ახალი ამბები

ნათია ჯოხაძე: “მე და საზოგადოება” ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში პროგრესული ნაბიჯია

30 სექტემბერი, 2015 • • 2934
ნათია ჯოხაძე: “მე და საზოგადოება” ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში პროგრესული ნაბიჯია

ქალბატონო ნათია, როგორც ცნობილია, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია დაიწყეთ. საგანიმე და საზოგადოებაც ახალი სასწავლო გეგმის ნაწილია. რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, მოსწავლეებს ეს საგანიც ესწავლათ?

 

ეროვნულ სასწავლო გეგმაზე საუბრით მინდა დავიწყოთ. ზოგადი განათლების სისტემა ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას. თავისი არსიდან და კონცეფციიდან გამომდინარე, ეს არის დოკუმენტი, რომლითაც რეგულირდება ჩვენს სკოლებში მოსწავლის მისაღწევი შედეგები თითოეულ კლასსა და საგანში, ანუ თითოეულ კლასში წლის ბოლოს რა შედეგს უნდა მიაღწიოს მოსწავლემ ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების თვალსაზრისით. ეს არ არის მხოლოდ შინაარსზე მიბმული დოკუმენტი, პირიქით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეს გამოუმუშავდეს კრიტიკული აზროვნების, ანალიზის, მსჯელობის, დასაბუთების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, თვითგანვითარების და სხვა მრავალი უნარები.

                          

როგორც ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ზოგადადაც, ვფიქრობ, ეროვნული სასწავლო გეგმის არსებობა არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში. სხვა საქმეა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, რომელიც ყოველთვის იყო პრობლემატური.

 

მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა გარკვეული პერიოდულობით, 5-6 წელიდაში მაინც უნდა გადაიხედოს, ვინაიდან ცხოვრება ვითარდება, ტექნოლოგიები ვითარდება, მეცნიერებაში ახალი აღმოჩენებია. ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია კი გულისხმობს იმას, რომ უნდა  გავიაზრო, შევადარო და გავაკეთო ანალიზი იმისა, რა უნდა გავწეროთ დოკუმენტში იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა უპასუხონ მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს.

 

რევიზიაში ჩართულია ძალიან ბევრი ადამიანი. ამასთან, რევიზიასაც სჭირდება გარკვეული მომზადება, რა კუთხით უნდა შევხედოთ სასწავლო გეგმას, რა კუთხით უნდა შევიტანოთ ცვლილება. გამომდინარე აქედან, 2013 წელს დავასრულეთ მუშაობა ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რომლის მსგავსი საქართველოში არ შექმნილა. ეს არის ჩვენი ეროვნული სასწალო გეგმის კვლევა და შედარებითი ანალიზი წარმატებული განათლების სისტემის მქონე ქვეყნების სასწავლო გეგმებთან. ამ ეტაპზე ეს შიდა მოხმარების დოკუმენტია და ვიმუშავეთ იმისთვის, რომ დავინახოთ, რა პოზიციაზე ვართ, რა პრობლემები გვაქვს, რისი ცვლილებაა მნიშვნელოვანი და ა. შ. მაგალითად, ჩვენი მათემატიკის ექსპერტი დეტალურად გაეცნო ფინეთის, ჩეხეთის, აშშ-ის, სინგაპურის მათემატიკის სასწავლო გეგმებს, გააანალიზა, რა თანხვედრა და განსხვავებები გვაქვს, რა შეიძლება ჩვენთან დაინერგოს და ა. შ. კვლევის პროცესი დაახლოებით წელიწადნახევარი გაგრძელდა.

 

როდესაც დავასრულეთ მუშაობა ამ დოკუმენტზე, გამოიკვეთა, რომ დაწყებით საფეხურზე (პირველი-მეოთხე კლასებში) საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

გარდა ამისა, სანამ ამ გადაწვეტილებას მივიღებდით, ვმუშაობდით სხვადასხვა ფოკუსჯგუფთან – მასწავლებლებთან, მშობლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პროფესიულ ჯგუფებთან. დაახლოებით 3500 ადრესატს – საჯარო და კერძო სკოლებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს,  სამთავრობო სტუქტურებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მივმართეთ წერილით, გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები. გვაინტერესებდა მათი ხედვა, რა უნდა შეცვლილიყო, რა რეკომენდაციები ჰქონდათ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, რადგან სწორედ საზოგადოებრივ კონსენსუსზეა დიდწილად დამოკიდებული ეროვნული სასწავლო გეგმის წარმატება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო  სამოქალაქო განათლების გაძლიერება დაწყებით საფეხურზე.  მინდა აღვნიშნო, რომ ისეთი საკითხები, როგორიცაა ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება, პირადი უსაფრთხოება, ქუჩაში მოძრაობის წესები, ჩემი ოჯახი, გაბნეული იყო სხვადასხვა საგანსა თუ სახელმძღვანელოში. ეს თემები აქამდეც არსებობდა სასწავლო გეგმაში. ჩვენ თავი მოვუყარეთ ამ თემებს, ცხადია, გავაფართოვეთ და შევიმუშავეთ ინტეგრირებული საგანი „მე და საზოგადოება“, რომელიც უმნიშვნელოვანეს საკითხებს უყრის საფუძველს მესამე-მეოთხე კლასებში და ვფიქრობ, ეს საგანი ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში პროგრესული ნაბიჯია. საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება, ცხადია, გრძელდება მეხუთე-მეექვსე კლასში, ასევე ინტეგრირებული ფორმატით, ხოლო საბაზო საფეხურიდან იშლება ინდივიდუალურ საგნებად: ისტორია, გეოგრაფია და სამოქალაქო განათლება.

 

რევიზიის პროცესში ჩვენ ასევე მხედველობაში მივიღეთ სახელმწიფოს პოლიტიკა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა ადამიანის და ბავშვთა უფლებები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, გენდერული თანასწორობა და სხვა. დამეთანხმებით, საგანმანათლებლო სისტემა დიდწილადაა დამოკიდებული სახელმწიფოს პოლიტიკასა და ხედვაზე. მაგალითად, კომუნისტური რეჟიმის დროს სახელმწიფო პოლიტიკა იდეოლოგიზებული იყო, შესაბამისად, იდეოლოგიზებული იყო საგანმანათლებლო სისტემაც, პროგრამებიდან დაწყებული სახელმძღვანელოებით და სწავლების მეთოდოლოგიით დამთავრებული. დღეს ჩვენ გვაქვს საქართველოს კონსტიტუცია,   გვაქვს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, სამთავრობო პროგრამები, მიერთებული ვართ სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციას, გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება და დემოკრატიული განვითარებისთვის მრავალი ინსტრუმენტი, ბუნებრივია, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემაც ამ პრინციპებზე უნდა იდგეს.

 

ავიღოთ თემაჩემი ოჯახი”, ამ თემის გარშემო რას ისწავლიან მოსწავლეები?

 

შევეცდები ჩამოვთვალო, რა საკითხებზე კეთდება აქცენტები. მაგალითად,  რა როლი მაქვს ჩემი ოჯახის ცხოვრებაში? როგორი ურთიერთობა უნდა მქონდეს ოჯახის წევრებთან? რატომ მაძლევენ ჩემი ოჯახის უფროსი წევრები რჩევებს? რატომ და როგორ უნდა ვზრუნავდეთ ოჯახის წევრები ერთმანეთზე? რატომ და როგორ უნდა დავაფასო დედის, მამის, ბაბუის და ბებიის შრომა თანაბრად? რა პასუხისმგებლობები მაქვს ჩემი ოჯახის წინაშე? როგორ უნდა მოვექცე ჩემს დას ან ძმას კონფლიქტის შემთხვევაში? როგორ ვსწავლობთ ოჯახის წევრებისგან პირადი ჰიგიენის დაცვასა და ჯანსაღ ცხოვრებას? ვის როგორი ტრადიცია აქვს? რატომ და როგორ უნდა მოვიხმარო რესურსები გონივრულად [ეკონომიურად] და ა.შ.

 

ბავშვის შეფასება ამ საკითხებში როგორ მოხდება, ალბათ აქ შეფასების სტანდარტული კრიტერიუმები ვერ იქნება?

 

დაწყებით საფეხურზე, I-IV კლასებში მოსწავლე ქულებით საერთოდ არ ფასდება და ეს, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ეტაპზე წინა პლანზე გამოდის განმავითარებელი შეფასება, რომელიც ეხმარება მოსწავლეს დაინახოს მისი ძლიერი მხარეები და ასევე შეცდომებიც, და იმუშაოს მის გასაუმჯობესებლად.

 

მე და საზოგადოებასკლასის დამრიგებელები თუ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები ასწავლიან?

 

ამ საკითხზე მიდის მსჯელობა. არგუმენტები ორივე მხარის სასარგებლოდ არსებობს. ვფიქრობ, სწორედ დამრიგებელია ის ადამიანი, ვინც ყველაზე კარგად იცნობს თითოეულ ბავშვს და ბავშვიც ყველაზე მეტად მას ენდობა. ამასთანავე სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს საგნობრივი კომპეტენციები დიდი აქვთ. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სტანდარტის დამტკიცება, ხოლო შემდგომ უნდა მომზადდეს სახელმძღვანელოები, მასწავლებლები და დაიწყოს დანერგვა.

 

როდის დაიწყება სკოლებში ამ საგნის სწავლა და კვირაში რამდენი საათი იქნება ამისთვის გათვალისწინებული?

 

ძალიან მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს სტანდარტის დამტკიცება, რომ მის დანერგავზე დაიწყოს სისტემამ მუშაობა.

 

მე-3 და მე-4 კლასებში მოსწავლეები ამ საგანს კვირაში ორი საათის დატვირთვით ისწავლიან.

 

საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში ამ საგნის სწავლების თემაზე გარკვეული დისკუსია დაიწყო, თქვენი აზრით, რატომ?

 

მეც ანალოგიური შეკითხვა მაქვს. ჩვენ რაც მოვისმინეთ, ეს ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო. არასდროს, არავისთან ის თემა, რომელიც ხელოვნურად იქნა აგორებული, დისკუსიის რეჟიმშიც კი არ ყოფილა, არც არასდროს საუბრის დონეზეც კი არ წამოწეულა და, შესაბამისად, მსგავსი არაფერი წერია სტანდარტში. დოკუმენტი უკვე 9 თვეა საჯაროა და საგნის სტანდარტი ნებისმიერს შეუძლია წაიკითხოს. პირდაპირ ვიტყვი, სექსუალური განათლების საკითხები „მე და საზოგადოებაში“ შესული არ არის.

 

თუმცა, რატომ არ უნდა არსებობდეს სექსუალური განათლება სკოლაში?

ამ შემთხვევაში მესამე კლასზეა საუბარი. ნებისმიერ ინფორმაციას აქვს ასაკობრივი შესაბამისობა და ყველა საფეხურზე შესაბამისი თემებით უნდა შევიდეთ. რასაკვირველია, მესამე და მეთორმეტეკლასელ ბავშვს ერთსა და იმავე თემებზე ვერ ესაუბრები, ხოლო განათლების სისტემა თვალს ვერ დახუჭავს ბავშვისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ბავშვი ძალიან ძვირფასი და ფაქიზია და ჩვენი ვალდებულებაა, ხელი შევუწყოთ მის ჰარმონიულ ინტელექტუალურ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას. ეს მიზანი მაქვს მეც და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მუშაობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი