ახალი ამბები

ილია II უნივერსიტეტის მიღმა დარჩენილ აბიტურიენტებს: იშრომეთ და ერიდეთ ნარკოტიკებს

30 აგვისტო, 2015 • 1617
ილია II უნივერსიტეტის მიღმა დარჩენილ აბიტურიენტებს: იშრომეთ და ერიდეთ ნარკოტიკებს

როგორც ილია მეორემ განაცხადა, დრონი იცვლება და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. მისი თქმით, საოცარი დროა, ხდება სიმდიდრის და სიკეთის გადაფასება:


”ყველაფრის გადაფასება ხდება. ყველაფერი იცვლება. ის, რაც ჩვენს წინაპრებს ბოროტებად და ცოდვად მიაჩნდათ, ცდილობენ გაავრცელონ არასიწმინდე, არასიკეთე, ამ ცვალებადობის დროს ადამიანმა საღი გონება უნდა შეინარჩუნოს. მდინარე მიდის, ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენ მდინარის წინააღმდეგ სვლა გვიხდება.”


ილია მეორის თქმით, არ არის აუცილებელი ადამიანმა უმაღლესი სასწავლებელი დაამათავროს. მისი განცხადებით, ადამიანი თვითონ არის თავისი თავის მთავარი მასწავლებელი.


”განსაკუთრებით მინდა ჩვენს ახალგაზრდებზე ვისაუბრო. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ახალგაზრდობა სასოწარკვეთილებაში ვარდება. გამოცდებს აბარებენ და ხშირია შემთხვევა, როცა ნიჭიერი ადამიანი უმაღლეს სასწავლებელში ვერ ხვდება, მასზე სუსტი კი ხვდება და თვითონ ვერ შედის სასწავლებელში. არ უნდა დავკარგოთ იმედი, ცხოვრება მრავალსახოვანია. არ არის აუცილებელი, ადამიანმა უმაღლესი სასწავლებელი დაამთავროს. ადამიანი თვითონ არის თავისი თავის მთავარი მასწავლებელი. არსებობს მრავალი საქმე, მრავალი გზა და ამიტომ თუ არ გამოგივიდათ ერთ სასწავლებელში შესვლა, შედით მეორეში, მეათეში. სცადეთ ფიზიკური შრომა და სოფლის მეურნეობაში მუშაობა. ღმერთი აუცილებლად მოგმადლებთ წარმატებას. მინდა გთხოვოთ ყველას – ერიდეთ ნარკოტიკებს, ერიდეთ ლოთობას, ერიდეთ ბოროტ საქმეს და ღმერთი გაგიმართლებთ და დაგეხმარებათ,” – განაცხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა.

 

აბიტურიენტები, რომლებმაც ყველა საგანში გადალახეს ბარიერი და მაინც ვერ მოხვდნენ ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელში, შედეგების გამოცხადების დღიდან ითხოვენ მეორადი ჩარიცხვების დანიშვნას, თუმცა გამოცდების ეროვნული ცენტრმა განაცხადა, რომ წელს მსგავსი რამ არ მოხდება.

 

ისინი უსამართლობად მიიჩნევენ იმას, რომ საშუალო დონის ქულებით ვერც ერთ უნივერსიტეტში მოხვდნენ. მათი თქმით, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ბევრი ადგილია თავისუფალი და განათლების სამინისტროს შეუძლია აბიტურიენტები სწავლის გარეშე არ დატოვოს.


31 აგვისტოს, 10:00 საათზე, განათლების და მეცნიერების სამინისტროსთნ აბიტურიენტები მეორადი ჩარიცხვების დანიშვნის მოთხოვნით აქციას გამართავენ.

ილია მეორე
ილია მეორე

მასალების გადაბეჭდვის წესი