ახალი ამბები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გადადგა

30 აპრილი, 2014 • • 2880
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გადადგა

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს ნეტგაზეთს, ქადაგიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა. სხვა დეტალებზე დეპარტამენტის პრესსამსახურში არ საუბრობენ.


მიმდირე წლის თებრვალში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, ირმა ნადირაშვილმა და გივი თარგამაძემ გაავრცელეს  ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოადგილე იოსებ ქადაგიშვილი არის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ბიძაშვილი. გარდა ამისა, მათ გამოაქვეყნეს სქემა, სადაც პრემიერის ოჯახის საგზაო ტენდერებში კორუფციული ინტერესები იკვეთება. ბრალდებებს მაშინ იოსებ ქადაგიშვილი გამოეხმაურა.

 

”სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ნათესაური კავშირი თამაზ თამაზაშვილთან [ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი] და მის ოჯახთან არ გამაჩნია, რისი გადამოწმებაც “ნაციონალურ მოძრაობას” არ გაუჭირდებოდა. მათი განცხადება არის სიცრუე და ცილისწამება, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დედა დედისერთაა და ვერავისი მამიდაშვილი ვერ ვიქნები. მე უკვე ვესაუბრე ჩემს ადვოკატს, რომელიც სარჩელს ამზადებს და “ნაციონალური მოძრაობის” ავანტიურას და თავგასულობას სასამართლო გამოაშკარავებს,” – განაცხადა მაშინ იოსებ ქადაგიშვილმა. 


მალვე ქადაგიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გივი თარგამაძისა და ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მათგან მოითხოვა სასამართლოს გზით “მათ მიერ გავრცელებული ყალბი და არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაციის საჯარო წესით უარყოფა” და მორალური ზიანის კომპენსაციის მიზნით თითოეული მათგანისაგან სიმბოლურად 1 ლარის გადახდა.


იოსებ ქადაგიშვილი; ფოტო: qiziyi.ge
იოსებ ქადაგიშვილი; ფოტო: qiziyi.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი