ახალი ამბები

ზოოპარკში სტიქიის შედეგად მოკლული და ცოცხალი მტაცებლები, 1 ვეფხვს და 1 აფთარს კი ეძებენ

17 ივნისი, 2015 • • 1609
ზოოპარკში სტიქიის შედეგად მოკლული და ცოცხალი მტაცებლები, 1 ვეფხვს და 1 აფთარს კი ეძებენ

ზოოპარკის მენეჯერმა მარიამ კურტანიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ 14 ლომიდან, სტიქიის შედეგად, დაიღუპა 3, მოკლეს 6 და ცოცხლად გადარჩა 5; შვიდი ვეფხვიდან მოკლულია ექვსი და ეძებენ ერთს; დაღუპულია სამივე იაგუარი; 13 მგლიდან დაღუპულია 4, მოკლულია 7 და ცოცხალია 2; დაღუპულია ოთხივე მელა; ცოცხლად გადარჩა ორივე ტურა; ზოოპარკში ჰყავდა 4 აფთარი, აქედან 1 დაიღუპა, 2 მოკლულია და ერთს ეძებენ; 13 დათვიდან 8 დაიღუპა, 2 მოკლეს და 3 ცოცხალია.

 

ცოცხლად გადარჩენილი მტაცებლები ისევ ზოოპარკში იმყოფებიან. 


თბილისის მერის ეკოლოგიის სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, მერიისა და და შსს-სამსახურები ქალაქში ეძებენ ცხოველებს.


“მანამდე, ვიდრე არ მოხდება შლამის მთლიანად გაწმენდა, შეუძლებელი იყო 100%-იანი იდენტიფიცირება, 100%-იანი გარანტიით თქმა იმისა, რამდენი ცხოველის ლეში იყო შიგნით და რამდენი ითვლებოდა დაკარგულად. დღეის მდგომარეობით, ამ წუთის მდგომარეობით, აკლია 1 ვეფხვის და 1 ზოლებიანი აფთრის ლეში. როგოც ზოოპარკის თანამშრომლები გვარწმუნებენ, დანარჩენი ყველა არის ნაპოვნი და აღრიცხულია. ამ წუთშიც ასუფთავებენ, შეიძლება იქ შლამის ქვეშ იყოს, შეიძლება არ იყოს და გაქცეულია. მე გუშინწინ როცა ვიყავი აქ, გუშინაც როცა ვიყავი აქ და ვისაუბრეთ, დიდი ვარაუდი იყო გამოთქმული იმის, რომ სიტყვიერად, დოკუმენტურად დადასტურებული არ გადმოუციათ, მაგრამ დიდი ვარაუდი იყო გამოთქმული იმის, რომ მიშლამული იყო ჩამონადენში,” – განაცხადა გიორგობიანმა.


შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაიტბორა ზოოპარკი, დაიღუპა სამი თანამშრომელი და დაიხრჩო ცხოველების ნაწილი, ნაწილი კი ზოოპარკიდან გაიქცა. გუშინ ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ეძებდნენ ერთ ზოლიან აფთარს, ერთ ვეფხვს და ერთ დათვს. თუმცა დღეს ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ვეფხვი დაესხა თავს ადამიანს, რომელიც გარდაიცვალა. ამის შემდეგ მოხდა ამ ვეფხვის ლიკვიდაცია, თუმცა, როგორც ირკვევა, ზოოპარკიდან დაკარგულია კიდევ ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი