ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 5.5%-მდე გაზარდა

1 ივლისი, 2015 • • 1296
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 5.5%-მდე გაზარდა

მონეტარული პოლიტიკის გადაწვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით გაიზარდა ინფლაციის მოლოდინები და საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი შიდა და გარე რისკები.


არსებული პროგნოზის შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცენტო განაკვეთის ეტაპობრივ ზრდას 2015 წლის ბოლოს 6.5 პროცენტამდე, ნათქვამია კომიტეტის სხდომის შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში.


საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ შიდა მოთხოვნა კვლავ შესუსტებული რჩება. მოთხოვნის გაჯანსაღებას დამატებით აფერხებს ბოლო თვეების განმავლობაში დაკრედიტების შენელება. მოთხოვნის სისუსტეზე მიუთითებს ასევე იმპორტის მნიშვნელოვანი კლება. წინასწარი ინფორმაციით, მაისში ეკონომიკური აქტივობის ზრდა 2.1 პროცენტს შეადგენს.


„ბოლო თვეების განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება. საწვავზე ფასების წლიური კლება ნაწილობრივ აბალანსებს ინფლაციის მაჩვენებლის ზრდას. ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ნეგატიური ეკონომიკური ტენდენციები განაგრძობს უარყოფითი გავლენის გადმოცემას საქართველოს ეკონომიკაზე. შემცირებულია საქონლის ექსპორტი და ფულადი გზავნილები. ტურისტული შემოდინებების ზრდის ტემპი დაბალია. ასევე, ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე ზეწოლა ზრდის გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს, ასუსტებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ეფექტიანობას და ხელს უწყობს ინფლაციის მოლოდინის ზრდას. გაცვლითი კურსის არსებული ცვლილება აისახა იმპორტის მოთხოვნაზე, რაც, თავის მხრივ, საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას უზრუნველყოფს. მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს 2015 წლის მეორე ნახევარში მიაღწევს“, -ნათქვამია პრესრელიზში.

 

იქვე მითითებულია, რომ მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე.

 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 12 აგვისტოს გაიმართება.

 

2015 წლის  11 თებერვალს ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა

 

მარტში და აპრილში ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა. 

 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი