კომენტარი

ISIS საქართველოს საზღვრებთან

7 ივლისი, 2015 • 1763
ISIS საქართველოს საზღვრებთან

მარცხნივ: გიორგი გვიმრაძე
მარცხნივ: გიორგი გვიმრაძე

რა პროცესებს გამოიწვევს ეს ფაქტი, რადგან ჯერ ისევ არსებობს “კავკასიის იმირატი”, რომელიც ომის კვლევების ინსტიტუტის ცნობით, ალ ყაიდასთანაა აფილირებული. ხომ არ ნიშნავს ეს ლოკალურ დაპირისპირებას ალ ყაიადასა და “ისლამურ სახელმწიფოს” შორის კავკასიაში?

ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან აფილირებული ადამიანები ჩრდილოკავკასიაში ბოლო რამდენიმე თვეა ისედაც არსებობენ. ახლა მოხდა ISIS-ის ფილიალის დაფუძნება. ასევე “კავკასიის იმირატის” ზოგიერთმა ლიდერმა ხალიფატს მორჩილება გამოუცხადა. შესაბამისად, ის მოცემულობა, რომ იქ ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფი არსებობს, უკვე დიდი ხანია გვაქვს, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს ინფორმაცია მათ შორის რაიმე სახის სერიოზული დაპირისპირების ან ესკალაციის შესახებ. მით უმეტეს, უკვე საუბარია იმაზე, რომ “კავკასიის იმირატის” ეპოქა სრულდება, მიუხედავად იმისა, რომ მის წევრ ყველა ლიდერს საკუთარი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია.

 

რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება ამან გამოიწვიოს, აქ რამდენიმე კომპონენტი უნდა გამოვყოთ: პირველ რიგში ეს არის “ისლამური სახელმწიფოს” ბრძოლის მეთოდების გადმოტანის საფრთხე რეგიონში, ვგულისხმობ არა იმდენად მებრძოლების სირია/ერაყიდან დაბრუნებასა და კავკასიაში მათ შესაძლო გააქტიურებას, რისი პრევენციაც მეტნაკლებად შესაძლებელია, არამედ “ისლამური სახელმწიფოს” ბრძოლის მეთოდების აქ დამკვიდრებას. მათი ბრძოლის მეთოდები “კავკასიის იმირატის”  საომარი ინსტრუმენტებისაგან განსხვავდება. ‘კავკასიის იმირატის’ სამიზნე, როგორც წესი, პოლიტიკოსები ან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იყვნენ და იშვიათად ესხმოდნენ თავს სამოქალაქო პირებს. მართალია, 2010 წელს “იმირატმა” ბრძოლა გამოუცხადა რუსეთის მოქალაქეებს და განაცხადა, რომ ყველას ოჯახში უნდა შევიდეს, თუმცა 2012 წელს რუსეთში ოპოზიციური აქტივობისას, იმირატის მაშინდელი ლიდერი დოკუ უმაროვი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ და რუსეთის მოქალაქეები ერთ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ყველანი პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლნი ვართო. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება სამოქალაქო პირებს ვეომოთ და ჩვენი სამიზნე პოლიტიკოსები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არიანო. ანუ “იმირატი”  გარკვეული თვალსაზრისით უფრო რუსეთის ხელისუფლების ოპოზიციური ძალა იყო, რომელიც ბრძოლის ტერორისტულ მეთოდებს ირჩევდა.

 

რაც შეეხება “ისლამურ სახელმწიფოს”, ის სამიზნეების არჩევაში ასეთი კონკრეტული არ არის, ის ებრძვის ყველას, ვინც მის გვერდით არ დგას და მისი მოწინააღმდეგეა. ანუ მათი ტერორისტული აქტების სამიზნეს წარმოადგენს ყველა, მათ გარდა. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც ამ პროცესს შეიძლება მოჰყვეს.

 

“კავკასიის იმირატი”, იმის მიუხედავად, რომ აფილირებას ალ ყაიდასთან ახდენდა, მაინც ლოკალური ჯგუფი იყო, ვერც ერთ მათ აქტივობას ვერ გავიხსენებ, რომელიც რუსეთის ფარგლებს გასცდა. ვილაიეთის შემთხვევაში ჩნდება ორგანიზაცია,“ისლამური სახელმწიფო”, რომელსაც არა ლოკალური ამოცანა, არამედ გლობალური მიზანი აქვს, “ვილაიეთი” გლობალური პროცესის მონაწილედ აცხადებს თავს და მხოლოდ აფილირებით არ შემოიფარგლება.

 

იმის თქმა გსურთ, რომ მხოლოდ რუსეთის ხელისუფლება აღარ იქნება მათი პოტენციური სამიზნე?

 

ბუნებრივია, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნამდვილად იქნებიან “ისლამური სახელწმიფოს” წევრები და თუ [ჩრდილოკავკასიელი რუსეთის მოწინააღმდეგე მებრძოლების] ეს განაცხადი [ISIS-ადმი ერთგულების შესახებ] მხოლოდ იმით არ არის გამოწვეული, რომ ისინი ქვეყნის გარეთ ძლიერი დასაყრდენის მოძებნას ცდილობენ. ეს ვარიანტიც განსახილველია. “კავკასიის იმირატმა” ალ ყაიდასთან აფილირება თავის დროზე იმიტომ განახორციელა, რომ ძლიერი დასაყრდენი სჭირდებოდა გარეთ, თორემ რეალური კავშირი მათ შორის… “კავკასიის იმირატს” თავი არასდროს გამოუცხადებია ალ ყაიდას ფილიალად.

 

ალბათ ახლა ძალიან რთულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ თუ არსებობს მიახლოებითი ინფორმაცია, მაინც რა ძალის მქონე ჯგუფზეა საუბარი, რამდენი მებრძოლი ჰყავს…

 

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, საუბარია დაახლოებით 300 ადამიანზე, რომელიც ერაყიდან დაბრუნდა. ადგილზე რამდენი ადამიანი იყო, რთული სათქმელია. სხვადასხვა წყარო განსხვავებულ რიცხვს ასახელებს. არიან თუ არა ეს დაბრუნებული ადამიანები აქტიურად ჩართული პროცესში, ან მომავალში გააკეთებენ თუ არა ამას, ესეც რთული სათქმელია. რუსი ანალიტკოსები ამბობენ, რომ ჩრდილოკავკასიაში არსებული ვითარება: მძიმე სოციალურ-ეკონომიკური გარემო და პოლიტიკური წნეხი, რომელსაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ადამიანების წინააღმდეგ იყენებს, ხელს უწყობს რადიკალური განწყობების განვითარებას. ანუ იქ არის ნიადაგი იმისათვის, რომ ამ იდეებმა დასაყრდენი ჰპოვოს საზოგადოებაში.

 

რა სახის კონკრეტულ საფრთხეს ნიშნავს ეს ფაქტი უშუალოდ საქართველოსთვის? თქვენ თქვით, რომ “ისლამური სახელმწიფოს” მოქმედების არეალი და ამოცანა უფრო დიდია, ვიდრე “კავკასიის იმირატს” ჰქონდა ადგილზე.

 

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მებრძოლებმა განცხადება “ისლამურ სახელმწიფოსთან” ურთიერთობის შესახებ უბრალოდ დასაყრდენის მოპოვების გამო არ გააკეთეს და მათში “ისლამური ხალიფატის” გლობალურ პროცესში მონაწილეობის სურვილი რეალურად არსებობს. თუ შესაბამისი სურვილი მათ მართლაც გააჩნიათ, ეს ნიშნავს, რომ სამიზნის საზღვრები ჩრდილოკავკასიას სცდება.

 

ანუ გინდათ თქვათ, რომ მხოლოდ დიდ სპონსორს შეიძლება ეძებენ და რეალურად სხვა მიზნები აქვთ? იგივე ალ ყაიდაზე როდესაც საუბრობდით,  თქვით, რომ “იმირატმა” აფილირება გააკეთა ამ ორგანიზაციასთან, თუმცა რეალურად რუსეთის საზღვრებს მათი ქმედებები არ გასცდენიაო..

 

როდესაც სირიაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო და ჩრდილოკავკასიიდან იქ ადამიანებმა წასვლა დაიწყეს, დოკუ უმაროვის შემდგომი ემირი კებეკოვი თავიდან ამ ფაქტს მიესალმა, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ იქ თუ წახვალთ, კავკასიური პროცესი ჩაგვივარდებაო. იყო შემთხვევა, როდესაც არა “ისლამურ სახელმწიფოსთან”, არამედ ალ ყაიდასთან აფილირებულ ძალებთან წავიდნენ ადამიანები, მაგრამ კებეკოვმა ასეთი განცხადება მაინც გააკეთა. კითხვას რომ ვუპასუხო:  მაგის გამორიცხვა შეუძლებელია, თუმცა ვერც იმას გამორიცხავ, რომ ჩრდილოკავკასიაში მართლაც არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად უჭერენ მხარს სახალიფოს აღგენას “ისლამური სახელმწიფოს მეთოდებით”. ამის გამორიცხვაც შეუძლებელია.

 

ეს ალბათ დროში გამოჩნდება…

 

დიახ, ეს გამოჩნდება მათ მოქმედებებში. არის საუბარი იგივე უცხოურ ანალიტკურ წრეებში, რომ თუ მათი ეს პოზიცია მტკიცეა, მაშინ უნდა ველოდოთ, რომ ისინი საკუთარ თავს დააფიქსირებენ, თან საკმაოდ ხმაურიანად და არა მხოლოდ ჩრდილოკავკასიის სივრცეში, რადგან იქ ტერაქტი ან თავდასხმა არავის უკვირს.

 

რუსეთისთვის ხიფათი ძალიან დიდია. არც ჩვენ გვაქვს ბოლომდე დამშვიდების საფუძველი. ეს არ ნიშნავს, რომ განსაკუთრებულ პანიკაში უნდა ჩავვარდეთ, იმ სამსახურებს, რომლებსაც ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებათ, გაცილებით უფრო ინტენსიურად და ყურადღებით მოუწევთ მუშაობა.

რა შეიძლება, რომ ამ მხრივ გაკეთდეს? მიღებულია კანონი მოგზაური ჯიჰადისტების წინაააღმდეგ, მხოლოდ ამ კანონის ეფექტიანი იმპლემენტაცია საკმარისი იქნება საფრთხეების პრევენციისთვის?

 

აქ საჭიროა კომპლექსური ღონისძიებები. ერთ-ერთ მიმართულება, ბუნებრივია, არის დანაშაულის პრევენცია და აღკვეთა. გამგზავრებამდე სანამ მივალთ, საჭიროა ადგილზე ადამიანების გადაბირების, მოსყიდვის პრევენცია. სანამ ადამიანი საბრძოლველად გაემგზავრება, იქ გარკვეული პროცესები მიმდინარეობს, ამ ყველაფრის კარგად ცოდნა და ანალიზიც აუცილებელი კომპონენტია. ბუნებრივია, გასაანალიზებელია ის, თუ რა უწყობს ხელს რადიკალური იდეების გაღვივებას – თავი რომ დავანებოთ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს, აქ ლაპარაკია იმ ადამიანების თვითრეალიზების ინდექსზეც, რომლებიც პოტენციურად შეიძლება გახდნენ ამ პროცესის მონაწილენი. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას უჭირს და ამიტომ წავიდა, არა, ამ სივრცეში ვერ იპოვა ადამიანმა საკუთარი თავი და მიდის დიადი მიზნის აღსრულებისკენ. ამ მოტივაციების კარგად შესწავლას მხოლოდ სპეცსამსახურები ვერ შეძლებენ, საჭიროა სამოქალაქო თუ სხვა სახელმწიფო ინსტიტუციების გამოყენება და იმის განსაზღვრა, თუ როგორ შეიძლება მათი რეალიზება სახელმწიფომ შეძლოს.

 

ორგანიზაცია “კავკასიის იმირატი” საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლით დაკავებული არასდროს ყოფილა, რიტორიკის დონეზეც კი. ამ ფონზე რამდენად ლოგიკური იქნება, რომ მისი ყოფილი მებრძოლები, რომლებიც ISIS-ის ვილაიეთს შეუერთდებიან, საქართველოს წინააღმდეგ დაიწყებენ მოქმედებას, მით უმეტეს, ძნელი წარმოსადგენია, რომ ამას საქართველოდან წასული ქისტი ან ქართველი ისლამისტები გააკეთებენ….

 

თავისთავად, ახლა ლოგიკურად არ ჩანს ის საკითხი, რომ მათ საქართველო შეიძლება განიხილონ იმ ქვეყანად, რომელშიც ამგვარ აქტივობას განახორციელებენ. მე სხვა ვარიანტი მგონია სავარაუდო, რომ აქ უფრო იქნება მუშაობა ცოცხალი ძალის რეკრუტირებაზე, ვიდრე რაიმე… თუ ჩვენ ძალიან უხეშები არ ვიქნებით ამ პროცესში და არ გავაჩენთ იმის საჭიროებას, რომ თავიანთი არსებობა გვაგრძნობინონ.

 

მუსლიმების ჩაგვრას გულისხმობთ საქართველოში რელიგიური ნიშით?

 

თუნდაც… ამას რომ თავი დავანებოთ, თუნდაც იმას, რომ ჩვენი ოპერაციები არ იყოს უხეში… ბოლო ოპერაცია, რომელიც პანკისში ჩატარდა ISIS-ის წევრობაში ბრალდებულების წინააღმდეგ, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც პრესიდან ვიცი, საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული იმ კუთხით, რომ არ მომხდარა დაპირისპირება, სროლა და მსხვერპლით არ დასრულებულა.

 

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კავკასიაში ISIS-ის ვილაიეთი იქმნება, საზოგადოების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ ქვეყნის საზღვრებს ძალიან დიდი გლობალური პროცესი უახლოვდება, რომლის ამსახველ ვიდეობსაც ხშირად უყურებენ ტელევიზიისა თუ ინტერნეტის საშუალებით. ცოტა გადაჭარბებული ხომ არ არის ეს ყველაფერი მოლოდინების თვალსაზრისით, რადგან ვიცით, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს აქვს “ისლამურ სახელწმიფოს” გამოქვეყნებული თავისი გაფართოების პოტენციური რუკა, რომელიც კავკასიასთან ერთად უამრავი ტერიტორიას მოიცავს, აზიის დიდ ნაწილს, ჩრდილოაფრიკას, ევროპის ნაწილს: ესპანეთს, ბალკანეთს, ავსტრიას და ასე შემდეგ. ალბათ ამ მიზნის მიღწევა გაჭირდება მათ ხელთ არსებული რესურსებით…

 

რა თქმა უნდა, ამას გაცილებით სერიოზული რესურსი სჭირდება, ვიდრე მათ აქვთ. გარდა ამისა, იმისათვის, რომ პირდაპირ ჩვენამდე მოვიდნენ, ძალიან ბევრი ძლიერი სახელმწიფო უნდა გაიარონ: ირანი, თურქეთი და სომხეთი, რომელსაც რუსეთი იცავს. ანუ იგივე რომ წარმოვიდგინოთ აქ, რაც ახლა ერაყსა და სირიაში ხდება, ეს ძალიან აპოკალიპტური სურათი იქნება, თუმცა ის, რომ ჩვენ საზღვრებთან გლობალური პროცესი მიმდინარეობს, ეს ნათელია და უკვე დიდი ხანია, რაც ხდება. ამაში ვგულისხმობ იმას, რაც ისლამურ სამყაროში ხდება და საითაც მიდის ეს სივრცე.

როდესაც საფრთხეების პრევენციაზე ვსაუბრობთ, საქართველოს ხელისუფლების და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ ერთ კონკრეტულ ქვეყანას ასეთი დიდი პროცესის წინააღმდეგ ბრძოლა გაუჭირდება და ამ მხრივ გამოითქმის მოსაზრება, რომ საუკეთესო პრევენცია  ადგილზე, იგივე სირიასა და ერაყში იქნება ISIS-ის სამოქმედო არეალის შევიწროება, რათა გლობალური ქსელის ჩამოყალიბებისთვის, კავკასია იქნება ეს თუ სხვა წერტილი, რესურსი აღარ დარჩეთ…

 

ბუნებრივია, დღევანდელი მდგომარეობა ადგილზე მოითხოვს გარკვეულ მოქმედებებს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამის გაკეთება იქ ძალიან რთულია. სხვადასხვა მონაცემით, ისლამური სახელმწიფოს რიგებში 30 ათასი ადამიანი იბრძვის, მაგრამ “ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მილიონობით ადამიანი მათ უთანაგრძნობს. ასე არ არის, რომ 30 ათასი ადამიანი იქ დადგა, იარაღის საშუალებით აკონტროლებს და ყველა ჩუმად, შეშინებულია… იქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ამ პოზიციას უთანაგრძნობენ და ასეთები ცოტანი არ არიან. შესაბამიასდ, სხვადასხვა კოალიციური მოქმედებით ერთი კონკრეტული ორგანიზაციის დამარცხება შესაძლებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ პრობლემა მოგვარდება, რადგან ამას თავისი საფუძველი აქვს. ეს საფუძველი კარგად ნაკვლევი ჯერ არ არის, ჩვენ არ ვიცით ამ სივრცეში რა ხდება და მხოლოდ ჩვენი შთაბეჭდილებების მიხედვით ვმსჯელობთ. თუმცა, ბუნებრივია, ამ ორგანიზაციასთან ბრძოლა საჭიროა და ძალისხმევა გასაძლიერებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი