ახალი ამბები

NGO-ები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთების პრობლემაზე საუბრობენ

27 ივნისი, 2015 • 1138
NGO-ები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთების პრობლემაზე საუბრობენ

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, დადებითი ცვლილებების მიუხედავად, საბჭოს საქმიანობაში კვლავ შეინიშნება მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც ერთი მხრივ, გამოწვეულია საკანონმდებლო ხარვეზებით და მეორე მხრივ, საბჭოს მიერ მოქმედი საკანონმდებლო ნორმების არასწორი განმარტებებით.

 

“მთავარ გამოწვევად და პრობლემად რჩება ის, რომ საბჭოს გადაწყვეტილებები არ არის დასაბუთებული. ვკითხულობთ საბჭოს გადაწყვეტილებებს და შეუძლებელია იმის გაგება, რა დისკუსიაზე, რა ინფორმაციაზე, რა არგუმენტებზე დაყრდნობით იქნა მიღებული ესა თუ ის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება,”– ამბობს საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი “რუსთავი 2–ის” ეთერში.

 
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ ასეთ შემთხვევაში რთულია შეფასდეს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის, ასევე დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები:
 
 
“მიუხედავად რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა, კვლავ არ არსებობს საბჭოს გადაწყვეტილებების მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის, მივლინების, დისციპლინური სამართალწარმოების თუ სხვა საკითხებზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის შეფასებას. საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულება. საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის შეფასება არც საბჭოს სხდომის ოქმებით ან სხდომაზე გამართული დისკუსიით იყო შესაძლებელი. აღნიშნული პრობლემა არც საბჭოს მიერ კარგი პრაქტიკის დამკვიდრებით ყოფილა აღმოფხვრილი,”– წერია განცხადებაში.
 

გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობის პრობლემის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების აგნარიშში სხვა ხარვეზებიც არის გამოყოფილი. კერძოდ, მათი განცხადებით, არ არის განსაზღვრული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებისა და მათ მიმართ სასამართლო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა; კვლავ პრობლემურად რჩება საბჭოს სხდომების მასმედიის საშუალებით გაშუქების საკითხიც და დაფიქსირდა შემთხვევები, როცა საბჭომ არ გასცა გარკვეული საჯარო ინფორმაცია.  

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია. ფოტო – საია. 27.06.2015
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია. ფოტო – საია. 27.06.2015

 

 
რაც შეეხება ამ პერიოდის განმავლობში მომხდარ დადებით ცვლილებებს, არასამთავრობოების განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკონკრეტდა და უფრო ნათელი გახდა საბჭოს საქმიანობის ცალკეული მიმართულებების მარეგულირებელი კანონმდებლობა; გაიზარდა საბჭოს საქმიანობის საჯაროობის ხარისხი; მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებს ნაკლები პრობლემები ექმნებოდათ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის კუთხით; ასევე, გაუმჯობესდა საბჭოს სხდომებზე საბჭოს წევრების აქტიურობის ხარისხი სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობისას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია. ფოტო – საია. 27.06.2015
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია. ფოტო – საია. 27.06.2015

გავრცელებული განცხადების თანახმად, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კვლავ გააგრძელებს საბჭოს მონიტორინგს.   

მასალების გადაბეჭდვის წესი