ახალი ამბები

შსს-ს რეფორმირების მიზნით მთავრობამ კომისია შექმნა

19 თებერვალი, 2015 • 1071
შსს-ს რეფორმირების მიზნით მთავრობამ კომისია შექმნა

უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების მიმართულებით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და მთავრობისა და პარლამენტისთვის წარდგენა;  საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, მთავრობისთვის წარდგენა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია.

 

კომისია, შს სამინისტროს რეფორმირების საკითხების თაობაზე წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შეიმუშავებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს, მოიწვევს ექსპერტებს, სახელმწიფო უწყებების, კომერციული იურიდიული პირების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

 

კომისიის შემადგენლობაში 22 წევრია. მათ შორის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი [კომისიის თავმჯდომარე] და პრემიერ-მინისტრის თანაშემწის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე [კომისიის თავმჯდომარის მოადგილე]. ასევე კომისიის წევრები არიან შინაგან საქმეთა და იუსტიციის  მინისტრები; შს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, თავდაცვის მინისტრების მოადგილეები; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები; მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, თბილისის პროკურორი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, უშიშროების საბჭოს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და სხვა.

 

კომისიის ორგანიზაციულ, ტექნიკურ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი. კომისიის გაუქმება, ასევე, მის დებულებაში ცვლილების შეტანა, ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი