სამართალი

ომბუდსმენი: სახელმწიფომ სპორტის სასახლესთან მომხდარი ტრაგედია თავიდან ვერ აიცილა

7 ივლისი, 2015 • • 957
ომბუდსმენი: სახელმწიფომ სპორტის სასახლესთან მომხდარი ტრაგედია თავიდან ვერ აიცილა

ომბუდსმენი სპორტის სასახლეთან 6 ივლისს შენობის ჩამონგრევასა და 4 მუშის დაღუპვას გამოეხმაურა.

 

“სამწუხაროა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო აღნიშნული მძიმე ტრაგედიის თავიდან აცილება”, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

 

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ შესასწავლია მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების კანონშესაბამისობის საკითხი.

 

ომბუდსმენი აცხადებს, რომ იმის მიუხედავად, რომ სახალხო დამცველი ბოლო წლების განმავლობაში მწვავედ აყენებს ქვეყანაში შრომის ინსპექციის არარსებობის საკითხს, სამწუხაროდ, რეკომენდაცია დღემდე არ არის შესრულებული საქართველოს მთავრობის მხრიდან.

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ისეთი ქმედითი ინსტრუმენტი, რომელიც სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების პრევენციას შეძლებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოში მსგავს შემთხვევებზე რეაგირების ერთადერთი საშუალება სისხლის სამართლის წესით საქმის გამოძიებაა, რაც არ არის საკმარისი.

 

სახალხო დამცველი იხსენებს 2015 წელს სხვადასხვა სამუშაოზე დასაქმებული არაერთი მუშის დაღუპვისა თუ დაშავების შესახებ ფაქტებს, რომელთა შესახებ გამოძიება დაწყებულია ხშირად, თუმცა საზოგადოება არ არის საკმარისად ინფორმირებული მისი შედეგების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი