კომენტარი

“დივერსანტის“ ჩანაწერი

6 აპრილი, 2015 • 1788
“დივერსანტის“ ჩანაწერი

სულხან სალაძე
სულხან სალაძე

რაც არ უნდა უცნაური იყოს, პრემიერის განცხადებაში არის სიმართლის მარცვალი. ოღონდ საქმე ის არის, რომ სიმართლის მარცვლის ძიებას თუ დავიწყებთ, ადრესატის შეცვლა მოგვიწევს აუცილებლად. შესაბამისად, ისეთი შეფასებები, როგორიცაა – “უპასუხისმგებლო”, “ანტისახელმწიფოებრივი” და “მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული”, საყდრისი-ყაჩაღიანის კონტექსტში თუკი ვინმესთან დაკავშირებით შეიძლება გამოვიყენოთ, ეს ალბათ უფრო ადმინისტრაციული ორგანოებია და არა ისინი, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში სამოქალაქო აქტივიზმის მაგალითზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ცდილობდნენ.

მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან ადამიანების თუ ორგანიზაციების “ანტისახელმწიფოებრივ” და სხვა მონათესავე ელემენტებად მონათვლის ეს არც პირველი შემთხვევაა და გული მიგრძნობს, რომ არც ბოლო არ უნდა იყოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს უაღრესად საშიში ტენდენცია (შეიძლება აღარც არის ტენდეცია და ჩვეულებრივი მოცემულობაა უკვე) იმ სახელმწიფოსთვის, რომელსაც ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობა სურს.

და მაინც, ბატონო პრემიერო, მინდა რამდენმე წინადადება დავწერო იმის შესახებ, თუ საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს ირგვლივ განვითარებული მოვლენების კონტექსტში რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ კონკრეტულ ადმინისტრაციულ ორგანოებს და პრემიერ-მინისტრის შეფასებას. მერე ყველამ თავად გადაწყვიტოს, სად შეიძლება სჯობდეს ტერმინებისთვის: “უპასუხისმგებლო”, “ანტისახელმწიფოებრივი” და “მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული” – ადრესატის ძებნა. ასე მაგალითად:

  • 2014 წლის 12 დეკემბერს, “RMG-Gold”-ის მიერ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განცხდების წარდგენიდან დროის მცირე მონაკვეთში, სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სტატუსის გარეშე დატოვების და არქეოლოგიური ობიექტის დაშლა-აღების მიზნით, მალულად, იმავე დღეს – 13 მოქმედების შესრულება და ოთხი გადაწყვეტილების მიღება რომ შეძლეს, იცით ალბათ. და ეს პროცესი ეროვნული მუზეუმის და საყდრისი-ყაჩაღიანის ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციისთვის უთქმელად რომ მოახერხეს, ეს მისაღებია? რატომღაც სხვა დროს და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროს და სააგენტოს მონდომება არ არის ასეთი მაღალი.

  

  • ქვეყნის კულტურის მინისტრს სამუშაო საათების დასრულების შემდეგ სულ რაღაც 39 წუთი რომ დასჭირდა იმისთვის, რომ ერთი ხელის მოსმით ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება (უფრო სწორად, არ ჩაეტარებინა) და საყდრისისთვის საბოლოო განაჩენი გამოეტანა, ამას რა ვუწოდოთ? ნურც იმას დავივიწყებთ, საყდრისის აფეთქებამდე მცირე ხნით ადრე კულტურის მინისტრი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს რომ იკავებდა, აქაოდა საქმე სასამართლოშია და შეიძლება ჩემი კომენტარი ზეწოლა იყოს სასამართლოზეო.
  • 2014 წლის 13 დეკემბერს, საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქებიდან მიმდინარე წლის 9 იანვრამდე, “RMG-Gold”-ი ისე რომ ახორციელდებდა  არქეოლოგიური ობიექტის თითქოსდა ე.წ. დაშლა-აღებას, რომ მას არც ერთი არქეოლოგი არ დასწრებია, იცით? სად იყვნენ ამ დროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო?
  • 2014 წლის 13 დეკემბრის დილიდან მოყოლებული, მაშინ, როდესაც ნახევარ საქართველოს ეძინა, „RMG-Gold”-მა საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქებით რეალურად ის მსხვილმაშტაბიანი სამუშაოები რომ განაახლა, რისი უფლებაც 2014 წლის ივნისიდან სასამართლოს ძალით აქვს შეჩერებული და ამაზე დღემდე არავის  პასუხი რომ არ უგია, უნდა გვიხაროდეს ვითომ?
  • ის, რომ სასამართლომ 2013 წელს ე.წ. თერთმეტკაციანი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა უკანონდ მიიჩნია, ხოლო ხელისუფლებას იმ კომისიის ერთ-ერთი წევრი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მაღალ თანამდებობზე ჰყავს, ამ ამბავს როგორ მოვეკიდოთ? 
  • საქართველოს მთავარ პროკურატურას 2014 წლის დასაწყსისში საყდრისი-ყაჩაღიანის დაზიანების ფაქტზე დაწყებული გამოძიება რომელიღაც თაროზე რომ აქვს შემოდებული  და გამოუძიებლობისგან საქმეს სულ უფრო მეტად ედება  მტვერი, ეს რაზე უნდა მიანიშნებდეს ნეტა?
  • ან კიდევ, ეროვნული მუზეუმი სულ რაღაც ერთ წელს და არც ისე დიდ თანხას რომ საჭიროებდა საიმისოდ, რომ ბოლომდე შეესწავლა საყდრისი-ყაჩაღაიანი და ამის შემდეგ დაეწყო კომპანიას ოქროს მოპოვება, თუმცა სამინისტრომ და სააგენტომ ეროვნული მუზეუმი პრაქტიკულად მარტო რომ დატოვეს ოფშორული კომპანიის წინაშე, ესეც კარგია ვითომ?

სამწუხაროდ, ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება კიდევ. ის, რაც დავწერე, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც კიდევ გახდება ცნობილი.

დაბოლოს, სამართალდამცავი ორგანოებისათვის გაკეთებული მოწოდების შესახებაც მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა. თუ ოდესმე საქართველოში რომელიმე ხელისფლების დროს, რომელიმე სამართალდამცავი ორგანო საყდრისში მომხდარი ამბით მართლა დაინტერესდება, ჩვენც გვკითხეთ რამე. შეიძლება ისეთი ამბების შესახებ გითხრათ, რასაც ჩინოვნიკები არაფრისდიდებით არ იტყვიან. არ იტყვიან იმიტომ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით თეთრზე თეთრის და შავზე შავის თქმა არც ისე იოლია.   

მასალების გადაბეჭდვის წესი