ახალი ამბები

პრეზიდენტის ინიციატივა – აფხაზეთისა და ცხინვალის თაობაზე საერთაშორისო ფორუმი ჩატარდეს

22 დეკემბერი, 2014 • • 1106
პრეზიდენტის ინიციატივა – აფხაზეთისა და ცხინვალის თაობაზე საერთაშორისო ფორუმი ჩატარდეს

აღნიშნული ინიციატივა პრეზიდენტმა თავისუფალ დემოკრატებთან გამართულ შეხვედრაზე დღეს განაცხადა. შეხვედრის მთავარი თემები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხები იყო.

 

ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თავისუფალი დემოკრატები ემხრობიან პრეზიდენტის მოსაზრებას საქართველოში შედგეს საერთაშორისო ფორუმი, რომელზეც ამ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელებენ.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა პარტიის წარმომადგენლებისგან მათი პოზიციისა და ახალი ინიციატივების თაობაზე მოისმინა ინფორმაცია და მათ საკუთარი მოსაზრება გააცნო. შეხვედრის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ყველა ძალის კონსოლიდაცია, რათა პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზა მოიძებნოს.

 

საუბარი ასევე შეეხო სამომავლო ნაბიჯებს ქვეყნის უსაფრთხოების გასამყარებლად და საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურებას ამ მიმართულებით. შეხვედრისას, განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების აუცილებლობისა და იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას. ყურადღება მათ დევნილთა პრობლემებზეც გაამახვილეს, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

შეხვედრას „თავისუფალი დემოკრატების” მხრიდან ესწრებოდნენ ირაკლი ალასანია, მაია ფანჯიკიძე, ვიქტორ დოლიძე და ირაკლი ჩიქოვანი. დიალოგში მონაწილეობა მიიღეს ასევე უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა, ირინე იმერლიშვილმა და ივლიანე ხაინდრავამ, ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ და პრეზიდენტის მრჩევლებმა, გიორგი აბაშიშვილმა და თენგიზ ფხალაძემ.

თავისუფალი დემოკრატების შეხვედრა გიორგი მარგველაშვილთან
თავისუფალი დემოკრატების შეხვედრა გიორგი მარგველაშვილთან

მასალების გადაბეჭდვის წესი