ახალი ამბები

29 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა – აქცია ბათუმის სამშობიარო სახლთან

25 მარტი, 2015 • 1826
29 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა – აქცია ბათუმის სამშობიარო სახლთან

 

ბათუმის სამშობიარო სახლს წინ რუსთაველის ქუჩა ცალმხრივად გადაკეტილია. 29 წლის მაია ვერძაძის ოჯახის წევრები სამშობიარო სახლის ექიმებს გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ. პაციენტს ორი ოპერაცია ბათუმის სამშობიარო სახლში გაუკეთეს და შემდეგ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის დღეს დილას გარდაიცვალა.


ოჯახის წევრების თქმით, 29 წლის მაია სამშოაბირო სახლში პარასკევს, 20 მარტს მიიყვანეს. ახლობლები ამბობენ, რომ პაციენტს ორი კვირის მანძილზე მაღალი წნევა ჰქონდა და ოჯახი ექიმებს საკესირო კვეთის გაკეთებას სთხოვდა, თუმცა ექიმებმა ეს საჭიროდ არ ჩათვალეს. 


„მე მივიყვანე პარასკევს. ექოსკოპია რომ გადაუღეს, ექიმმა უთხრა, მკვდარია ნაყოფიო. სასწრაფოდ დავაწვინეთ. არავითარი სისხლდენა არ ჰქონია“ – ამბობს იზოლდა მორჩილაძე, გარდაცვლილის ბიცოლა.  


მისი თქმით, ნაყოფი გარდაცვლილი დაიბადა და ოჯახს უთხრეს, რომ მეორე ოპერაციაც იყო საჭირო, რის დროსაც პაციენტს საშვილოსნო ამოუღეს. „მეორე დღეს მეუბნება ექიმი, სისხლდენაა მუცლის ღრუშიო. ვითხოვდი, დამაკვალიანეთ და ჩემი ფულით გადავიყვან თბილისში-თქო, არა, ამის განძრევა არ შეიძლება, მდგომარეობა სტაბილურიაო. დაეწყო სისხლდენა და გაეთიშა თირკმელი. დაგვიბარეს ისევ და გვითხრეს, ძალიან დამძიმდა მდგომარეობა და რეფერალურში უნდა გადავიყვანოთ ან რესპუბლიკურშიო, დიალიზის აპარატი არ გვაქვს ჩვენო. გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ოპერაციის დროს მუცლის ბადის გაკაწვრა მოხდაო და ამიტომაც დაიწყო სისხლდენაო“ – ამბობს იზოლდა მორჩილაძე.

 

„თავისი ფეხით შევიდა სამშობაირო ბლოკში, ტყუილია ის, რაც თქვეს ტელევიზორში, რომ სისხდენით შეიყვანეს. ვადანაშაულებთ ექიმებს, იმიტომ, რომ როცა პაციენტს ჰქონდა 180 წნევა, ორი კვირით ადრე ითხოვეს გაუკეთეთ საკეისროო. რა მოხდებოდა, რომ საკეისრო გაკეთებულიყო, ბავშიც გადარჩებოდა და ქალიც. უარყო ექიმმა ორ დღის წინ ტელევიზორში, არანაერი განცხადება არ შემოსულა მაგის თაობაზეო. რატომ ტყუის?!“ – ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი, მაგული კოჩალიძე.   

 

ბათუმის სამშობიარო სახლიდან გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან შესახვედრად არავინ გამოსულა. სამშობიარო სახლს ამ წუთებშიც საპატრულო პოლიცია იცავს. რუსთაველის ქუჩაზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარებაც, რადგან გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის რამდენი წევრი ცუდად გახდა.


„თუ მართალი არიან ეს ექიმები, ბოდიშს მოვუხდით და წავლათ, მაგრამ არ გამოდიან. ესენი ზიან და უყურებენ ტელევიზორს, არ აინტერესებთ აქ რა ხდება. მაგათ ვუწოდებ თეთრხალათიან მკვლელებს, რით განსხვავდებიან მკვლელებისგან? იმით, რომ თეთრი ხალათები აცვიათ, ამიტომ არ იჭერენენ ამათ“ – ზურაბ  დიასამიძე, გარცვლილის მეუღლის ბიძა.  

 

ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორის, ნუკრი ბეჟანიძის განცხადებით, საავადმყოფომ უკვე მიმართა საქართველოს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, შეიწავლოს გარდაცვლილი პაციენტის საქმე. სწორედ სააგენტომ უნდა დადოს დასკვნა, იკვეთება თუ არა საქმეში ექიმების ბრალი.  

 

„ველოდებით სააგენტოს დასკვნას და იმის მიხედვით გაირკვევა სიტუაცია. ჩვენ შეტყობინება გადავეცით და შეისწვალიან. ოჯახის წევრებს არარეალური პრეტენზიები აქვთ, ზოგიერთი ექიმი საერთოდ არ მონაწილეობდა ამ საქმეში და მათ მიმართაც აქვთ პრეტენზიები, ამიტომ რეგულირების სააგენტო გაარკვევს ამას“ – განაცხადა ნუკრი ბეჟანიძემ „ბათუმელებთან“.

 

საავადმყოფოს დირექტორი დღეს  გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებს არ შეხვედრია.

 

კითხვაზე, კონკრეტულად რამ გამოიწვია პაციენტის მდგომარეობის გართულება, ნუკრი ბეჟანიძე ამბობს, რომ ეს სერიოზული სიტუაციაა: „მძიმედ შემოვიდა თავიდან, ეს შემიძლია ვთქვა“ – ამბობს ნუკრი ბეჟანიძე.


ბოლო ორი თვის მანძილზე ეს ბათუმის სამშობიარო სახლში ქალის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი