმი აშშ–თან. საქართველოში ინვესტიციებს ახორცილებს ოპიკი და აშშ–ის ექსპორტისა და იმპორტის ბანკი. ეს ორგანიზაციები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მოთხოვნა პროექტების დაფინანსებაზე საქართველოს ბიზნესკომპნიების მხრიდან არის დაბალი.”

 

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტის კახა კოხრეიძის განმარტებით, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი ოპიკთნ და აშშ–ის ექსპორტისა და იმპორტის ბანკთან ურთიერთობისთვის მზად არ არის:

 

“ამ ორგანიზაციის მოთხოვნებს მსხვილი ბიზნესჯგუფები აკმაყოფილებენ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპიკის დაფინანსება ახლახანს “ვისოლმა” მიიღო.

 

კახა კოხრეიძე მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურების გამოსავალს მთავრობის პოლიტიკაში ხედავს:»მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება ხელშეწყობა; საგადასახადო შეღავათები და საკონსულტაციო სისტემის ჩამოყალიბება.»

 

 აშშ–ის და საქართველოს კერძო სექტორებს შორის ბიზნესურთიერთობებისადმი მიძღვნილი კონფერენცია ვორკშოპით დასრულდა. ბიზნესასოციაციებმა ბიზნესის განვითარებაში საკუთარ მონაწილეობაზე ისაუბრეს. კონფერენციაზე ასევე მოხდა აშშ–ის ვაჭრობის დეპარტმენტის პროექტ «საბიტის» პრეზენტაცია, რომელიც ადგილობრივ ბიზნესებს სექტორების მიხედვით აშშ–ის გამოცდილებას გაუზიარებს და საინვესტიციო პროექტების მომზადებაში დაეხმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი