ხელოვნება

დავიწყებული ნივთები კივიან: გამომიყენე!

11 ივნისი, 2015 • • 1420
დავიწყებული ნივთები კივიან: გამომიყენე!

ერთი შეხედვით გაურკვეველი დანიშნულების კონსტრუქცია, რომელიც ასობით ძველი და გამოუყენებადი ნივთითაა სავსე, ავტორის თქმით, განსხვავებული იდეის მატარებელია.

 

რობერტ კუშმიროვსკის ინსტალაცია
რობერტ კუშმიროვსკის ინსტალაცია ‘ხელოვნების საორთქლე კოშკები’

“ეს არის მოუწესრიგებლობა, რომელიც რეალურად ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ნივთების იდილიაა. ერთი შეხედვით ინსტალაცია საწყობს მოგაგონებთ, თუმცა ნივთები დახარისხებულია ფერის, ზომის, ისტორიების მიხედვით. გამოუყენებადი ნივთები, რომლებიც აღარავის სჭირდება, ახლა ერთად ყველა დამთვალიერებელს თითქოს განწირული ხმით უკივის: გამომიყენე!”- გვიყვება რობერტ კუშმიროვი.

 

ორ რიგად ჩამწკრივებულ ხის ვიწრო საკნებში ძველ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ტანსაცმელს, წიგნებს, საექიმო ნივთებსა და ხის ყუთებს შორის უძველესი ნივთი მე-18 საუკუნიდანაა. ინსტალაციის ავტორი ნივთებს 12  წელია აგროვებს. ის ამბობს, რომ ძიების პროცესი ჯერაც არაა დასრულებული და კოშკებს ექსპონატები წლიდან წლამდე კიდევ შეემატება.

რობერტ კუშმიროვსკის ინსტალაცია
რობერტ კუშმიროვსკის ინსტალაცია ‘ხელოვნების საორთქლე კოშკები’

 

ძველად საორთქლე კოშკები ხის კონსტრუქციები იყო, რომლებსაც სუფრის მარილის წარმოებისას მარილხსნარში მარილის კონცენტრაციის გასაზრდელად იყენებდნენ. დროთა განმავლობაში, კონსტრუქციების გარშემო ჰაერი მარილხსნარის აეროზოლით გაჯერდა და სამკურნალო მიკროკლიმატი ჩამოყალიბდა. ამიტომ კოშკების გამოყენება გამაჯანსაღებელი პროცედურებისათვის დაიწყეს.

 

“ჩემი მიტოვებული ნივთები ახალ სიცოცხლეს იძენენ და გადიან რეაბილიტაციას, ერთგვარ გამაჯანსაღებელ პროცედურებს,”- ამბობს კუშმიროვი.

რობერტ კუშმიროვსკის ინსტალაცია
რობერტ კუშმიროვსკის ინსტალაცია ‘ხელოვნების საორთქლე კოშკები’

 

რობერტ კუშმიროვი ლუბლინში ცხოვრობს. დაინტერესებულია ისტორიით და მოგზაურობს პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში. ხელოვანი მოგზაურობისას ძველ ნივთებს ეძებს. ამბობს, რომ განსაკუთრებით მოხუცებთან საუბარი მოსწონს, რადგან ასაკოვანი ადამიანები ყოველთვის საინტერესო ისტორიების პოვნაში ეხმარებიან. თბილისი მესამე ქალაქია, სადაც მისი ინსტალაცია გამოიფინა. თბილისიდან “საორთქლე კოშკები” უკრაინაში გაემგზავრება. 

 

ინსტალაცია თბილისში ქალაქ ლუბლინისა და თბილისის კულტურული თანამშრომლობის შედეგად, ფესტივალის “არტიერიში” ფარგლებში ჩამოიტანეს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალის პროგრამა ეხმიანება თბილისის პრობლემებსა და საჭიროებებს. მათ შორის ურბანულ სივრცესთან დაკავშირებულ საკითხებს.

რობერტ კუშმიროვსკის ინსტალაცია
რობერტ კუშმიროვსკის ინსტალაცია ‘ხელოვნების საორთქლე კოშკები’

 

ფესტივალის ფარგლებში, 5-დან 17 ივნისის ჩათვლით დაგეგმილია ვორქშოფები და პრეზენტაციები. როგორც ორგანიზატორები ამბობენ. პოლონური თანამედროვე ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები პარკებში, ქუჩებსა და ეზოებში წარდგება, რაც მიზნად ისახავს იმას, რომ ხელოვნება ფართოდ გაავრცელოს და უფრო თვალსაჩინო გახადოს მათთვის, ვინც გამოფენებისა და სახელოვნებო ინსტალაციების დამთვალიერებლებს აქამდე ნაკლებად მიეკუთვნებოდნენ.

 

ინსტალაციის გახსნის ცერემონიას ლუბლინის მერის მოადგილე და საქართველოში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ფესტივალს ფინანსურ მხარდაჭერას “პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრის ფონდი“ უწევს.

რობერტ კუშმიროვსკი, პოლონელი ხელოვანი
რობერტ კუშმიროვსკი, პოლონელი ხელოვანი

მასალების გადაბეჭდვის წესი