ახალი ამბები

აქციაზე “არა პანორამას” დაკავებულთა საქმეზე გადაწყვეტილება 23 ივლისს გამოცხადდება

20 ივლისი, 2015 • • 1231
აქციაზე “არა პანორამას” დაკავებულთა საქმეზე გადაწყვეტილება 23 ივლისს გამოცხადდება

მათ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. საიას იურისტის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, სამართალდამცავებს საკუთარი კამერებით გადაღებული საკმაოდ მრავალრიცხოვანი კადრები წარმოადგინა, თუმცა ამ მასალების ნახვის შემდეგ მათი აზრი, რომ სამართალდამცავები ჩაერივნენ აქციის მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლებაში, უფრო გამყარდა.


“ჩვენი აზრი არ შეცვლილა სამართალდამცავების მიერ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი კადრების შემდეგ, პირიქით – გამყარდა. პოლიციელთა მხრიდან წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება ადასტურებს იმას, რომ რაიმე ტიპის სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი რომელიმე დაკავებულის მხრიდან. ჩვენ კიდევ ერთხელ სასამართლოს წინაშეც განვაცხადეთ, რომ არ შეიძლება ამგვარი გამონათქვამების ან ამგვარი ტრანსფარატების გამოკონკრეტული პირების ადმინისტრაციულ პასუხისმგებაში მიეცნენ, ვინაიდან ეს არის მათი გამოხატვის თავისუფლება და პოლიცია ვალდებულია, არ შეუშალოს ადამიანებს ხელი პროტესტის ამგვარი ფორმით გამოხატვაში. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სასამართლომ არ უნდა გამოიტანოს არცერთი დაკავებულის მიმართ რაიმე ტიპის ადმინისტრაციული სანქცია,” – უთხრა ნეტგაზეთს ქურდოვანიძემ.


საიას იურისტის თქმით, კადრებზე რომც ყოფილიყო ის ფაქტები ნაჩვენები, რის გამოც დააკავეს საპროტესტო აქციის მონაწილეები, ეს არ იქნებოდა წვრილმანი ხულიგნობა:


“პოლიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აქციის მონაწილეები ხმამაღლა სკანდირებდნენ ამ ფრაზებს და წინააღმდეგობას უწევდნენ მათ, მაგრამ არცერთ კადრში დასტურდება, რომ დაკავებულები ამ ფრაზებს ხმამაღლა სკანდირებდნენ და არც ის დასტურდება, რომ მათ წინააღმდეგობას უწევდნენ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს ფრაზა რომც ყოფილიყო ნათქვამი ხმამაღლა ან ყოფილიყო გამოსახული კონკრეტულ პლაკატზე, ეს არ წარმოადგენს წვრილმან ხულიგნობას. ეს უფლება არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით.”


როგორც ნონა ქურდოვანიძე ამბობს, მათთვის მნიშვნელოვანია სასამართლო გადაწყვეტილების გაგება, რის შემდეგაც უკვე მომდევნო ნაბიჯებზე ისაუბრებენ.


თბილისის საკრებულოსთან პროექტ “პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციის დაწყებიდან დაახლოებით 20 წუთში სამართალდამცავებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიგა მაქარაშვილი დააკავეს. საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებმა მაქარაშვილის დაკავება მისსავე პლაკატზე არსებულ წარწერას დაუკავშირეს და სოლიდარობის ნიშნად ფურცლებზე მათაც იგივე წარწერა გააკეთეს.


სამართალდამცავები მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ აღნიშნული წარწერა დაემალათ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ. ამის შემდეგ პოლიციელებმა აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავეს. გიგა მაქარაშვილის შემდეგ, პოლიციამ ჯერ ნატა ფერაძე დააკავა. სოლიდარობის ნიშნად ნატა ფერაძესთან ერთად, პოლიციას კიდევ ერთი პარტიზანი მებაღე, ვახტანგ ქარელი თავისი ნებით გაჰყვა. ამის შემდეგ პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა: ირაკლი მგალობლიშვილი, ალექსანდრე გიორგაძე, მარიამ ნანობაშვილი, ელენე მალაშევსკი, კონსტანტინე ჩაჩანიძე, ბესიკ კალაძე და ანა მამულაშვილი. სულ ბოლოს სამართალდამცავებმა ტაბულას ფოტოგრაფი, ალექსანდრე გიორგაძე დააკავეს.


შსს–ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 10 პირიდან 8 166–ე მუხლით აიყვანეს, რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს; ერთ–ერთს 166–ე და 45–ე მუხლები აქვს წაყენებული, რაც წვრილმანი ხულიგნობის გარდა ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვას, ან მოხმარებას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ტაბულას ფოტოგრაფი, ალექსანდრე გიორგაძე 166–ე და 173–ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ელენე მალაშევსკი–ჯაყელმა, რომელიც დაკავებულთა შორის იყო, ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ აქციაზე დაკავებული ოთხივე ქალი გუშინ გამოუშვეს, ხოლო კაცები კი წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. პარტიზანი მებაღის თქმით, დღეს ყველა მათგანი გათავისუფლებულია და მასთან ერთად ელოდებიან სასამართლო გადაწყვეტილებას.


თბილისის საკრებულოსთან გუშინ გამართული საპროტესტო აქციის მოანაწილეთა სასამართლო პროცესი დღეს დილით 10 საატზე იყო ჩანიშნული, თუმცა რამდენიმე საათით გვიან დაიწყო. პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენლის, ელენე მალაშევსკი–ჯაყელის თქმით, ერთ სამართალდამცავს სამსახურის გამო დააგვიანდა და პროცესი ამის გამო შეფერხდა.


შსს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლების დარღვევას სულ 10 ადამიანს ედავება. აქედან  8–ს 166–ე მუხლი აქვს, რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს; ერთ–ერთს აქვს წაყენებული 166–ე და 45–ე მუხლები, რაც წვრილმანი ხულიგნობის გარდა ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა/შენახვას ან მოხმარებას გულისხმობს; “ტაბულას” ფოტორეპორტიორი, ალექსანდრე გიორგაძე კი 166–ე და 173–ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი