ახალი ამბები

ადვოკატი: თავისუფლების აღკვეთისთვის დაკავებულ სითი პარკის თანამშრომლებს ათავისუფლებენ

24 აგვისტო, 2015 • • 893
ადვოკატი: თავისუფლების აღკვეთისთვის დაკავებულ სითი პარკის თანამშრომლებს ათავისუფლებენ

როგორც ნეტგაზეთს დაკავებულების ადვოკატმა იოსებ ხარატიშვილმა განუცხადა, მათ ისე გაათავისუფლებენ, რომ საქმე სასამართლომდე არ მივა. მისივე თქმით, გამოძიებამ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა.


“წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გაგზავნილია საბუთები მათი გამოშვების შესახებ. ბრალდების მხარემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო”, – ამბობს ადვოკატი.


საპატრულო პოლიციამ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით „სი-თი პარკის“ სამი თანამშრომელი გუშინ დააკავა. უნდა დადგეს თუ არა იმ სამართალდამცველების პასუხისმგებლობა, რომლებმაც სითი პარკის თანამშრომლები დააკავეს, პროკურატურის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ?


“სწორად რომ შევაფასოთ, ფაქტი თითქოს გავდა იმას, რომ ბავშვი იყო მანქანაში და ავტომობილი წამოიყვანეს. ფაქტი არასასიამოვნოა. მაგრამ უამარავი ჩანაწერები არსებობს, რომლითაც დასტურდება, რომ მათი ბრალეულობა აქედან არ გამომდინარეობს. მესმის, ადამიანები ტყუილად ისხდნენ ციხეში. მათ აქვთ უფლება, რომ თუ მიადგათ მორალური ზიანი, მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ მისი ანაზღაურება, თუმცა ის 48 საათი, რომელიც [გამოძიებას ბრალის წარსადგენად] ჩვენი კანონმდებლობით აქვთ, არის ის დრო, რომ გაირკვეს, ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა თუ არა. მე ამაზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებთან საუბარი ჯერ არ მქონია. მოვისმენ მათ სურვილებს და იმის მიხედვით ვიმოქმედებ”, – აცხადებს ადვოკატი და დასძენს, რომ ავტომობილში სითი პარკის თანამშრომლები მძინარე ბავშვს ვერ დაინახავდნენ, რადგან მისი უკანა და გვერდითა მინები იმ დონეზე იყო დაბურული, რომ იმის გარჩევა, ვინმე იწვა თუ არა იქ, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. რაც შეეხება იმას, ელის თუ არა მათ სანქციები სითი პარკის ადმინისტრაციისაგან, ადვოკატი, რომელიც სწორედ კომპანიის მიერაა დაქირავებული, ამბობს:


“ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტებს თუ მივყვებით, არ არის მათი ბრალი, რადგან ვერ დაინახეს დაბურულ მანქანაში. შეიძლება საყვედური გამოუცხადონ, მაგრამ მე ზედაპირულად ვიცი, რომ მათ სამსახურიდან დათხოვას არ აპირებენ”.


“გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ „სი-თი პარკის“ თანამშრომლებმა ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს პარკირების წესების დარღვევით მდგარი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც, სავარაუდოდ, მძინარე არასრულწლოვანი იმყოფებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ კომპანიის კერძო ავტოსადგომზე, სადაც გაირკვა, რომ ავტომანქანის სალონში საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 2004 წელს დაბადებულ ლუკა ს-ს ეძინა. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ლუკა ს. მშობლებს უვნებლად ჩააბარეს”, – წერია შსს-ს გუშინდელ განცხადებაში და აღნიშნული იყო, რომ გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი