ახალი ამბები

ღარიბაშვილი კომუნიკაციის პრობლემას უკავშირებს ევროსაბჭოს წარმომადგენლების კრიტიკულ შეფასებებს

16 იანვარი, 2014 • • 948
ღარიბაშვილი კომუნიკაციის პრობლემას უკავშირებს ევროსაბჭოს წარმომადგენლების კრიტიკულ შეფასებებს

ევროსაბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე მისი ციხიდან ფარულად გაყვანის თაობაზე ამომწურავი ინფორმაცია ვერ მიიღეს, ასევე, მათი თქმით, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ პირდაპირი წესით არჩეულ მერს გიგი უგულავას უფლებამოსილება შეუჩერეს. 

 

“ევროპელებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ დედაქალაქის მერი შეიძლება იყოს ბრალდებული 50 მილიონის მითვისებაში, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ასეთი რამ ხდება ჩვენთან. ამიტომ მეტი კომუნიკაცია არის საჭირო ჩვენი მხრიდან. მერის გადაყენება იყო დამოუკიდებელი სასამართლოს და მოსამართლის გადაწყვეტილება, ამაში მთავრობის როლი არის აბსოლუტურად მინიმალური, ნულის ტოლფასი. დღეს ბოლოს 9 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს პირველად სასამართლო – მეტნაკლებად ბოლომდე თავისუფალი და დამოუკიდებელი”, – ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს წარმომადგენლების კრიტიკულ შეფასებებს.

 

ღარიბაშვილის თქმით, “მოსამართლემ კანონიერად გაავრცელა საკუთარი გადაწყვეტილება”, რომლითაც უფლებამოსილება შეუჩერდა გიგი უგულავას. პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილის საკითხზე ევროსაბჭოს დელეგაციის მიერ გაკეთებულ შეფასებებსაც გამოეხმაურა: 

 

“აქაც პრობლემაა კომუნიკაციის, ალბათ, ვისთანაც ჰქონდათ საუბარი, ამომწურავი პასუხი ვერ მიიღეს. სოზარ სუბარის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება… არავითარ გაყვანა-გატაცებას, რომელსაც თავიანთ ფანტაზიებში ყვებოდნენ, სასაცილო ისტორია მოიფიქრეს, ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველ პრესკონფერენციას მართავს საქართველოს და უცხოეთის მედიის წარმომადგენლებისთვის “შერატონ მეტეხი პალასში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი